სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის. არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ, სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ამ დრომდე არ გამოიძია.
23 იანვარს ახმეტაში პოლიციის თანამშრომლებმა მამა – შვილი გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი დააკავეს. „სოკარ ჯორჯიას“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალიდან ჩანს, რომ მიწაზე პირქვე დაგდებულ ასლან წუწაშვილს, რომელსაც ზურგსუკან ხელებზე ბორკილები ადევს, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილეც მივიდნენ.