18:00 საათისთვის, პანკისის ხეობის 5 უბანზე, 4843 ამომრჩევლიდან 1399 ადამიანი მივიდა. პანკისის სათემო რადიო, ხუთივე საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს დაუკავშირდა, რომელთა მონაცემების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა ასე გადანაწილდა: ჯოყოლოს N23 უბანი - 306, დუისის N5 უბანი - 301, დუისის N26 უბანი - 367, ომალოს N24 უბანი - 253 და ქვემო ხალაწნის N8 უბანზე 172 ამომრჩეველი.
პანკისის ხეობაში, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.9% იყო და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.
20:00 საათისთვის, მე-10 მაჟორიტარულ ოლქში 154 საარჩევნო უბანი დაიხურება, სადაც 153 576 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები არიან რეგისტრირებულნი. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს, თელავის N1 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.