• სახელმწიფოს შეუძლია მოსთხოვოს უნივერსიტეტებს – ჯანაშია პანდემიისას სტუდენტების დახმარებაზე

    კვირა, 10 იანვარი 2021 23:37 view 2075
    სახელმწიფოს შეუძლია მოსთხოვოს უნივერსიტეტებს – ჯანაშია პანდემიისას სტუდენტების დახმარებაზე

    რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და რისი გაკეთებაა შესაძლებელი სტუდენტთა სოციალური დაფინანსების მხრივ – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „რადიოკაფე“ განათლების სპეციალისტმა, სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.

    კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ დისკუსიები ძირითადად ეხება ხოლმე სასკოლო განათლების გამოწვევებს და ამ პროცესის მიღმა სრულად დარჩენილია სტუდენტების გამოწვევები. თქვენ როგორ აფასებთ ამ საკითხს?

    – სტუდენტების გამოწვევები მსგავსია, თუ სკოლებს თუ შევადარებთ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა უფრო მარტივად შეძლეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ცხადია, დისტანციური სწავლება სტუდენტებისთვის პრობლემა გახდა რამდენიმე რამის გამო: ერთი არის ის, რომ სტუდენტების რაღაც ნაწილი, რომელიც სწავლის საფასურს თვითონ იხდის და დამატებით ხარჯებსაც თავად ანაზღაურებს (რაც ეხება ცხოვრების ხარჯებს, კვების ხარჯებს და ა.შ.), ეს ხარჯები კიდევ უფრო რთული გახდა დასაფარად იმიტომ, რომ ეკონომიკური კრიზისია - ზოგმა სამსახური დაკარგა, დაიკეტა ობიექტები, სადაც ისინი მუშაობდნენ - მაგალითად, ეს შეიძლება ყოფილიყო სერვისის სფერო, ტურიზმი, რესტორნები, კაფეები, სადაც უფრო მეტად ახალგაზრდობა მუშაობს.

    დისტანციურმა სწავლებამ ცალკე პრობლემა გააჩინა იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტების ნაწილი დაბრუნდა მშობლებთან, მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც მაინცდამაინც ხარისხიანი ინტერნეტი არ არის, უჭირთ დისტანციურად სწავლის გაგრძელება. პირველ კურსელებისთვის დისტანციური სწავლება ცალკე პრობლემაა იმიტომ, რომ უმაღლესში სწავლის გამოცდილება მათ არ ჰქონდათ და სოციალიზაციის კუთხითაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რადგან სტუდენტები ერთმანეთს ფიზიკურად ვერ ხვდებიან.

    ცხადია, პედაგოგიური პრობლემები უმაღლესშიც არის იმ თვალსაზრისით, რომ არც პროფესურამ და არც ადმინისტრაციამ კარგად არ იცის, როგორ უნდა გამოიყენონ დისტანციური სწავლების ფორმატი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად აამაღლონ სტუდენტების კომპეტენციები. ამიტომაც, უმაღლესი სასწავლებლები უშვენებ იგივე შეცდომას, რასაც სკოლები: ცდილობენ, დისტანციური სწავლება ძირითადად სინქრონული შეხვედრებისთვის გამოიყენონ, როდესაც რაღაც ონლაინ-გაკვეთილებზე თუ ლექციებზე ერთად სხედან პროფესურა და სტუდენტები უსმენენ, ან გამოიყენონ უბრალოდ ჩანაწერი.  ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა მეთოდი, სხვა მიდგომა არსებობს, რომელიც უფრო ეფექტურია, როდესაც, მაგალითად, სტუდენტებს ისეთ დავალებებს აძლევენ, რომელიც მათ შეუძლიათ შეასრულონ, როცა მათთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი - დისკუსიები ინტერნეტში ან პრეზენტაციების გაკეთება და ატვირთვა, საწერი დავალებები და სხვა. ისე რომ, ეს პრობლემები არის: ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური, პედაგოგიური და სოციალიზაციის პრობლემები. 

    – ბოლო მონაცემებით, 75 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათ შორის ის სტუდენტებიც არიან, ვინც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ და რეგიონებში დაბრუნდნენ, ვისმა ოჯახებმაც შემოსავალი დაკარგეს და ვერ იხდიან სწავლის საფასურს. უნივერსიტეტებს, რომლებსაც სტუდენტები გადასახადს უხდიან სხვადასხვა (მათ შორის ადმინისტრაციული) სერვისებისთვის, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ ხარჯები უმცირდებათ. ბოლო პერიოდში სტუდენტთა გაერთიანებები სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნით გამოდიან. რას აკეთებენ უნივერსიტეტები და რა უნდა იყოს ამ დროს მათი გადაწყვეტილება?

    – ამ თვალსაზრისით ჩვენთან მთავრი პრობლემა არის ის, რომ, ზოგადად, უმაღლესი განათლების სისტემა არის მოწყობილი როგორც მომგებიანი ბიზნესი. ეს ეხება არა მხოლოდ კერძო, არამედ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ უნივერსიტეტებსაც, სადაც მოგების ძირითადი წყარო სტუდენტისგან შემოსული გადასახადია.

    იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებს აქვთ პრობლემა, სასწავლებლებსაც გაუჩნდათ შემოსავლის პრობლემა. განსაკუთრებით პატარა უნივერსიტეტები ცდილობენ გადარჩენას. რამდენად აქვთ მათ შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს გაუნახევრონ ან შეუმცირონ სწავლის გადასახადები, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პრობლემა არის ზოგადად ის, რომ ეს წელი უნივერსიტეტებს გათვლილი ჰქონდათ მეტ შემოსავალზე და ეს შემოსავალი შეუმცირდათ იმის გამო, რომ სტატუსი აქვს შეჩერებული ბევრ სტუდენტს, შესაბამისად, არ იხდის გადასახადს. ამიტომ, ერთ-ერთი პრობლემა ეს არის. ეს მერე აჩენს ჯაჭვურ რეაქციას, რომ პროფესორებს უჩნდებათ პრობლემა, უფრო დაუცველები ხდებიან, იწყებენ სხვა უნივერსიტეტებში სხვა სამსახურების ძებნას, შემდეგ ეს აისახება ხარისხზე.

    არ ჩანს უნივერსიტეტების რამე საერთო მიდგომა, რაიმე სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც წაახალისებდა უნივერსიტეტებს, რომ სტუდენტებს გადაუვადონ ან შეუმცირონ გადასახადები, ან გაუხანგრძლივონ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ.

    მაგალითად, ამ დროს შესაძლებელია სავალდებულო კრედიტების შემცირება - სტუდენტმა ყველა კურსი კი არ აიღოს, რისი ვალდებულებაც ჰქონდა, არამედ აეღო ერთი ან ორი კურსი და შესაბამისად, გაახანგრძლივოს სწავლა. ასეთი პოლიტიკა არ ჩანს. უნივერსიტეტები რამდენად წავლენ ამ დათმობაზე, ცხადია, ხელმძღვანელების და სტუდენტების შეთანხმების საკითხია, მაგრამ მე მგონია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ეხმარებოდეს სტუდენტებს ასეთ შემთხვევებში.

    მთავრობის ორ ანტიკრიზისულ გეგმაში საერთოდ არ არის შეტანილი განათლების საკითხი, ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ცალკე სასწავლებლების კეთილ ნებაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, სახელმწიფოს პოლიტიკა როგორი უნდა იყოს?

    – სახელმწიფოს შეუძლია მოსთხოვოს უნივერსიტეტებს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს სახელმწიფოს ფული, რომელსაც ის იღებს სტუდენტების გრანტების, კვლევითი გრანტები და ა.შ. მეშვეობით. სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ მოსთხოვოს უნივერსიტეტებს, შეუძლია პირობები დააწესოს იმისთვის, რომ სახელმწიფო ფულის განკარგვის უფლება ჰქონდეს უნივერსიტეტს.

    მეორე, რასაც არ აკეთებს სახელმწიფო... ახლა სწრაფად ამის გაკეთება რთულია, მაგრამ, ზოგადად,

    სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს არამომგებიანი კერძო სექტორის განვითარებას. ჩვენთან ძალიან ცოტაა ის უნივერსიტეტი, რომელიც არ მუშაობს მფლობელის ან აქციონერის მოგებაზე. უნივერსიტეტი რომ იყოს არამომგებიანი, მაშინ სტუდენტისთვისაც გასაგები იქნებოდა, რომ მის მიერ გადახდილი ფული ვიღაცის ბიზნესში კი არ მიდის, რომელიც მის პირად კეთილდღეობას ხმარდება, არამედ თავად უნივერსიტეტის განვითარებას ხმარდება.

    ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტებსაც ექნებოდათ მეტი შემოსავალი, რომელსაც განკარგავდნენ ასეთი სოციალური პროგრამებისთვის. ესეც პრობლემაა, რომ სახელმწიფო ამას არ აკეთებს. სახელმწიფოს, მაგალითად, რომ ეთქვა, რომ მისი ფული შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ არამომგებიან სექტორში, დაფიქრდებოდნენ უნივერსიტეტების მფლობელები, უნდათ თუ არა, რომ მომგებიანი პრინციპით იმუშაონ.

    ასევე, სახელმწიფოს შეუძლია, რომ სოციალური დაფინანსების ცალკე პროგრამა გააკეთოს. მაგალითად, ჩვენთან გამოცდების ფორმატი წელს რელურად არც შეცვლილა მაშინ, როდესაც უკვე გაზაფხულზე ცნობილი იყო, რომ ეს კრიზისი დაწყებული იყო და ბევრს შეეხებოდა. რა იგულისხმება ამაში: დღევანდელი გრანტების განაწილების სისტემა არის ძირითადად მიღწევაზე დაფუძნებული და არა საჭიროებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შენ თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები გაქვს, ამ შემთხვევაში ფინანსდები. ხალხი, ვინც ფინანსდება, ძირითადად ის ხალხია, ვისაც ყველაზე ნაკლებად უდგას ამის საჭიროება, იმიტომ, რომ ეს არის ის ხალხი, ვისაც უკეთესი წინაპირობები ჰქონდა უკეთეს სკოლაში დადიოდა, უკეთეს რეპეტიტორთან დადიოდა, ვისაც განათლებაში ინვესტიციის გაკეთების საშუალება ჰქონდა, ანუ თუ ოჯახი წინასწარ, 12 წლის განმავლობაში ბევრს ხარჯავს სკოლაში, მაშინ ის სახელმწიფოსგან მეტს იღებს განათლების დაფინანსების თვალსაზრისით.

    ჩემი აზრით, ეს ბალანსი უნდა შეცვლილიყო ამ პერიოდში და უფრო მეტად უნდა გადასულიყო საჭიროებაზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე.

    მაგალითად, შეიძლებოდა განსაზღვრა, როგორი სოციალური პირობებიდან უფრო მეტად დააფინანსებდნენ - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შეწონვა შეიძლება ხდებოდეს იქიდან გამომდინარე, მაგალითად, აბიტურიენტს სოფლის სკოლა აქვს დამთავრებული თუ ქალაქის, დასაქმებულები არიან თუ არ არიან, შემწეობას იღებენ თუ არ იღებენ. ეს არ ყოფილა გათვალისწინებული და ჩემი აზრით, ეს არის ცალკე პრობლემა.

    ამის გარდა, ცალკე ფონდი შეიძლება დაარსდეს, რომელიც დაეხმარებოდა სტუდენტებს რომლებმაც ვერ მიიღეს გრანტი და ის გარკვეული პირობების დაკმაყოფილების ხარჯზე მიიღონ - ვთქვათ, ერთი წლით მიეღოთ და არა ოთხით. ამ უნივერსიტეტებსაც, შესაძლოა, ასეთ შემთხვევებში წაუყენო პირობები, მაგალითად, რომელსაც ექნება შიდა სოციალური პროგრამა, რამდენსაც დადებს უნივერსიტეტი, იმდენს დაუფინანსებს სახელმწიფო. შეიძლება თანადაფინანსების პრინციპებით წაახალისო უნივერსიტეტი, რომ შიდა პროგრამები ჰქონდეს. ასეთ დროს, უნივერსიტეტებს აწყობთ ხოლმე ასეთი პირობები, რადგან ეს არის სტაბილური დაფინანსება სახელმწიფოსგან და არა სტუდენტისგან, რომელსაც შეიძლება გაუჩნდეს პრობლემა.

    – ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, რა არის თქვენი, როგოც განათლების ექსპერტის მთავარი რეკომენდაცია ხელისუფლებისთვის, რომ ყველა სოციალური ჯგუფის სტუდენტისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს შეღავათები?

    ხელისუფლება უნდა შეეცადოს, რომ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკების გზით შექმნას პროგრამები, რომელიც, ერთის მხრივ, უნივერსიტეტებს მისცემს სტაბილურობის ვითარების შექმნის შესაძლებლობებს, რომ ისინი აღარ იყვნენ დამოკიდებული სტუდენტების შემოსავლებზე (ამის მსგავსია ე.წ. უფასო ფაკულტეტების პროგრამები, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ უნივერსიტეტს აფინანსებს გარკვეული) და მეორე, უნდა დაიწყოს პირდაპირ სტუდენტებთან მუშაობა იმისთვის, რომ გაჩნდეს ფონდი, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტს, ამ ფონდისგან მოიპოვოს სტიპენდია ან გრანტი. გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ გააჩინოს არამომგებიანი სექტორი, რომ უნივერსიტეტების შემოსავლების პრაქტიკულად 100-ვე პროცენტი ხმარდებოდეს განათლებას და ამ განათლების შესაძლებლობების განვითარებას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]