• 1 მარტიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მუშაობა განახლდება

    ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 18:59 view 1821
    1 მარტიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მუშაობა განახლდება

    პირველი მარტიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის 36 საბავშვო ბაღიდან მუშაობას 34 განაახლებს. ამის შესახებ, პანკისის სათემო რადიოს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ბაღების ცენტრის“ დირექტორმა, ქეთევან მარჩილაშვილმა განუცხადა.

    „მატნის მეორე საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შემდეგ დენის ქურის შესაძენად ტენდერს გამოვაცხადებთ. ამ ბაღის გახსნა ორი კვირით გადაიდება. შუა ხალაწნის ბაღმა კი ვერ დააკმაყოფილა სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. ბაღი კერძო სახლში მდებარეობს და უცნობია როდის გაიხსნება ან გაიხსნება თუ არა საერთოდ, რადგან ბინის მეპატრონეს შენობის გარემონტება არ სურს“, – აღნიშნა ქეთევან მარჩილაშვილმა.

    შუა ხალაწანის ბაღში ბავშვები სამი სოფლიდან დადიოდნენ: შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი და ზემო ხალაწანი. როგორც ქეთევან მარჩილაშვილი აცხადებს, ბაღების გაერთიანებამ მშობლებს ალტერნატივის სახით ბავშვების დუმასტურის ბაღში ტარება შესთავაზეს, რა დროსაც პატარების ტრანსპორტით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ, თუმცა უარი მიიღეს.

    შუა ხალაწანში ახალი საბავშვო ბაღის 2021 წელს აშენების შესაძლებლობაზე მიმდინარე წლის იანვარში, გადაცემა „ფოკუსში“ საბავშვო ბაღების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მარეხ მამულაშვილმა ისაუბრა. რადიო „ვეიმ“ ეს ინფორმაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ვაჟა ნასყიდაშვილთან გადაამოწმა, რომლის თქმითაც, „2021 წელს შუა ხალაწანში ახალი საბავშვო ბაღი არ აშენდება“.

    1 მარტიდან, სასწავლო პროცესი განახლდება აწყურის საბავშვო ბაღში, რომელიც ასევე კერძო მესაკუთრის ბინაშია განთავსებული. „კოვიდ პანდემიის პირობებში არსებულ ყველა რეგულაციას ვაკმაყოფილებთ. ადრე საიზოლაციო ოთახი არ გვქონდა და ახლა ესეც გვაქვს“, – ამბობს აწყურის საბავშვო ბაღის დირექტორი ეკატერინე წითელაური.

    ქეთევან მარჩილაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ იცის, როგორ მოხდება კორონავირუსზე საბავშვო ბაღების თანამშრომლების ტესტირება. ამ საკითხზე კონსულტაციები კახეთი გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

    სოფელ ჯოყოლოს ბაღის დირექტორი ბელა მუთოშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის მასწავლებლები მონაწილეობენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 3-დღიან ტრენინგებში, რომელიც რეგულაციების სტანდარტებს და პანდემიის პირობებში უსაფრთხო გარემოს მოწყობას შეეხება.

    კოვიდ რეგულაციების თანახმად, საბავშვო ბაღებში უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი. მშობლებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ. საბავშვო ბაღის თანამშრომლები ბავშვებს ტემპერატურას ბაღის შენობაში შესვლამდე გაუზომავენ. იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელებს სიცხე დღის განმავლობაში დაუფიქსირდებათ, მათ საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ, ამის შესახებ მშობელს აცნობებენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელ ხაზზე დარეკავენ.

    თერმო სქრინინგი საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელსაც ჩაუტარდება. მათ მოეთხოვებათ პირბადეებისა და სპეციალური ტანსაცმლის ტარება. საბავშვო ბაღების დირექტორების თქმით, სადეზინფექციო ხსნარებით მომარაგებულნი არიან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]