• არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს

    ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 2016 13:22 view 8424
    არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს

    პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ, გადახედოს სოციალური დახმარების დანიშვნის პოლიტიკას

    არასამთავრობო ორგანიზაცია "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი" რამდენიმე წელია პანკისის ხეობაში აქტიურად მუშაობს. ორგანიზაცია პროფესიული უნარების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების გარდა, მცირე მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტებსაც ახორციელებს. ფონდის დირექტორი იზა ბექაური ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ამგვარ პროგრამებში მონაწილეობის სურვილი. მისივე თქმით, მოსახლეობის აქტივობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარებაა.

    "ახმეტის რაიონში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობით პანკისის ხეობა პირველ ადგილზეა, რასაც მე არ ვეთანხმები. გაზარმაცდა ხალხი. რომ გინდოდეს მუშა დაიქირავო და დღეში 25 ლარი გადაუხადო, არ მოდის იმიტომ, რომ სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სამუშაო რომ შესთავაზო ორგანიზაციაში, უარს ამბობს, დახმარებას მომიხსნიანო. რამდენიმე ასეთი შემთხვევა გვქონდა", - აღნიშნავს იზა ბექაური.

    მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პანკისიდან ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში" ათობით ახალგაზრდის წასვლის გამო, ხეობის მიმართ როგორც სახელწიფოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება გაიზარდა.  

    "უამრავი ფონდია, რომლებიც სოფლის მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით პანკისის ხეობაში მხარდაჭერას სთავაზობენ მცირე ბიზნესის დაწყების ან განვითარების მიზნით. სახელმწიფოც ახორციელებს ამგვარ პროგრამებს. მოსახლეობას აქვს შანსი, რომ იმუშაონ და განვითარდნენ, მაგრამ არ უნდათ. პანკისის მოსახლეობას ახლა მეტი შანსები აქვს. პანკისის ყველა სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს, მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობენ და შესაძლებლობა აქვთ, რომ დახმარებაზე აღარ იყვნენ დამოკიდებულები, მაგრამ უარს ამბობენ მცირე ბიზნესის დაწყების და განვითარების პროგრამებში მონაწილეობაზე. სოციალური დახმარება უნდა იყო მკაცრად გაკონტროლებული. როცა ოჯახში არიან ჯანმრთელი ახალგაზრდები, მათ აქვთ საშუალება რომ იმუშაონ და შემოსავალი მიიღონ, რატომ უნდა ჰქონდეთ სოციალური დახმარება? მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიერ გადასახედია ეს საკითხი. მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარებები უარყოფითად მოქმედებს პანკისის და პანკისელების განვითარებაზე. ხალხი აღარ მუშაობს, აღარ ცდილობენ, დამოკიდებულები არიან დახმარებაზე. არანაირად აღარ უნდათ არაფერში ჩართულობა, აღარ არიან აქტიურები", - ამბობს იზა ბექაური.

    მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება რომ ხეობის და მოსახლეობის განვითარებაზე უარყოფითად აისახება, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრშიც" საუბრობენ. "სამოქალაქო აქტივობების ცენტრი" პანკისში ძირითადად ახალგაზრდებისა და ქალების შესაძლებლობების გაზრდის, გააქტიურების მიმართულებით მუშაობს. ცენტრმა ხეობაში სასწავლო ცენტრი და სათემო რადიოც დააფუძნა. ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მას ბოლო 6 თვის განმავლობაში 30-ზე მეტი შემთხვევა ჰქონდა, როცა ახალგაზრდებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეის მომზადება და დაფინანსების მოპოვება შესთავაზა, რაზედაც მათ უარი თქვეს.

    "ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ უყაირათოდ ხარჯავს საბიუჯეტო თანხებს, არამედ მავნე ზეგავლენას ახდენს პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურების და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობებზე, რომელიც მიმართულია პანკისის ხეობაში ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ", - ამბობს გელა მთივლიშვილი.

    შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, დასაქმებას თავს რომ არიდებენ, ამას სოფელ დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი თამარ მარგოშვილიც ადასტურებს.

    "ამ სოფელში ყოველ მეორე ოჯახს აქვს სოციალური დახმარება. არვიცი რა კომპონენტით ენიშნებათ. ეს ნამდვილად ხელს უშლით მათ განვითარებაში. წარმოიდგინეთ, ვერ ვნახე ქალი, რომელიც სოფელში გახსნილ თონეში იმუშავებდა. არ უნდათ მუშაობა იმიტომ, რომ სოციალური დახმარება აქვთ და თუ სადმე მუშაობა დავიწყეთ, ეს დახმარება მოგვეხნებაო", - უთხრა თამარ მარგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    ანსამბლ "პანკისის" ხელმძღვანელი ბელა მუთოშვილი, სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმროსაც ამუშავებს. ბელა იხსენებს, რომ მიმდინარე წელს მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ამხანაგობის შექმნა სურდა, რამდენიმე ოჯახს მცირე ბიზნესში ჩართვა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

    "ვაკეთებდი პროექტს და ვთხოვე ჩემს რამდენიმე ნაცნობს, რომ ამხანაგობაში შემოსულიყვნენ. უარი მითხრეს იმის შიშით, რომ მათ მოუხსნიდნენ დახმარებას. ჩემი აზრით, ამ ოჯახებმა უარი არ უნდა თქვან ასეთ შეთავაზებებზე, რომ რაღაც უფრო სერიოზულს მოკიდონ ხელი და არ დასხდნენ სოციალური დახმარების მოლოდინში თვის ბოლოს", - ამბობს ბელა მუთოშვილი.

    სოფელ დუმასტურში მცხოვრები სეიდ ციხესაშვილიც ფიქრობს, რომ ახალგაზრდების მხრიდან დასაქმების თავის არიდების ძირითადი მიზეზი სოციალური დახმარებაა.

    "არის ხოლმე მომენტები, როცა პატარა საქმე გამოჩნდება და ეშინიათ, იქ მუშაობა რომ დაიწყონ, სოციალური დახმარება არ შეუწყდეთ. ცდილობენ რომ ის დახმარება შეინარჩუნონ, რომ სადმე ქაღალდებში არ მოხვდნენ. მუშაობას გადაეჩვივნენ ახალგაზრდები", - უთხრა პანკისის სათემო რადიოს სეიდ ციხესაშვილმა.

    სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფულად სოციალურ დახმარებას, იგივე საარსებო შემწეობას 8959 პირი იღებს, აქედან 3325 პირი (37%) პანკისის ხეობის სოფლებში.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეფუძნება, ახმეტის მუნიციპალიტეტში 31 461 ადამიანი ცხოვრობს, აქედან პანკისის ხეობის სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა 6 000-ს არ აღემატება (მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 19 %).

    მარინე გუმაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს: "სხვა სოფლებთან შედარებით პანკისის ხეობის სოფლებში სოციალურ დახმარებას უფრო მეტი ოჯახი იღებს იმიტომ, რომ ბევრი ოჯახი მრავალშვილიანია. ჩვენ რასაც ვაფასებთ ახალი მეთოდოლოგიით, ვხედავთ რომ ბავშვიან ოჯახებზე უფრო მეტად ინიშნება დახმარება, პანკისში კი ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია".

    2015 წლის 16 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ პანკისის ხეობა, მაგალითად სოფელი დუისი ზღვის დონიდან მხოლოდ 650 მეტრზეა, კანონში გამონაკლისია დაშვებული და ხეობის ყველა სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოსახლეობა მთელი რიგი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. მათ შორის ბიზნესი გათავისუფლდა საშემოსავლო, ქონების და მოგების გადასახადისგან.

    ისლამ გორგიშვილი | პანკისის სათემო რადიო WAY

    ამ თემაზე: მთავარი თემა - სოციალური დახმარება როგორც დემოტივატორი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]