• საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

    სამშაბათი, 28 მარტი 2017 10:10 view 8234
    საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

    28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მოქალაქეებს ვიზის გარეშე გამგზავრება შეუძლიათ ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

    ევროკავშირის/შენგენის რომელ ქვეყნებშია შესაძლებელი უვიზოდ მოგზაურობა?

    ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

    ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

    ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

    გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს: დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად: საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს. ირლანდიის ვიზის მისაღებად: ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურს ქალაქ სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა).

     

    უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა

    მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.

    ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა. ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

    უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.

    ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.

     

    მოკლევადიანი ვიზიტის მიზნები

    უვიზო მიმოსვლის პირობებში ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით:

    ტურისტული მოგზაურობა;

    ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;

    საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;

    საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;

    მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;

    სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია

    ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

     

    რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს:

    ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე.

    რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს.

    ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგალითად, საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).

    მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:

    • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
    • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
    • სამოგზაურო დაზღვევა;
    • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
    • ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

    კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ.

    ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ: ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა); მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

    სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ: იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში; სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის; მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

     

    რა შემთხვევებში ეთქმება უარი საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე

    თუ ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;

    საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;

    ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;

    არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;

    აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ (შენგენის ერთიანი სისტემა).

     

    რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს ან სხვა კანონმდებლობას?

    საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

    ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები, აგრეთვე, იმ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.)

    90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით;

    ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით;

    ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, ასევე, შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]