• რას ცრუობს პანკისის სალაფიტური თემის იმამი და რატომ ერჩის სათემო რადიოს

    ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 13:23 view 5445
    რას ცრუობს პანკისის სალაფიტური თემის იმამი და რატომ ერჩის სათემო რადიოს

    ვგეგმავდით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პანკისის სათემო რადიოს საქმიანობის 2 წლის ანგარიში ხეობის მოსახლეობისთვის და გულშემატკივრებისთვის სხვაგვარად ჩაგვებარებინა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ ახლა და ამ ფორმით გვესაუბრა რადიოს საქმიანობაზე. მასალა ვრცელია, მაგრამ ვისაც მართლა აინტერესებს რადიოს საქმიანობა, იმედი გვაქვს ბოლომდე წაიკითხავს.

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი - რადიოს WAY-ს მასალა პანკისელების შეურაცხყოფაა

    პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის ბექხან ფარეულიძის განცხადებით, სათემო რადიო WAY-ს მიერ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც პანკისიდან ევროპაში გაქცეული ტრანსგენდერი ქალის ისტორიას ეხება, პანკისის მცხოვრებთა როგორც რელიგიის, ასევე ტრადიციების შეურაცხყოფაა.

    „მასალის უმეტესი და მთავარი ნაწილი არის არასწორ ინფორმაციაზე აგებული და არვიცით, თუ რას ემსახურება ასეთი პროვოკაციული ნაბიჯები რადიოს ხელმძღვანელობის მხრიდან. ამავე მასალაში აღნიშნულია, რომ თითქოს ვინმე იმამთან (ჩემთან) მოიყვანეს ძალით და მე მას „ვმკურნალობდი“. ასეთი სახის მკურნალობის შესახებ მე დღემდე არ გამიგია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

    მიუხედავად იმისა, რომ მასალაში ჩემზეც იყო საუბარი, რადიოს ხელმძღვანელობას აზრადაც არ მოსვლია ჩემთან ამ ფაქტის გადამოწმება, რაც ჩემი აზრით არასწორი იყო.

    ჩვენ ამ გამოცემისგან პირველად არ გვესმის მსგავსი ფაქტები, როცა მსგავსი არასწორი და პროვოკაციული მასალის გამო მთელი ხეობის მოსახლეობა ჩააგდო ცუდ სიტუაციაში.

    ბოლო ასეთი შემთხვევა იყო ეკლესიის დანგრევის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, სადაც პირდაპირ ცილისმწამებლურად ჩვენ გვადებდნენ ხელს, თითქოს ეს ჩვენმა თემმა ჩაიდინა, რამაც პანკისის ხეობის მცხოვრებლები ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანა მეზობლად მცხოვრებ ქართულ მოსახლეობასთან, ჩვენ დიდი ძალისხმევით მოვახერხეთ ამ კონფლიქტის თავიდან არიდება.თუმცა, ჩვენს შორის მაშინ დაწყებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ არ მოგვიგვარებია.

    როგორც ახლა ჩვენს რელიგიურ გრძნობებზე თამაშობენ, ასე ითამაშეს მაშინ ჩვენი მეზობლების რელიგიურ გრძნობებზე და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ისინი დაგვიპირისპირეს. შემდეგ უკვე თითქოს თავიანთი შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, ახალ მასალებს სათაურები შეუცვალეს, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ დაეხმარა არავის.

    ასევე დუისის საზოგადოებრივი ცენტრისთვის გაჩენილი ხანძარი ჩვენ დაგვაბრალეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ. ჩვენ ყველა ამ შემთხვევაზე თავად ვითხოვდით პოლიციისგან, რომ გამოეძიებინათ ეს საქმე, თუმცა დღემდე ამ საქმეზე არაფერი ვიცით.

    რადიო პანკისის ხეობაში არ ემსახურება თემს და ეს თემმა კარგად გაიგო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ხეობის საჭიროებები გააშუქოს, ის ეძებს რაიმე სკანდალს ხეობაში, რაც საერთოდ არ არის ხეობის მოსახლეობის მიზანი, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხეობაში სიტუაცია მშვიდი იყოს.

    ჩვენ მივესალმებით მედიის წარმომადგენლებს – ვინც გადამოწმებულ და სწორ ინფორმაციას წერს, მათ მიმართ დიდი სიმპატიითაც ვართ განწყობილი, თუმცა ასეთი სახით ამ რადიოს არსებობა პანკისის ხეობაში არის ჩვენი ხეობისთვის ძალიან საშიში, არ ვიცით ხვალ რას დაგვაბრალებენ და რა შედეგებს მოუტანს ეს მთლიანად ხეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

     

    რას ცრუობს პანკისის სალაფიტური თემის იმამი

    ბექხან ფარეულიძე არ არის პანკისის ხეობაში მოქმედი ერთადერთი იმამი, ამდენად, გაუგებარია, რატომ მოითხოვს, რომ იმამთან მიმართებაში რესპონდენტის მონათხრობის სიზუსტე მაინცდამაინც მასთან უნდა გადაგვემოწმებინა. მითუფრო, საერთოდ გაუგებარია რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რესპონდენტი „მასთან“ მიიყვანეს ძალით და ის „მკურნალობდა“, როცა ასეთი რამ ბექხან ფარეულიძესთან დაკავშირებით რესპონდენტს არ უთქვამს.

    როგორც პანკისის სათემო რადიომ 14 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, მსხვერპლის მოთხოვნით, მისი ვინაობის კონფიდენციალურობის პირობიდან გამომდინარე, სტატიაში არ არის დასახელებული არც სავარაუდო მოძალადეები, არც თვითმხილველები, არც იმამი, სწორედ იმის გამო, რომ ისეთ პატარა სივრცეში, როგორიც პანკისის ხეობაა, მაქსიმალურად აგვერიდებინა თავიდან მსხვერპლის შესაძლო იდენტიფიცირების რისკები.

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი ცდილობს, რადიო WAY-სთან დაკავშირებით თავისი მკვეთრად ნეგატიური განწყობის გავლენის ქვეშ, რომელსაც რამდენიმე თვეა ღიად გამოხატავს, სულ მცირე სალაფიტური თემის სხვა წევრებიც მოაქციოს. ამ განზრახვით, ის უსაფუძვლოდ გვადანაშაულებს, რომ თითქოს სათემო რადიომ სალაფიტურ თემს დააბრალა პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევა, ასევე სოფელ დუისში კულტურის სახლის გადაწვის მცდელობა, რამაც მეზობლად მცხოვრები ქართველი მოსახლეობის აღელვება და მათთან დაპირისპირება გამოიწვია. ამასთან, ბექხან ფარეულიძის თქმით, სალოცავის დანგრევის შემდეგ, კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსვლას რადიო WAY „ახალი მასალებისთვის სათაურების შეცვლით“ შეეცადა.

    სალაფიტური თემის იმამს არასწორი, სათემო რადიოს დისკრედიტაციისა და დასასუსტებლად გამიზნული ინფორმაციით მანიპულირების შესაძლებლობა რომ არ მივცეთ, მეტი სიცხადისთვის, ქრონოლოგიის მიხედვით განვმარტავთ:

    სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლების დანგრევის შესახებ, პანკისის სათემო რადიომ ინფორმაცია 22 აპრილს გაავრცელა, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტ ელდარ ჭიჭიაშვილზე, პოლიციის სამმართველოდან მიღებულ ინფორმაციაზე და დანაშაულის ადგილას ნანახ ფაქტობრივ მდგომარეობაზე დაყრდნობით. სტატიაში მინიშნებაც კი არ არის არსად, შესაძლო დამნაშავეების შესახებ.

    24 აპრილს, პანკისის სათემო რადიომ გამოაქვეყნა სტატია – „ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პოლიცია იძიებს“. მასალაში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი ახსენებს ახმეტაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პანკისში მცხოვრებ მაყვალა ცისკარიშვილს, ვინც ქრისტიანული სალოცავის აღდგენას ახდენდა, მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ. გამგეობის თანამშრომელმა მუქარის ავტორები ვერ დაასახელა. პანკისის სათემო რადიომ არაერთი მცდელობის შემდეგ მოახერხა და დაუკავშირდა მაყვალა ცისკარიშვილს, რომელმაც მის მიმართ მუქარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ამავე მასალაში გამოქვეყნდა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის, სოფელში გამგებლის წარმომადგენლის, ე.წ. ტრადიციული ისლამის თემის წარმომადგენლების მოსაზრებებიც. რადიო WAY ცდილობდა მომხდართან დაკავშირებით სალაფიტური თემის რომელიმე ლიდერის შეფასების გავრცელებასაც, თუმცა კომენტარი ვერ მივიღეთ, რაც მაშინვე აღინიშნა სტატიაში.

    პანკისის სათემო რადიომ 28 აპრილს ახმეტაში გამართული აქციაც გააშუქა, სადაც 500-მდე ადამიანმა ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან დამნაშავეთა დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვეს. მიმართვას ალავერდის ეპისკოპოსი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც შეუერთდნენ.

    29 აპრილს, პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემ განცხადება წერილობით გაავრცელა და თქვა, რომ „ისლამი საკულტო ნაგებობების დანგრევას კრძალავს“. სათემო რადიომ ფარეულიძის ეს განცხადება როგორც ვებგვერდზე, ასევე ეთერში სრულად გამოაქვეყნა.

    რაც შეეხება სალაფიტური თემის იმამის სპეკულირებას იმაზე, რომ რადიომ მასალებს სათაურები შეუცვალა, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ის გარემოება, რომ ნაგებობა, რომელიც პირველ მასალაში მშენებარე ეკლესიად იყო მოხსენიებული, ხოლო მეორე და შემდგომ მასალებში მშენებარე სალოცავად, განაპირობა იმან, რომ მართალია მას ეკლესიას უწოდებენ ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება, ასევე მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტები, მაგრამ ადგილობრივი ქისტების განცხადებით, ის იყო სალოცავი. ამასთან, ნაგებობას არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამიტომ, აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, რადიომ მასალებში დანგრეული ნაგებობის მოხსენიება სალოცავის სტატუსით გადაწყვიტა.

    2017 წლის 03 იანვარს, დუისის კულტურის სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, ბექხან ფარეულიძე აცხადებს, რომ პანკისის სათემო რადიომ დანაშაული მათ დააბრალა. სინამდვილეში, რადიო WAY-ს მხრიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

    კულტურის სახლში განთავსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“, რომლის ხელმძღვანელმა იზა ბექაურმა სათემო რადიოსთან ინტერვიუში ცეცხლის გაჩენა მისი ორგანიზაციის აქტივობებს დაუკავშირა, კერძოდ კულტურულ ღონისძიებებს. რადიოს მიერ სტატიაში აღინიშნა, რომ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ძალისხმევით, დუისის კულტურის სახლში სიმღერისა და ცეკვის წრეებიც ფუნქციონირებს, ამასთან ხშირად ტარდება კულტურული ღონისძიებებიც, რაზედაც პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი პრეტენზიებს საჯაროდ გამოთქვამს. მათი თქმით, ისლამი ცეკვასა და სიმღერას კრძალავს.

    მომდევნო ინტერვიუში იზა ბექაურმა განაცხადა, რომ ხანძრის გაჩენამდე მის მიმართ იყო მუქარები: „ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა ჩვენი ორგანიზაცია და ამას მოჰყვა ხალხის ნაწილის გაღიზიანება. ფეისბუქით იყო მუქარები, რომ გაეთრიე პანკისიდან, თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია და ა.შ. იმის მერე ჩვენ შევხვდით მაგათ ლიდერებს და მეგონა, რომ ყველაფერი დაწყნარდა“; „ცოტა უფრო ადრე, პრეზიდენტის ფონდმა დაგვიფინანსა ცეკვის სასწავლო კურსი და მაშინაც, როცა პირველად დავიწყეთ მეცადინეობა, მოგვივარდნენ და გვეჩხუბნენ, რომ ნუ უკრავთ და ნუ გამოდის თქვენი შენობიდან, კულტურის სახლიდან მუსიკის ხმა. არც მაშინ მიგვიმართავს პოლიციისთვის, რადგან ვფიქრობდით, რომ ყველაფერი დაწყნარდებოდა“.

    პანკისის სათემო რადიომ ბექხან ფარეულიძეს ამ საკითხებზე კომენტირებისთვისაც მიმართა, მაგრამ ფარეულიძე მომხდარს წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ გრძელდებოდა მუსლიმების დისკრედიტაცია. რადიომ ფარეულიძის განცხადება სრულად გაავრცელა, ისევე როგორც უხუცესთა კავშირის წევრთა განცხადება იმის შესახებ, რომ კულტურის სახლში ცეცხლის გაჩენა, სავარაუდოდ, ე.წ. „რადიკალური მიმდინარეობის“ ნამოქმედარი იყო.

    სამწუხაროდ, ორივე დანაშაული პოლიციის მიერ ამ დრომდე გამოუძიებელია.

     

    რატომ ერჩის პანკისის სალაფიტური თემის იმამი რადიო WAY-ს?

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე, რადიო WAY-ს ეთერში გასვლიდან დღემდე, აქტიურად ცდილობს მედიასაშუალება ეთნიკური ქისტების მიმართ არაკეთილგანწყობილ ორგანიზაციად წარმოაჩინოს.

    ბექხან ფარეულიძე საჯაროდ აფიქსირებს, რომ რადიოში მუსიკალური ეთერის და ხეობაში კულტურული ღონისძიებების გამართვის წინააღმდეგია.

    „ვისთვის და რატომ სთავაზობთ მუსიკას, როცა ჩვენ ის გვეკრძალება? „ხალხისთვის მზრუნველის“ სურათით ნუ ჭრით იმ ტოტს, რომელზედაც თვითონ ზიხართ. კეთილი ინებეთ და ხალხის რელიგიურ გრძნობებს პატივი ეცით“ (17 აგვისტო, 2016);

    „იმედს ვიტოვებთ ახლო მომავალში ვიხილავთ ისეთი რადიოს საქმიანობას, რომელშიც მუსიკის ნაცვლად ყურანს მოვისმენთ, ზიქრის ნაცვლად პარასკევის ქადაგებას“ (18 აგვისტო, 2017, ციტატა ფარეულიძის ფეისბუქგვერდიდან).

    რადიო პანკისის ხეობაში არ ემსახურება თემს და ეს თემმა კარგად გაიგო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ხეობის საჭიროებები გააშუქოს, ის ეძებს რაიმე სკანდალს ხეობაში, რაც საერთოდ არ არის ხეობის მოსახლეობის მიზანი, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხეობაში სიტუაცია მშვიდი იყოს... ასეთი სახით ამ რადიოს არსებობა პანკისის ხეობაში, არის ჩვენი ხეობისთვის ძალიან საშიში“, - აცხადებს ფარეულიძე 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

    სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით გაკეთებული განცხადებების თანახმად, სალაფიტური თემის იმამს და ამ თემის ზოგიერთ წევრს მიაჩნიათ, რომ ტრანსგენდერი ქალის ისტორიის გარდა, რადიოს არ უნდა გაეშუქებინა აქტიურად, პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების რეკრუტირების საკითხები, ასევე შემდეგი თემები: პანკისში სუს–ის თანამშრომელს თავს დაესხნენ; კონფლიქტი პანკისში პოლიციის უმოქმედობის გამო; არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს;

     

    დაფუძნებიდან დღემდე პანკისის სათემო რადიომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია:

    ხეობაში ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს: მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც. რეპორტიორებს საღამოს გადაცემებზე მუშაობა მობილურის, მთვარის ან სანთლის შუქზე უწევთ. ამ თემაზე სათემო რადიომ მოამზადა 12 სიუჟეტი, 2 გადაცემა, სადაც სტუმრად მოიწვია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი და ენერგოომბუდსმენი. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წინააღმდეგ პანკისის სათემო რადიომ სემეკს 2–ჯერ მიმართა საჩივრით, ორივე საჩივარი დაკმაყოფილდა. სათემო რადიოს მასალებზე დაყრდნობით ხეობაში ელექტროენერგიის პრობლემა გააშუქეს ცენტრალურმა ტელეკომპანიებმა. 2017 წლის მარტში პანკისის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანისა და ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 580 ათასი ლარი გამოყო.

    დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემას – პანკისის სოფლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით სათემო რადიომ მოამზადა 6 სიუჟეტი და 2 გადაცემა. სათემო რადიოს ინიციატივით, სასმელი წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად და დარღვევები დადასტურდა, რის შემდეგაც წყლის ხარისხი სურსათის უვნებლობის სააგენტომაც შეისწავლა და სანიტარული და მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოავლინა. 2017 წლის აპრილში პანკისის ხეობის ოთხ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის, ბიუჯეტიდან 2 330 000 ლარი გამოიყო.

    ხეობის სოფლებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებს – პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში რამდენიმე თვის განმავლობაში სკოლამდელი დაწესებულება არ ფუნქციონირებდა. წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი კერძო სახლში იყო განთავსებული, რომლის დაცლაც მეპატრონემ მოითხოვა. ამასთან, იმის გამო, რომ კერძო სახლში ადგილების რაოდენობაც შეზღუდული იყო, საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას. ამ თემაზე პანკისის სათემო რადიომ და კახეთის საინფორმაციო ცენტრმა, შემდეგ კი უკვე ცენტრალურმა ტელევიზიებმა არაერთი მასალა მოამზადეს, რის შემდეგაც წინუბანში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 174 ათასი ლარი გამოიყო. სოფელში ახალი საბავშვო ბაღი უკვე ფუნქციონირებს; ავარიული შენობის გამო თითქმის 1 წელი არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი სოფელ დუმასტურშიც. ამ თემაზე სიუჟეტი პირველად პანკისის სათემო რადიოს მოქალაქე–რეპორტიორებმა მოამზადეს, რის შემდეგაც პრობლემა ცენტრალურმა მედიასაშუალებებმაც გააშუქეს. დუმასტურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 51 ათასი ლარი დაიხარჯა.

    სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებს – ამ საკითხებზე პანკისის მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში მათი ჩართვისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, პანკისის სათემო რადიომ ორგანიზება გაუკეთა რამდენიმე შეხვედრას პანკისის მცხოვრებლებსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს შორის. ასევე, მომზადდა სიუჟეტები და გადაცემები. ხეობაში უკვე 3 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. ამასთან, პანკისის სათემო რადიო რეგულარულად და უსასყიდლოდ უთმობს დარბაზს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პანკისში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მუშაობენ.

    შეხვედრების სივრცე პანკისში – სათემო რადიოს საკონფერენციო დარბაზმა ბოლო 1 წლის განმავლობაში 120–ზე მეტ შეხვედრას უმასპინძლა, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის, USAID–ის „ზრდა“ პროექტების გაცნობა, შეხვედრები გარემოს დაცვის, სპორტის, სოფლის მეურნეობის მინისტრებთან, სახალხო დამცველთან, საელჩოების, სხვადასხვა ორგანიზაციების, ახალგაზრდული და ქალთა ჯგუფების წარმომადგენლებთან.

     

    სხვა აქტივობები:

    პანკისის სათემო რადიო WAY 2015 წლის სექტემბერში დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“, რომლის გამგეობის შემადგენლობაში ეთნიკური ქისტებიც არიან. რადიომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან სამაუწყებლო ლიცენზია 2016 წლის 15 იანვარს მიიღო, აგვისტოს ბოლოს კი ეთერში გავიდა სიხშირეზე FM 101.1 და 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.

    სათემო რადიოს მიზანია პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებების დაცვის, სამოქალაქო განათლების, ახალგაზრდების და ქალთა ჩართულობის, დემოკრატიული პროცესების, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

    რადიო WAY ყოველმხრივ ცდილობს დადებითიც მოყვეს და ნეგატიურიც არ დამალოს. სათემო რადიო არ არის დაინტერესებული, რომ თემის წევრებს რაიმე დაუმალოს ან მოატყუოს.

    სათემო რადიო იცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იზიარებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს.

    რადიო WAY ამზადებს რამდენიმე გადაცემას: საინფორმაციო გამოშვება (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დღეში 3-ჯერ), „მთავარი თემა“, „მე და სახელმწიფო“, „ჩემი უფლებები“, „ქალების სიტყვა“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრას, ადგილობრივი ქალების უნარების გაძლიერებას, წაახალისოს ისინი საზოგადოებრივი აქტიურობის გაზრდისთვის; ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა და სხვა. სათემო რადიო ღიაა სათანამშრომლოდ დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც სარედაქციო სტანდარტებს დაიცავენ.

    გამჭვირვალეა და ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია სათემო რადიოს დაფინანსების შესახებ.

    ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, დაფუძნებიდან დღემდე სათემო რადიო პანკისის ხეობაში განხორციელებული არაერთი პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორია.

    პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია - სათემო რადიოს ხელშეწყობით დაფუძნდა. რადიოს ხელშეწყობით ახლადდაფუძნებულმა ქალთა ორგანიზაციამ მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ანსამბლი „პანკისი“ აღიჭურვა მუსიკალური ინსტრუმენტებით, ანსამბლის წევრებისთვის შეიკერა სასცენო სამოსი, საქართველოს ხუთ ქალაქში გაიმართა ვაინახური კულტურის ფესტივალი. პანკისში მცხოვრები ქალებისთვის ჩატარდა ტრენინგები ბიზნესიდეების განხორციელების მიზნით.

    მცირე გრანტების მოპოვების ხელშეწყობა - დაფუძნებიდან დღემდე სათემო რადიოს თანამშრომლები უფასოდ დაეხმარნენ პანკისის ხეობაში მცხოვრებ 50-ზე მეტ ახალგაზრდასა და ქალს ბიზნესიდეების გამართვასა და რეგისტრაციაში, ბიზნესგეგმების შედგენაში (ჩატარდა ჯგუფური და ინდივიდუალური სწავლებები), საიდანაც მინიმუმ 25-მა განმცხადებელმა მოიპოვა 5-დან 15 ათას ლარამდე დაფინანსება, ჯამში დაახლოებით 300 ათასი ლარი. საგრანტო მხარდაჭერით პანკისის ხეობაში შეიქმნა საოჯახო სასტუმროები, ავტოსერვისი, ინტერნეტკაფე, სწრაფი კვების ობიექტი; ტურისტული სერვისები და ა.შ.

    უფასო იურიდიული დახმარება - პანკისის სათემო რადიოს ოფისში 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა უფასო იურიდიული დახმარების სერვისი. მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტები კონსულტაციის გაწევის გარდა საჭიროების შემთხვევაში უფასოდ იცავდნენ განმცხადებელთა სამართლებრივ ინტერესებს საგამოძიებო თუ სასამართლო ორგანოებში. საერთო ჯამში იურიდიული კონსულტაცია გაეწია 300-მდე ადამიანს, სამართლებრივი დახმარება პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლო ორგანოებში 20-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის პოლიციის ხელმძღვანელი პირების მიერ ნაცემ ასლან წუწაშვილს, რომლის საქმესაც, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, სტრასბურგის სასამართლო განხილავს.

    მულტიმედია სასწავლო კურსი პანკისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის - კონკურსის გზით შერჩეული დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ორგანიზება გაუკეთდა ორ მოკლევადიან სასწავლო კურსს, რომლის ფარგლებშიც 18 ახალგაზრდას მიწვეულმა სპეციალისტებმა (ზვიად ქორიძე, დავით მძინარიშვილი, შოთა გოგიშვილი, კონსტანტინე სტალისნკი) შეასწავლეს ვიდეოგადაღება და მონტაჟი, ფოტოგრაფია და ფოტოშოპი, ონლაინ მედია პროდუქტის შექმნა, ეთიკური სტანდარტები, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. სასწავლო კურსის მიზანი იყო ეროვნული უმცირესობების საკითხების გაშუქება სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის კონტექსტით და ამ პროცესში ქისტი ახალგაზრდების ჩართვა; ტრენინგების დასრულების შემდეგ, სათემო რადიოს ხელმძღვანელების დახმარებით ახალგაზრდებმა მოამზადეს სიუჟეტები ხეობისთვის აქტუალურ საკითხებზე;

    ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა - აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით პანკისში განხორციელდა ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის ექვსთვიანი პროექტი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ახალგაზრდების 10 ინიციატივა, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობები.

    ახალგაზრდული კლუბი - PH International-ის მხარდაჭერით პანკისის სათემო რადიომ ხეობაში შექმნა ახალგაზრდული კლუბი, რომელშიც პანკისის ხეობის სკოლების უფროსკლასელები გაერთიანდნენ. 80-ზე მეტი ახალგაზრდის მონაწილეობით დაიგეგმა და ჩატარდა საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები, შეხვედრები პროფესიულ ორიენტაციაზე. ახალგაზრდები შეხვდნენ ინტელექტკლუბის პრეზიდენტ გიორგი მოსიძეს და მასთან ერთად ჩაატარეს „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატი; შეხვედრა შედგა გარემოს დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან. მინისტრი მათ პანკისშიც ესტუმრა და მომავალშიც დაპირდა მხარდაჭერას გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებაში. კლუბის 14 მონაწილეს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჟურნალისტიკით, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარა რადიო გადაცემების მომზადებაში, გააცნო მათ რადიოს საქმიანობა და დანიშნულება. მომზადდა გადაცემების სერია „ახალგაზრდული სიტყვა“, რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევა და ხეობის ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა.

    პეტიციები პრობლემების მოსაგვარებლად - სათემო რადიოს მხარდაჭერით პანკისის ხეობის სოფლების – ომალოს, ჯოყოლოს და ქორეთის მოსახლეობამ, საერთო ხასიათის პრობლემების მოგვარების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 პეტიციით მიმართა. ეს პეტიციის მექანიზმის გამოყენების პირველი პრეცედენტი იყო საქართველოში. საერთო ჯამში პეტიციებისთვის 1000-მდე ხელმოწერა შეგროვდა. წარდგენილი პეტიციებით მოთხოვნილი იყო სოფლებში ომალოსა და ქორეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ურნების განთავსება და ნაგავსაყრელების მოწყობა, სოფელ ჯოყოლოში - სტადიონის რეაბილიტაცია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველ ორ პეტიციაში დასმული პრობლემები ნაწილობრივ მოაგვარა.

    უფასო სასწავლო ცენტრი პანკისში - პანკისის ხეობაში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლის თებერვალში, სათემო რადიოს ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც პერიოდულად შემდეგი სასწავლო კურსები ფუნქციონირებს: ავტომობილის მართვის თეორია და პრაქტიკა; კომპიუტერული საოფისე პროგრამები; ბუღალტრული აღრიცხვის თეორია და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებით; ORIS ბუღალტერია; სწავლებას მიწვეული კვალიფიციური სპეციალისტები უძღვებიან. სასწავლო კურსები (ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად) პანკისის ხეობაში მცხოვრებმა 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ და ქალმა გაიარა.

    პრესტურები პანკისში ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის - პანკისის ხეობაში სათემო რადიოს მიერ ორგანიზებულ პრესტურებში მონაწილეობა მიიღო ქართული საერთო ეროვნული, რეგიონული და უცხოური მედიის 22-მა რეპორტიორმა. პრესტურების ფარგლებში ჟურნალისტები შეხვდნენ როგორც ტრადიციული, ასევე ფუნდამენტური ისლამის თემის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, უხუცესთა კავშირის წევრებს. გაეცნენ პრობლემებს, ვაინახურ ფოლკლორს, ქისტურ სამზარეულოს, რის შემდეგაც მოამზადეს სიუჟეტები.

    ხადორის ფესტივალი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სათემო რადიომ საფუძელი ჩაუყარა ხადორში ქართული და ვაინახური ფოლკლორის ფესტივალის ჩატარებას. პირველ ფესტივალში მონაწილეობდნენ შემსრულებლები პანკისიდან, ფშავიდან, მთიულეთიდან. ფესტივალმა ქართველი და უცხოელი მაყურებლების მოწონება დაიმსახურა.

    საფეხმავლო გიდების მოსამზადებელი უფასო სასწავლო კურსი - პანკისში, თუშეთში, ფშავ–ხევსურეთსა და მთიულეთში ტურიზმის განვითარებაში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სათემო რადიომ ორგანიზება გაუკეთა საფეხმავლო გიდებად მომზადების მოკლევადიან სასწავლო კურსს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 ახალგაზრდამ პანკისიდან, თუშეთიდან, ხევსურეთიდან, ფშავიდან და მთიულეთიდან. სასწავლო კურსის ორგანიზების გარდა, პანკისის ხეობაში რამდენიმე ტურისტული ბილიკი მოინიშნება და საინფორმაციო დაფებიც დაიდგმება. მალე, ახალი, სამენოვანი ვებგვერდი გაეშვება, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია პანკისში, თუშეთში, ფშავ–ხევსურეთსა და მთიულეთში არსებული და ახალი მარშრუტების, ტურების, გამყოლების, ისტორიულ–კულტურული ძეგლების, ფლორისა და ფაუნის, მომსახურების სერვისების შესახებ. პროექტის განხორციელებას მხარი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დაუჭირა. 2018 წელს, პანკისის სათემო რადიოს ინიციატივით ხეობაში ტურისტული ცენტრის გახსნა იგეგმება.

    ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რაც გასულ პერიოდში რადიო WAY-მ ხეობისთვის გააკეთა და რაც, სალაფიტური თემის იმამს „უკიდურესად საშიშად“ მიაჩნია. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ საშიში ეს კი არა, სრულიად თემის სახელით ლაპარაკი და უსაფუძვლო, მტკნარ სიცრუეზე დაფუძნებული ბრალდებებია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]