• პანკისის სათემო რადიომ „ეთნიკური მრავალფეროვნების“ კონკურსში გაიმარჯვა

    პარასკევი, 17 ნოემბერი 2017 12:45 view 4868
    პანკისის სათემო რადიომ „ეთნიკური მრავალფეროვნების“ კონკურსში გაიმარჯვა

    პანკისის სათემო რადიომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებულ მედიაკონკურსში „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“ გაიმარჯვა. პროექტი „მე და სახელმწიფო“, რომლის ერთ–ერთი გადაცემაც ვაინახების კულტურას და პანკისის ხეობის ტურისტულ პოტენციალს ეხება (ჟურნალისტი – ისლამ გორგიშვილი, წამყვანი – ნაზი დაქიშვილი), სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

    ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პანკისის სათემო რადიოს გარდა, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიოს ჟურნალისტები კობა ჩოფლიანი და გიორგი გუგუშვილი გადაცემით „ჩვენი საქართველო“ და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ბაჩო გურაბანიძე გადაცემით „სახლი ბათუმში“.

    „პანკისის სათემო რადიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქისტების კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომელიც მონაწილეობს რადიოს მუშაობაში. დიდი მადლობა ქეთევან ციხელაშვილს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა მექა ხანგოშვილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს პანკისის კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენაში“, - აღნიშნა პანკისის სათემო რადიო WAY–ის გადაცემა „მე და სახელმწიფოს“ წამყვანმა ნაზი დაქიშვილმა.

    კონკურსის მიზანი საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების, ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ყოფა-ცხოვრების, კულტურათაშორისი ურთიერთობების წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა იყო.

    გამარჯვებულები მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და გაეროს ასოციაციის ხელმძღვანელმა რამაზ აფციაურმა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

    როგორც მიღებაზე სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, ეს დღე, რომელიც გაეროს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება, საშუალებას იძლევა ერთმანეთს შევახსენოთ ტოლერანტობის პრინციპის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

    „საუკუნეების მანძილზე საქართველოს გამორჩეული ადგილი უჭირავს ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური ტრადიცია. დღეს ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ  საფუძველზე დავაშენოთ ჩვენი მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია.

    ამიტომაც, ჩვენი პოლიტიკა და ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, იყოს დაცული, ჰქონდეს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა და იყოს ჩართული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. სწორედ ეს არის წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაცია, როდესაც მთელი საზოგადოების საერთო ენერგია, მუხტი, ნიჭი და შესაძლებლობა  ეფექტურად არის რეალიზებული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საერთო სამშობლოს განვითარებისათვის. ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი განვითარების უნიკალური წყარო  და სიმდიდრეა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო მისიების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

    გადაცემების ციკლი „მე და სახელმწიფო“ პანკისის სათემო რადიომ IREX–ის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მოამზადა.

    პანკისის სათემო რადიო WAY ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2016 წლის იანვარში დააფუძნა. რადიო 2016 წლის სექტემბრიდან მაუწყებლობს სიხშირეზე FM 101.1 და მთლიანად მოიცავს პანკისის ხეობას, ასევე მაუწყებლობა ვრცელდება მეზობელ სოფლებში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]