2001 წლიდან 2017 წლამდე თეიმურაზ არაბული ახმეტის პოლიციაში ინსპექტორად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში არ განმარტეს, რატომ გაათავისუფლეს დუისის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის პოზიციიდან ბადრი ფილაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. შეიცვალნენ მინისტრის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურების უფროსები, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორიც. ამ თანამდებობაზე გიორგი ბუბუნაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა შოთა ჭანუყვაძემ ჩაანაცვლა.
2012 წელს ჭანუყვაძე მუშაობდა კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილედ. 2012 წლის 13 ივნისს, თბილისში, სწორედ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს წარმოშობით დაღესტნელები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი. მოხსენებით ბარათში ჭანუყვაძე წერდა, რომ ინფორმატორისგან მიღებული ინფორმაციით, თბილისში ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდნენ მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთაც ჰქონდათ იარაღი და აფეთქებების მოწყობას აპირებდნენ. კადიევის განცხადებით, საცხოვრებელ ბინაში იარაღი მას ჭანუყვაძემ და მისმა თანამშრომლებმა ჩაუდეს, რის შემდეგაც ითხოვდნენ ეღიარებინათ, რომ იარაღი მათი იყო და შეღავათებს პირდებოდნენ. შს სამინისტრო დაკავებულ კადიევსა და ომაროვს ტერორისტული დანაშაულის მომზადებაში ადანაშაულებდა, საბოლოოდ კი ბრალად მხოლოდ იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა წაუყენეს.