შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო. „სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, - განუცხადეს პანკისის სათემო რადიოს შსს-ში.
შს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილების უფროსად თეიმურაზ არაბული დაინიშნა. თემურ არაბული დაიბადა 1961 წლის 14 სექტემბერს. 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით, პანკისის კრიზისის დროს, ახმეტის პოლიციის უფროსად მუშაობდა. ის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია.