„დამსვან პირისპირ გომელაურთან, რომ გამოტენა მთელი საქართველო ამ ტყუილებით. თვალებში შემომხედოს, მეც მაქვს შეკითხვები. ჩემი მოთხოვნაა, რომ გომელაურის ბანდიდან დაწყებული, სროლის სისრულეში მომყვანით დასრულებული, ყველა გაასამართლონ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ საქართველოში გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, გვიან ღამით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში თავში დაჭრეს. სუს-ის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოც ესროლეს. ოჯახის წევრების განმარტებით, თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის მის ოთახში დაჭრის შემდეგ სამართალდამცავებმა დადეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა, მაგრამ 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.
26 დეკემბრიდან დღემდე, პანკისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააკავა. სუს-ი თემირლან მაჩალიკაშვილსაც ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის წევრების დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურას მიმართა და საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირება მოითხოვა.