• მასობრივი მიგრაცია პანკისიდან - სკოლები 121-მა მოსწავლემ მიატოვა

    სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 17:48 view 15433
    მასობრივი მიგრაცია პანკისიდან - სკოლები 121-მა მოსწავლემ მიატოვა

    ბოლო 4 თვეში პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ომალოსა და დუმასტურში სწავლა 60-მა მოსწავლემ შეწყვიტა, დუისში 35-მა, ჯოყოლოსა და ბირკიანში კი 26-მა. დირექტორების თქმით, ამის ძირითადი მიზეზი პანკისში მცხოვრები ოჯახების საზღვარგარეთ წასვლაა.

    სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური ამბობს, რომ მის სკოლაში სწავლა ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შეწყვიტეს, - „გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო ეს პროცესი და ამ ბოლო დროს, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მოიმატა სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობამ. ძირითადად ახალგაზრდა ოჯახები მიდიან“.

    2016-2017 წლებში პანკისის სოფელ ომალოს საჯარო სკოლაში 203 მოსწავლე ირიცხებოდა, 2017 წლის 15 სექტემბერის მდგომარეობით კი - 200. სკოლის დირექტორის, ბელა გუნაშაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე სკოლა 30-მა მოსწავლემ დატოვა.

    „როცა ბავშვის გაყვანის შესახებ განაცხადს აკეთებენ, უთითებენ, რომ სამოგზაუროდ მიდიან, მაგრამ უკან ჯერ არავინ დაბრუნებულა. მხოლოდ 2 ოჯახის შესახებ ვიცით, რომ შესაძლოა დაბრუნდნენ“, - აღნიშნავს ომალოს სკოლის დირექტორი.

    ბირკიანის მკვიდრის და სკოლის პედაგოგის ლელა ბექაურის თქმით, ხეობიდან უცხოეთის ქვეყნებში სამუშაოდ და საცხოვრებლად წინა წლებშიც მიდიოდნენ, მაგრამ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მიგრაცია ძალიან გაიზარდა:

    „ხეობა იცლება. ამ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მეზობლები აღარ გვყავს. უფრო მეტად ახალგაზრდები მიდიან. ამბობენ, აქ ვერაფერს ვაკეთებთ, სამუშაო ადგილები არ არის, ცხოვრება გაძვირდა, შვილების გამოკვებას, ჩაცმასაც კი ვეღარ ვახერხებთო“.

    აინტერესებთ, რომ იქნებ იქ რამე მოახერხონ, ენა ისწავლონ, მუშაობა დაიწყონ ან ლტოლვილის სტატუსი მიიღონ. მიმბაძველობაც ძალიან დიდია ხალხში. ერთი რომ წავა, მეორე რომ წავა, მესამეც მიყვება“.

    ბავშვების რაოდენობა შემცირებულია პანკისის ხეობის საბავშვო ბაღებშიც. სოფელ ჯოყოლოს საბავშვო ბაღში 2015 წელს 65 აღსაზრდელი ჰყავდათ, 2016-2017 წლებში ბავშვების რაოდენობა 55-მდე შემცირდა, 2017 წლის სექტემბერში 50 აღსაზრდელი დაარეგისტრირეს, ბოლო 4 თვეში კი ბაღი კიდევ 10-მა ბავშვმა დატოვა.

    „ჩემი საბავშვო ბაღიდან საზღვარგარეთ წავიდა 8 ბავშვი. იგივე სიტუაციაა ხეობის სხვა ბაღებსა და საჯარო სკოლებშიც. ველოდებით, რომ კიდევ გაიყვანენ რამდენიმე ბავშვს“, - ამბობს ჯოყოლოს საბავშვო ბაღის მენეჯერი ბელა მუთოშვილი. მისივე თქმით, მასთან საუბარში მშობლები საქართველოდან წასვლის ძირითად მიზეზებს შორის უმუშევრობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებენ. „უფრო მეტი მიგრაცია ხდება ევროპის ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში. ვიცით, რომ ბანაკებში ბარდებიან და დღეისათვის რა ინფორმაციაც გვაქვს, არცერთს ჯერ-ჯერობით სტატუსი არ აქვს მიღებული“, - აღნიშნავს ბელა მუთოშვილი.

    პანკისის სათემო რადიო WAY-ს მიერ მოძიებული სტატისტიკით, 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ომალოს საბავშვო ბაღში 56 ბავშვი იყო რეგისტრირებული, მათგან  სააღმზრდელო დაწესებულება 7-მა დატოვა; დუმასტურის საბავშვო ბაღში 21 ბავშვიდან 14 დარჩა; ხალაწნის საბავშვო ბაღში 24 ბავშვი იყო რეგისტრირებული, ამჟამად 15-ია; დუისში საბავშვო ბაღი 9 აღსაზრდელმა დატოვა, ხოლო წინუბანში 24 ბავშვიდან 19 დარჩა.

    პანკისის სათემო რადიომ ხეობის სოფლებში 30-მდე ადამიანი გამოკითხა. რესპონდენტები მიგრაციის ძირითადად მიზეზებად უმუშევრობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებში უპერსპექტივობის განცდას ასახელებენ.

    „ხალხს ისედაც არ აქვს შემოსავალი. ამას დაემატა სოციალური დახმარების მასობრივად შეწყვეტა. ეს არის მთავარი მიზეზი. ჩემი ახლობელი, სანამ შეეძლო, მუშაობდა, ცხვარში იყო, ოჯახს არჩენდა. ახლა მუშაობა აღარ შეუძლია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თავისი ოჯახით გერმანიაში წავიდა და თავშესაფარს ითხოვენ. სახელმწიფო უხდის თანხას, მერე ბინაზეც გადაიყვანენ“, - ამბობს ბირკიანში მცხოვრები ნონა კუშტანაშვილი.

    „რატომ მიდიან პანკისიდან? ოჯახებით მიდიან. ჩემი აზრით გაჭირვების, უმუშევრობის, უპერსპექტივობის გამო. ზოგი შვილებისთვის უკეთესი განათლების მიცემაზე ფიქრობს, ზოგი სამუშაოს მოძიებაზე. ზოგი სოციალურ დახმარებას იღებდა, შეუწყვიტეს და დარჩნენ ულუკმაპუროდ და ამის გამოც. რაც ეს ვიზალიბერალიზაცია მოხდა, უფრო ადვილია ევროპაში ჩასვლა, ამიტომ ბევრი ოჯახი მიდის“, - აღნიშნავს ბირკიანის მკვიდრი კაკო ბორჩაშვილი.

    სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვრის მდგომარეობით, პანკისის ხეობის სოფლებში სოციალურ დახმარებას 2136 პირი იღებს. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, პანკისის 12 სოფელში 6000-მდე ადამიანი ცხოვრობს. 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, პანკისის სოფლებში სოციალურ დახმარებას 3325 პირი იღებდა. 14 თვეში, ხეობაში დახმარების მიმღებთა რიცხვი 1189 ადამიანით არის შემცირებული. სოციალური დახმარება რამდენიმე ასეულ ოჯახს შეუწყდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. 

    მიგრაციის ძირითადი მიზეზების გამოსარკვევად ხეობის სოფლებში ჩატარებული გამოკითხვისას, ერთ-ერთმა რესპონდენტმა საქართველოდან ეთნიკური ქისტების მიგრაცია გასული წლის ბოლოს, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ამით გამოწვეულ შიშს დაუკავშირა.

    როგორც ცნობილია, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში სასიკვდილოდ დაჭრა. იგივე ბრალდებით მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავეს. ხეობაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გააპროტესტეს. „ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ ჩვენი შვილები და ახლობლები“, - განაცხადა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა.

    ომალოს სკოლის დირექტორი ბელა გუნაშაშვილი ამბობს, რომ მისი სკოლიდან 30-ვე ბავშვი იქამდე გაიყვანეს, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხეობაში სპეცოპერაციას ჩაატარებდა.

    „დღეს დილითაც მითხრეს, რომ 40 ოჯახია კიდევ გამზადებული წასასვლელად. 40 ოჯახი ნამდვილად ბევრია სოფელ დუისისთვის. არავითარი მოგზაურობა და ტურისტული მიზნები, ჩადიან და პირდაპირ თავშესაფარს ითხოვენ. ყველაზე მეტი ოჯახი გერმანიაში მიდის. ეს მიგრაცია ხეობაზე უარყოფითად იმოქმედებს“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს დუისში ახმეტის მერის წარმომადგენელმა თამარ მარგოშვილმა.

    საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრების უფლება 2017 წლის 28 მარტიდან გვაქვს. 

    თავშესაფარის მაძიებელთა სტატისტიკა

    თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში თავშესაფრის მაძიებელთა 1465 ახალი განაცხადი დარეგისტრირდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში 879-მა თავშესაფრის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, თავშესაფარზე უარი მიიღო, დაკმაყოფილდა მხოლოდ 13 განაცხადი.

    პანკისის შესახებ

    პანკისის ხეობა კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ხეობის ადმინისტრაციული ცენტრი, სოფელი დუისი ახმეტიდან 17 კილომეტრშია. ხეობა ეთნიკური ქისტებით კომპაქტურად არის დასახლებული. მოსახლეობის სასაუბრო ენა ქისტურია, თუმცა თავისუფლად ფლობენქართულ ენას.

    შემოსავლის ძირითადი წყარო სახელმწიფოს მიერ ოჯახებისთვის დანიშნული საარსებო შემწეობაა. შემდეგ მოდის საზღვარგარეთ (ძირითადად რუსეთის ფედერაციაში) მყოფი ოჯახის წევრებისგან მიღებული ფულადი დახმარება (დაახლოებით 15-20%); მცირე მეწარმეობიდან (უმეტესად მესაქონლეობა; რძის პროდუქტების წარმოება; საოჯახო ტურიზმი) მიღებული შემოსავალი (დაახლოებით 15-17%) და სხვა;

    პანკისის ხეობის ყველა სოფელს საქართველოს მთავრობის მიერ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 1 სექტემბრიდან პანკისში მუდმივად მცხოვრებლები სოციალური შეღავათებით სარგებლობენ (20%-იანი დანამატი პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე). „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე სუბიექტები. ამ პირობების მიუხედავად, პანკისის ხეობაში არ ფუნქციონირებს არცერთი საშუალო ზომის ან მსხვილი საწარმო, გარდა 2 ჰიდროელექტროსადგურისა, სადაც ადგილობრივები არ არიან დასაქმებული.

    პანკისის მცხოვრებლები (უმეტესად ქალები - საშუალო ასაკი 40-60 წელი) ხეობაში მდებარე სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუშაობენ. უკიდურესად დაბალია ეთნიკური ქისტების წარმომადგენელთა დასაქმების რაოდენობა მუნიციპალურ დონეზე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

    ავტორები: ისლამ გორგიშვილი, ლანა გუნაშაშვილი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]