დაჭრილის დედის თქმით, შემთხვევის დროს მისი შვილი სახლში მარტო იყო და იარაღიდან შემთხვევით გასროლის შედეგად დაიჭრა.
„ჩემმა სიძემ იარაღის დაშლა-აწყობა ცოლსაც ასწავლა. გუშინ გოგო რვა თვის ბავშვთან ერთად სახლში მარტო იყო. ალბათ, გართობის მიზნით აიღო იარაღი და ვერ გაითვალისწინა, რომ შიგ ტყვია იდო. როგორც წესი, ტყვიით არასოდეს ინახავდნენ. დაჭრილმა ქმარს თვითონ დაურეკა, მიშველეო. ამ დროს ბიჭი თელავში იმყოფებოდა“, - ამბობს დაჭრილის დედა.
23 წლის ქალს ახმეტის სამედიცინო ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია გუშინ, გვიან ღამით ჩაუტარდა, თუმცა იმის გამო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.