• დაპირისპირება პანკისში - ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალ საბჭოს ქმნიან

    ორშაბათი, 23 ივლისი 2018 21:24 view 9620
    ფოტოზე მურაზი გოდერძიშვილი ფოტოზე მურაზი გოდერძიშვილი

    პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭოს შექმნის შესახებ სალაფიტური თემის წარმომადგენელმა მურაზი გოდერძიშვილმა (მუსა პანკისელმა) 20 ივლისს, დუისში გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ საბჭოში 15 უხუცესთან ერთად, 15 ახალგაზრდაც იქნება.

    „ჩვენ, უფროსებს და ახალგაზრდებს გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ უფროსებიდან შეირჩეს 15 და ახალგაზრდებიდანაც 15 კაცი, რათა ყველა საჭირბოროტო საქმე, პრობლემა ერთად გადავწყვიტოთ. ეს იმიტომ, რომ დღეს, ყველამ რაც უნდა, ის არ გააკეთოს და თუ რამე გადასაწყვეტია, ერთად გადავწყვიტოთ“, - თქვა მურაზი გოდერძიშვილმა.

    ახალი საბჭოს შექმნის კიდევ ერთი მხარდამჭერის, შენგელი ტოხოსაშვილის განმარტებით, მოქმედი უხუცესთა კავშირის წევრები არ არიან ხალხის არჩეულები და ისინი არ გამოხატავენ მოსახლეობის ინტერესებს.

    „უხუცესთა საბჭოს მიმართ უნდობლობა ძალიან გაიზარდა და საზოგადოებაში ლეგიტიმაცია ნაკლები აქვთ, რადგან არ არიან ხალხის მიერ არჩეულნი. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი თავიდან უხუცესთა კავშირიც იყო და სწორედ მათი მოწოდებით დავიწყეთ საპროტესტო აქციები. შემდეგ ისინი დაიბარეს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე და მერე გაწყვიტეს მოსახლეობასთან კავშირი. ჩვენს შემოთავაზებაზე ისინი საერთოდ არ გამოდიან კონტაქტზე და სრულ იგნორს გვიკეთებენ პანკისში მოღვაწე აქტიურ ჯგუფს. მათი მხრიდან ჩვენი მისამართით ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, ვითომ ჩვენ ვართ „სოროსის ფონდის“ დაფინანსებული და „მწვანე ალტერნატივას“ წევრები, ვითომ ჩვენ გვამოძრავებს პირადი ინტერესები და არა მომავალი თაობისთვის ხეობის შენარჩუნება“, - უთხრა შენგელი ტოხოსაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    მისივე თქმით, ახალი საბჭო მოსახლეობაში ავტორიტეტული უხუცესებით და აქტიური ახალგაზრდებით დაკომპლექტდება, რომელთა მიზანი სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება იქნება, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა.

    პანკისის უხუცესთა კავშირის ხელმძღვანელ პირთა მიმართ უკმაყოფილება ძირითადად ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება. პანკისში უკვე რამდენიმე აქცია გაიმართა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ. 29 ივნისს, აქციის მონაწილეებმა ჰესის სამშენებლო სამუშაოებიც შეაჩერეს. აქციების ორგანიზატორები სალაფიტური თემის ლიდერები არიან. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მდინარე ალაზანში წყალი აღარ დარჩება, ხეობა აღარ იქნება ტურისტებისთვის მიმზიდველი, მოსახლეობას სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება, გაიზრდება მაღალი ძაბვის ხაზებიდან დაავადებების გავრცელების რისკი და ა.შ.

    „ჩვენი აქ დგომა არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის აკვიატება, როგორც ზოგიერთები იძახიან, თითქოს ქვეყნის განვითარებას ვეწინააღმდეგებით. ეს არის სიცრუე.

    ვინც იცის თუ რით ვცხოვრობთ პანკისელი ხალხი - ჩვენ არც დიდი მიწები გვაქვს, ჩვენ განვითარების არცერთი სხვა წყარო არ გაგვაჩნია, გარდა ტურიზმისა. ჩვენ და მთლიანად ხეობა დამოკიდებულია ტურიზმზე. ეს წყალი თუ მილებში მოექცევა, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პანკისის განვითარებისთვის.

    დღეს წავიკითხე იორდანიშვილის განცხადება, სადაც ის ლაპარაკობს, თითქოსდა ხეობაში მის კანონიერ საქმიანობას არამართლზომიერი ჯგუფი უპირისპირდება და ამიტომ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეში ჩართული. მე მინდა იორდანიშვილს ვუთხრა და შევახსენო, როცა ის 15-20 წლის წინ პანკისის ხეობაში შემოვიდა, მას სამართალდამცავი ორგანოები არ იცავდნენ, მას პანკისელი ქისტები იცავდნენ. ის დასაცავი რომ ყოფილიყო, დღეს ჩვენ დავიცავდით მაგას.

    არის დარღვევებიც მის საქმიანობაში.

    სადაც ის მილები უნდა ჩაყარონ, ზოგ ადგილას მიწა არ არის შესყიდული. თუ კანონზე საუბრობს, სად არის კანონი? ვიდრე გეოლოგიური დასკვნა დაიდებოდა ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, როგორ გასცა სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვა?

    ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, არც განვითარების წინააღმდეგი ვართ, არც იორდანიშვილის წინააღმდეგი ვართ, ჩვენ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ ალაზანი, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, ბოლომდე ვიდგებით.

    სასამართლოში შეტანილია განცხადება და ველოდებით დღე-დღეზე, ამ ჰესის მშენებლობის შეჩერება მოხდეს. უამრავი დარღვევაა და არავინ უნდა ცდილობდეს, რომ ეს უკანონო პროექტი განახორციელოს ხეობაში“, - აღნიშნა მურაზი გოდერძიშვილმა.

    პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარის ზელიმხან წუწაშვილის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ ის ხეობაში ჰესების მშენებლობის მომხრეა. „20 ივლისს გამართულ აქციას მე არ ვესწრებოდი, რადგან ხეობაში არ ვიმყოფებოდი. მე პირველი ვიყავი, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. რას მოგვცემს ეს ჰესი ხეობას? როცა თბილისსა და ახმეტაში გაიმართა შეხვედრები, იქ დაგვპირდნენ, რომ მოგვიგვარებენ სასმელი წყლის პრობლემას, დაასაქმებენ ახალგაზრდებს, რაც ხეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თორემ, მე არც ახლა ვარ ჰესის მშენებლობის მომხრე და არ ვამბობ, რომ უნდა აშენდეს. რაც შეეხება ახალ საბჭოს, რომელსაც ვაჰაბიტები ქმნიან, გააკეთონ, უხუცესთა კავშირს ხელს არ შეგვიშლის“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს ზელიმხან წუწაშვილმა.

    უხუცესთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ხასო ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ ახალი საბჭო „ვაჰაბიტების“ მიერ იქნება კონტროლირებული:

    „მათ (სალაფიტებს) უნდათ მთელი ხეობა აიღონ ხელში, მაგრამ ჩვენ მათ იდეოლოგიას არ ვეთანხმებით და ვიდრე ცოცხალი ვიქნები, კავკასიურ ადათებს არ ვუღალატებ. რაც შეეხება ჰესებს, ახმეტაში როცა გაიმართა შეხვედრა, ყველა მათ კითხვაზე, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გასცეს პასუხი, რომ მათი შიშები თითქოს წყალი დაშრება, პანკისი უდაბნო გახდება და ა.შ. საფუძველს იყო მოკლებული.

    სახელმწიფო ამ ჰესებს სავარაუდოდ მაინც ააშენებს, ჩვენ გვინდოდა ასეთ შემთხვევაში ხეობას, მოსახლეობას მეტი სარგებელი მიეღო“.

    „აქამდე დამუნჯებულები იყვნენ და ახლა გაახსენდათ ხეობა? როდესაც ლაფანყურის ამბები იყო, მაშინ სად იყვნენ? სირიაში ახალგაზრდებს რომ აგზავნიდნენ, ოცზე მეტი ახალგაზრდა რომ დაიღუპა, მაშინ სად იყვნენ? შექმნან ახალი საბჭო, ოღონდ კარგი საქმე გააკეთონ. დავინახავთ, რა შესაძლებლობები აქვთ. არავის გვითქვამს, რომ ჰესი უნდა აშენდეს, მაგრამ ვერ დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც კრიმინალური წარსული აქვს. როცა საკითხი ეხება ხეობას, ყოველთვის მის სადარაჯოზე ვიქნებით. 2015 წელსაც შექმნეს უხუცესთა კავშირის ალტერნატივა, ხელისუფლების ჩარევით, მაგრამ რა გამოუვიდათ? ამათაც ვინმეს დირექტივა ექნებათ“, - ამბობს პანკისის უხუცესთა კავშირის გამგეობის წევრი, ზაურ გუმაშვილი.

    პანკისის უხუცესთა კავშირი 2006 წელს არის რეგისტრირებული. ამჟამად გამგეობის წევრები არიან: ზაურ გუმაშვილი, ვალიკო მუთოშვილი, პლატონ გუნაშაშვილი, ზელიმხან წუწაშვილი, ბესარიონ ქუშანაშვილი, რამაზა ხანგოშვილი, რამაზ მარგოშვილი, ახმად მარგოშვილი. უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი იყო 2015 წლამდე, ახლა კი ზელიმხან წუწაშვილია. 2015 წელს სოლცა ქავთარაშვილი უხუცესთა კავშირის გამგეობის წევრებს დაუპირისპირდა იმის გამო, რომ უხუცესებისა და ახალგაზრდების დელეგაცია ჩეჩნეთში მასთან შეუთანხმებლად გაემგზავრა და ასევე, ზოგიერთი უხუცესი, მათ შორის ზაურ გუმაშვილი წინააღმდეგი იყო სოფელ დუისში გამგებლის წარმომადგენლად ქალი დანიშნულიყო.

    სოლცა ქავთარაშვილმა 2015 წლის 22 ივლისს პანკისის უხუცესთა საბჭო დააფუძნა და თითქმის 4 წლის განმავლობაში ხეობაში უხუცესთა ორი საბჭო ფუნქციონირებდა. 2018 წლის მაისში სოლცა ქავთარაშვილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც უხუცესთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე არ აურჩევიათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]