• ნუ ამოვუწურავთ შვილმკვდარ მამას იმედს - მიმართვა ხელისუფლებას პანკისიდან

    ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 00:54 view 3687
    ნუ ამოვუწურავთ შვილმკვდარ მამას იმედს - მიმართვა ხელისუფლებას პანკისიდან

    ნუ ამოვუწურავთ შვილმკვდარ მამას იმედს, თორემ იმედი როცა ამოიწურება, ჩვენ ვერ გავიგებთ, რას გააკეთებს ასეთი ადამიანი. მთელი სერიოზულობით ვითხოვ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელის და მკვლელობის ხელშემწყობების დასჯას, - ასე მიმართა პანკისის ხეობაში ქართული ოცნების“ ყოფილმა კოორდინატორმა თამაზ ბაღაკაშვილმა ხელისუფლებას, დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად გამართული აქციიდან.  

    „მარტიდან იყო მობილიზება, რომ „პანკისობა“ უნდა ჩაგვეტარებინა. უკვე მომზადებული ვიყავი წამოსასვლელად, მაგრამ მე, როგორც დედამ, რომელმაც ვიცი, რა არის შვილის სიკვდილის გემო, გვერდი ვერ ავუარე ამ ყველაფერს და იქ, პანკისობაზე გამოსვლაზე უარი ვთქვი, დავდექი დედის გვერდით, რომელსაც გული ამოუღეს; მამის გვერდით, რომელიც მოკვდა იმ დღესვე.

    ხელისუფლებამ, რომელმაც ჩვენი შვილები უნდა დაიცვას, 19 წლის ახალგაზრდა მოგვიკლა. ამიტომ ვალდებულები ვართ, ყველა გამოვიდეთ, ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი და მივაღწიოთ სიმართლეს“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ, ლეილა აჭიშვილმა.

    სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად ორასამდე ადგილობრივი დუისში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებისა და ახლობლების პროტესტის შედეგად, პანკისობა 2018“ ჩაიშალა.

    აქციის მონაწილეებს გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემაც მიმართა.

    „რა გეზეიმებათ მაშინ, როცა ხეობაში გლოვაა?! რა გეზეიმებათ მაშინ, როცა მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე სამართალს ეძებს?! რა გეზეიმებათ, ვიდრე მკვლელები დასჯილები არ არიან და თავისუფლად დადიან?! ეს ზეიმი ჩაიშალა იმიტომ, რომ ქისტები ერთსულოვნები იყვნენ“.

    აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო გამოსვლები პანკისის ხეობასა თუ თბილისში მანამდე არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს არ გამოიძიებს და დამნაშავეებს არ დასჯის.

    „დიდ ჯოხარ დუდაევს ჰქონდა გამოთქმა, სახელმწიფომ ჩვენს წინააღმდეგ მანქანა აამუშავაო. ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა რუსეთის მიერ ამუშავებული ომის მანქანა. ასევე, საქართველო ამუშავებს ტერორისტულ მანქანას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ და საჭიროა ამ მანქანის დროული შეჩერება“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ, ისტორიკოსმა მათე ციხესაშვილმა.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლანს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 9 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]