• 1 წელი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან - ისლამ გორგიშვილის ბლოგი

    ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 22:20 view 38059
    1 წელი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან - ისლამ გორგიშვილის ბლოგი

    10 იანვარს ერთი წელი გავიდა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან. 19 წლის ახალგაზრდას 2017 წლის 26 დეკემბერს, შუაღამეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში შუბლი სპეცრაზმმა გაუხვრიტა.

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი ისლამ გორგიშვილი სპეცოპერაციის დღეს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მედიაში პირველად ისლამმა გაავრცელა.

    ***

    ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა გავიგე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის სოფლებში, დუისსა და ომალოში სპეცოპერაციას ატარებდა. ომალოში როცა დაასრულეს, დუისში გადავედი. სპეცრაზმი იქიდან ჯერ კიდევ არ იყო წასული. თემირლან მაჩალიკაშვილის სახლთან ვერ მივედი, უბანშიც კი არ გვიშვებდნენ. ყველა შესახვევში სპეცრაზმელები იდგნენ, სახლი ალყაში ჰქონდათ მოქცეული.

    რამდენიმე საათის შემდეგ, როცა სპეცრაზმმა გასვლა დაიწყო, ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტი, ნატა - თემირლანის და, მეზობლის სახლში ჰყავდათ, მანამდე გარეთ არ უშვებდნენ. იქიდან როგორც კი გამოვიდა, ყვირილი და ტირილი ატყდა მაჩალიკაშვილების სახლიდან.

    მშობლებს თემირლანის საძინებელში შვილის ნაცვლად სისხლის გუბეები დახვდათ. თემირლანის დედა, ბებია, და სპეცრაზმის მანქანებს ყვირილით, ტირილით უკან მისდევდნენ. ეს ყველაზე შემზარავი სურათი იყო, რაც კი ცხოვრებაში აქამდე მინახავს.

    იმავე დღეს ითქვა, რომ ხეობის მოსახლეობა შეიკრიბებოდა. მეორე დღეს, 27 დეკემბერს, დიდებიც და პატარებიც, ქალებიც და კაცებიც ქუჩაში გამოვიდნენ. კითხვა ბევრი იყო, პასუხი საერთოდ არა, თუ არ ჩავთვლით, რომ იმ დღესვე სახელმწიფომ თემირლანი ტერორისტად გამოაცხადა. სუს-მა თქვა, რომ თემირლანი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რომ მას ხელში ყუმბარა ეჭირა, რაც შემდგომ ვერ დაადასტურეს.

    ხეობაში, მეც, ჩემ თანატოლებსაც, ყველას გვქონდა განცდა, შიში - ჩვენც რომ დაგვადგეს თავზე სპეცრაზმი და გვითხრას - შენც ტერორისტი ხარ და დაგვაპატიმრონ ან უსიტყვოდ მოგვკლან... თემირლანს ხომ ამ ბრალდებით დაესხნენ თავს, რომ ის იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა ორ პირთან, რომლებიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პანკისში ცხოვრობდნენ. ის ხომ ამის გამო შერაცხეს ტერორისტად... ამის შიში და მოლოდინი ყველას გვქონდა და ახლაც გვაქვს. სეიფულას და აბდულას, რა სახელებითაც ჩვენ მათ ვიცნობდით, ხეობაში ბევრთან ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა.

    დღეს თემირლანის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. ამ ერთი წლის განმავლობაში გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ პასუხისგებაში არავინ მიუციათ, დამნაშავეები არ დასჯილან. გამოძიება ფორმალური ხასიათისაა.

    თემირლანის ოჯახის წევრები, ახლობლები, ხეობის მცხოვრებლები ცდილობენ გამოიყენონ ყველა სამართლებრივი გზა, სიმართლე რომ გაარკვიონ, მაგრამ ხელისუფლება უსუსურად არიდებს თავს კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება სხვადასხვა მედიასაშუალებების გამოყენებით ცდილობდა თემირლანი რამენაირად ტერორისტად, დამნაშავედ წარმოეჩინა, თავისი ქმედება რომ გაემართლებინათ, სოლიდარობა რომ მოესპოთ.

    პროტესტის გრძნობა ხეობაში, როგორც ერთი წლის წინ იყო, ახლაც არის, მაგრამ ის მუხტი აღარაა. საპროტესტო აქციებზე იმდენი ხალხი აღარ იკრიბება, საჯაროდ ნაკლებად აპროტესტებენ. იყო ზეწოლაც, სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულები გააფრთხილეს, რომ ისინი სამსახურს დაკარგავდნენ. ამასთან, მოსახლეობაში ნდობაც აღარ არის ხელისუფლების მიმართ.

    კი, 2012 – 2017 წლებში მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, მეტი ყურადღება იყო პანკისის მიმართ, ინფრასტრუქტურა განვითარდა, თუმცა ასეთმა სპეცოპერაციამ, თემირლანის მკვლელობამ ყველა სიკეთეს ხაზი გადაუსვა. ძალის ასეთი დემონსტრირებით 2000-იან წლებში გადაგვისროლეს, დაძაბულ პერიოდში.

    უსამართლობის, უარყოფითი დამოკიდებულების, დაუცველობის, იმედგაცრუების გამო ჩემი თანატოლები ხეობას ტოვებენ. ისინი გამოსავალს ქვეყნიდან წასვლაში ხედავენ. ქუჩაში რომ გამოვდივარ, თანატოლებს ვეღარ ვხედავ.

    არადა, შეიძლებოდა პანკისელი ახალგაზრდების რესურსის გამოყენება მათივე ნათელი მომავლისთვის, ქვეყნის სასარგებლოდ. ამის ნაცვლად კი ჩვენ რესურსებს შეურაცხყოფილი სახელის, იმიჯის, იარლიყების მოშორებაში ვხარჯავთ.

    უნდა აღდგეს ნდობა ხეობის მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და სახელმწიფოს შორის. უნდა გაგვცენ პასუხი კითხვაზე - რატომ მოკლეს ახალგაზრდა საწოლში, როცა მისი დაკავება ნებისმიერ დროს, სპეცოპერაციის გარეშე შეეძლოთ. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა.

    ამის შემდეგ არის შესაძლებელი ნდობისა და ურთიერთობების აღდგენა, ახალგაზრდებთან მუშაობა და შედეგების მიღწევა.

    ნებისმიერი პანკისელისთვის სამაგალითო ადამიანი არ უნდა იყოს ის, ვინც სირიაში წავიდა და იქ მიაღწია წარმატებას. ჩვენთვის სამაგალითო უნდა გახდეს ის, ვინც აქ მიაღწევს წარმატებას.

     

    ამ თემაზე:

    „ლაფანყურზე ათჯერ მძიმე დანაშაულია ჩადენილი - სახლში, საწოლში მომიკლეს მძინარე შვილი“

    მაჩალიკაშვილების პროტესტი და ჩაშლილი „პანკისობა

    მე და სახელმწიფო - კომუნიკაციის კრიზისი პანკისის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის

    სპეცოპერაციას, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]