• სინათლე ხეობაში

    ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 15:48 view 3102
    სინათლე ხეობაში

    მარიამი მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე იყო. 2015 წლის აპრილის იმ დღეს იხსენებს, როცა სკოლაში მისვლისას გაიგო, რომ მისი თანატოლი, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და მასზე ორი წლით უფროსი, 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი სირიაში წავიდნენ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ორივე მათგანი დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში ბრძოლებს უკვე 31 პანკისელი ემსხვერპლა, 30-მდე ადამიანი კი ცხელ წერტილში დღესაც იბრძვის.

    „შოკისმომგვრელი ამბავი იყო. გამიჩნდა კითხვა, ბავშვებმა, რომლებმაც არ იციან იარაღის ხმარება, ცხოვრებაში ალბათ არ უნახავთ ის, წავიდნენ და მიიღეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ჩემი აზრით, ის ახალგაზრდები ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყვნენ ჩართულები იმ აქტივობებში, რომლებსაც „KRDF“ (კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი) ახორციელებდა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

    პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მოექცეოდნენ სხვისი გავლენის ქვეშ. ისინი ხომ ჰაერზე არ წასულან, ვიღაცამ გააგზავნა. ცენტრში, მითუმეტეს იმ პერიოდში, აქტიურად ხორციელდებოდა პროექტები, რომლებიც გათვლილი იყო ახალგაზრდებზე. მათ რეალურად არ დარჩებოდათ იმდენი დრო, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე ეფიქრათ, ისინი დაკავებულები იქნებოდნენ თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობით“.

    მარიამ მარგოშვილი უკვე სამი წელია დუისის საგანმანათლებლო ცენტრის პროექტებშია ჩართული. არქიტექტორობაზე ოცნებობს. ცენტრში ერთ-ერთი ტრენინგის დროს შეხვდა არქიტექტორებს, რომლებმაც ეს პროფესია ჯერ კიდევ მანამდე შეაყვარეს, ვიდრე საფუძვლიანად შეისწავლის. მარიამს სჯერა, რომ მისთვის და მისი თანატოლებისთვის საგანმანათლებლო ცენტრი ის სივრცეა, სადაც ისინი ყველაზე საჭიროს, ერთმანეთს პოულობენ:

    „რეალურად, ცენტრი არის ერთადერთი ადგილი, სკოლის გარდა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ რომ შეიკრიბონ. ამ პროექტში მონაწილეობით პირველ რიგში შევიძინე უამრავი ქართველი მეგობარი.

    მე და სხვა ბავშვებმა აღვადგინეთ ის ხიდი, რომელიც იყო ჩამტვრეული, ჩვენსა და ქართველ ბავშვებს შორის. რომ არა ცენტრი, მე პირადად წავიდოდი სახლში ან რეპეტიტორთან და მერე უკვე სახლში. ბიჭების შემთხვევაში ან ისევ ქუჩაში, ე.წ ბირჟები ან მეჩეთები“.

    წელს 31-მა პანკისელმა აბიტურიენტმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებლებში. ყველა მათგანი ეროვნული გამოცდებისთვის სწორედ დუისისა და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრებში ემზადებოდა.

    ფერიდე ქავთარაშვილმა 100 %-იანი გრანტი მოიპოვა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე სწავლობს: „დუისის საგანმანათლებლო ცენტრს დიდი წვლილი მიუძღვის. ეროვნულ გამოცდებზე თითოეული ქულა დიდი მნიშვნელობის მქონეა. ცენტრში რომ არ მევლო, შეიძლება იმისთვის ვერ მიმეღწია, რასაც დღეს მივაღწიე და სასურველ შედეგამდე ვერ მივსულიყავი“.

    ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულები დააგროვა მარხა ნაციშვილმაც და 100 %-იანი სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფარმაციის ფაკულტეტზე გააგრძელა.

    მარხა ამბობს, რომ პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და შესაძლებლობა არ აქვთ, კერძო რეპეტიტორთან მოემზადონ.

    პანკისელ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო ცენტრებში ენებისა და კომპიუტერის შესწავლა და პროფესიის დაუფლებაც უფასოდ ან სიმბოლურ ფასად, 5-10 ლარად შეუძლიათ. აქ ჭრა-კერვას, კულინარიას, თექაზე მუშაობასა და ქსოვასაც ასწავლიან.

    15 წლის ამინა მარგოშვილს დიზაინერობა სურს. პროფესიულ სასწავლებელში გამოცდები ჩააბარა და ახლა პასუხს ელოდება: „როცა დუისის ცენტრში კომპიუტერის კურსებს გავდიოდით, პრეზენტაცია უნდა გაგვეკეთებინა. მე ავირჩიე პრეზენტაცია კოკო შანელზე. ამის მერე ქალბატონი დირექტორი ყოველთვის მეუბნებოდა, დიზაინერი უნდა გახდეო. მერე ჭრა-კერვა ვისწავლე. ყველაფერი ვიცი უკვე მანქანის შესახებ, უფრო ადვილი იქნება ჩემთვის შემდგომი სწავლა, რადგან საფუძველი მაქვს. სახლში არავინ მასწავლიდა, არავინ იცის. აქ სწავლა რომ უფასოა, ეს ხელს ძალიან გვიწყობს“.

    „სწავლის გარდა ეს ურთიერთგაცნობის დიდი ადგილია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ხეობის თითქმის ყველა სოფლიდან აქ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუახლოვდებით“, - ამბობს 15 წლის ბილაალ დუიშვილი, ჯოყოლოდან. ბილაალმაც სხვა პანკისელი ბავშვების მსგავსად, ბევრი მეგობარი სწორედ ცენტრში შეიძინა.

    „2014 წელს დავიწყეთ ქართველი და ქისტი ბავშვების დამეგობრება, გამომდინარე იქიდან, რომ პანკისში, ახმეტაში, ხშირად კონფლიქტში შედიოდნენ. როცა ღონისძიებებზე იკრიბებოდნენ, ხშირად მთავრდებოდა რაღაც კონფლიქტებით. ექსკურსიებისა და ტრენინგების გარდა, აქტივობები გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. მერე საგრანტო კონკურსში მონაწილეობდნენ და პატარა პროექტებს ვაფინანსებდით. ერთ პატარა მაგალითს გავიხსენებ. 5 პროექტი უნდა დაგვეფინანსებინა, ათას-ათასი დოლარით. სოფელ ყვარელწყლიდან ბავშვებმა შემოიტანეს საპროექტო წინადადება. უნდოდათ, რომ სკოლის წინ ავტობუსის მოსაცდელი გაკეთებულიყო, რადგან წვიმასა და თოვლში გარეთ იდგნენ. დაფინანსება ერთი პროექტის ფარგლებში არ ეტეოდა. ქისტმა ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ორი პროექტი გაერთიანებულიყო და დაფინანსება ყვარელწყლისთვის დაეთმოთ“, - საგანმანათლებლო ცენტრების დამფუძნებელი და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იზა ბექაური არაერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ქისტი და ქართველი ახალგაზრდები სწავლამ დაამეგობრა.

    დუისისა და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრებში ახლა 300-მდე მოსწავლეა პანკისის ხეობის თითქმის ყველა სოფლიდან. ჯერ კიდევ 18 წლის წინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხეობაში პირველი ცენტრი გაიხსნა, მისი მიზანი ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლება იყო. თანდათანობით ცენტრმა სხვა საგანმანათლებლო და კულტურული დატვირთვა შეიძინა, გაფართოვდა, თუმცა პანკისელების მხარდაჭერასთან ერთად, პრობლემებიც გაუჩნდა.  

    „ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, როცა კულტურულ ღონისძიებებს ვატარებდით, ეს არ მოწონდათ და ძალიან ხშირად იყო ხელშეშლა. მოვარდებოდნენ აქ და გვეუბნებოდნენ, რომ მუსიკას ნუ უკრავთ, ნუ აცეკვებთ, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. მაგრამ, თვითონ ადგილობრივები გვეხმარებოდნენ, მოუწოდებდნენ, რომ ასე ნუ იქცეოდნენ“, - იხსენებს იზა ბექაური.

    დაარსების დღიდან საგანმანათლებლო ცენტრები საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების მხარდაჭერით მუშაობდა. წლის განმავლობაში დაახლოებით 130 ათასი ლარია საჭირო. მომავალი წლიდან 34 თანამშრომელი ცენტრების დახურვას ელოდება. 15 დეკემბრიდან დაფინანსება იწურება: „სხვადასხვა დონორი მეუბნება, რომ არც სხვაგან არის ასეთი ცენტრები, მაგრამ აქ სხვანაირი მდგომარეობაა“.

    სხვა რეგიონებისგან განსხვავებულ მდგომარეობაზე ცენტრების მასწავლებლები და მშობლებიც საუბრობენ. მათთვის ეს სივრცე მხოლოდ უნარების ან ენების შესასწავლი ადგილი არ არის.

    ნათელა ალდამოვი ამბობს, რომ ცენტრმა დიდი როლი შეასრულა ბევრი ახალგაზრდის სწორ გზაზე დაყენებაში: „ეს ცენტრი რომ არ იყოს, ის ბავშვები რაღაცით ხომ უნდა დაკავდნენ? ადრე, სანამ ეს ცენტრი იქნებოდა, მანამდე უფრო მეტად მეჩეთებსა და მედრესეებში მიდიოდნენ ბავშვები, უფრო მეტი მიდრეკილება ჰქონდათ იქითკენ. ახლა ბევრი სხვადასხვა პროექტია, საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, პროფესიის შემსწავლელიც, გასართობიც, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მობრუნდა, ბევრი ახალგაზრდა ჩაება ამ ცენტრის მუშაობაში. მე ვფიქრობ, ის ბიჭებიც, ვინც იყვნენ წასულები სირიაში, განათლება, ასეთი კომუნიკაცია რომ ჰქონოდათ,  ისინიც არ მოტყუვდებოდნენ, არ წამოეგებოდნენ იმ ანკესზე, სადაც ხდებოდა მათი გადაბირება“.

    „იმდენად არიან ეს ბავშვები ჩართულები საგანმანათლებლო ცენტრების აქტივობებში, იმდენად დიდ როლს თამაშობს ეს ცენტრი მათ განვითარებაში, ფუნქციონირება თუ შეწყვიტა, ჩემი აზრით, ამას ბავშვების პიროვნული დათრგუნვა მოჰყვება.

    იმას არ ვამბობ, ადრე, როცა ცენტრი არ იყო, მაშინ ჩაკეტილები იყვნენ ბავშვები, ამ მხრივ არ ვამბობ. მაგრამ, იმდენად გაიხსნენ ეს ბავშვები, იმდენად დაინტერესებულები არიან, რომ თუ შეწყდა ყველა ეს აქტივობა, უარყოფითად იმოქმედებს“, - აღნიშნავს ნესტან მუთოშვილი.

    სამოქალაქო აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი, რომელიც ახლა თავის ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს, წლების წინ, თვითონაც ამ ცენტრის წევრი იყო:

    „ჩვენ ძალიან დიდი სიამაყით ვამბობთ ხოლმე, ჩვენ - დღეს სამოქალაქო აქტივისტები ვინც ვართ ხეობაში, ვინც გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, ერთმანეთს კლუბელებს ვუწოდებთ. ჩვენც თავის დროზე ამ ცენტრის მოსწავლეები ვიყავით. ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ჩვენი თაობის სხვა ახალგაზრდებს შორის, ვინც ამ ცენტრში არ დადიოდა.

    ეს არის სივრცე სკოლის მერე, სადაც ყველანაირი შესაძლებლობა გქონდა დაგენახა, რა ხდებოდა განსხვავებულ სამყაროში, დაგენახა საკუთარი როლი ამ თემში და ამ საზოგადოებაში“.

    ლუიზა დარწმუნებულია, რომ ამგვარი თავისუფალი სივრცის გარეშე, ხეობის კარჩაკეტილობის სტიგმა კიდევ უფრო გაძლიერდება: „მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა პანკისის კრიზისის მერე, არანაირი განვითარება არ გვაქვს. ჩვენში არსებობს ისეთი თემები, რაზეც ოჯახი, სკოლა ბავშვს ინფორმაციას არ აძლევს. უნდა არსებობდეს ალტერნატივა, სადაც ბავშვი ამას მიიღებს და ეს ალტერნატივა ეს საგანმანათლებლო ცენტრებია.

    სხვადასხვა ბანაკებიც აქვს ცენტრს და ბავშვებს ეს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა. იქ მარტო ქისტები არ არიან. თავიანთ თანატოლებს ეცნობიან და ხედავენ, რომ პანკისის მიღმა სამყარო არსებობს. ხედავენ იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი თაობა, რომელ რეგიონშიც არ უნდა ცხოვრობდე, ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგას, ერთნაირი მიზნები, ერთნაირი სურვილები აქვთ“.

    ხეობისთვის ახლა ერთ-ერთი გამოწვევა საგანმანათლებლო ცენტრების შენარჩუნებაა. პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი ფიქრობს, რომ ამის აუცილებლობა პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა დაინახოს:

    „იმ დროს, როდესაც არიან ისეთი ძალები, რომლებიც იბრძვიან კულტურის, განათლების, ადათების და ტრადიციების წინააღმდეგ, ეს ცენტრი კი მთლიანად მოიცავს ამ კუთხით საგანმანათლებლო საქმიანობას, დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებით როლს თამაშობს ახალგაზრდობის პროგრესისკენ შემობრუნების საქმეში. თუნდაც ავიღოთ ცეკვა, სიმღერა. ახალი რელიგიური მიმდინარეობა, ვიცით, რომ ამას კრძალავს, არადა კულტურა ადამიანის განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა.

    ეს საგანმანათლებლო ცენტრები ერთი შუქია ამ ხეობაში, ამ კუთხით. აუცილებელია რომ შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ჩვენ მივმართოთ. თუ აღარ იქნება დონორების მხარდაჭერა, თვითონ სახელმწიფომ დააფინანსოს ეს ცენტრი და შეინარჩუნოს მათი საქმიანობა. უაღრესად პროგრესულია, უაღრესად საჭიროა პანკისის ხეობისთვის“.

    მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ცენტრები დახურვას გადარჩება - პანკისელი ახალგაზრდები არ დარჩებიან ალტერნატიული სივრცის გარეშე, აქ დასაქმებულებს არ მოუწევთ შემოსავლის ძებნა, სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახები კი არ გახდებიან იძულებულნი, უარი თქვან შვილების განათლებაზე. იმედი აქვთ, რომ მათი ხმა მიწვდება ადრესატებს და პანკისის გარეთაც შეძლებენ დაინახონ, თუ რა სჭირდება ხეობას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]