„რამდენადაც სახელმწიფოს გააჩნია პანკისის ხეობის განვითარების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ მიმართულებით მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაა, ჩვენ გვექნება ის მექანიზმები აწყობილი, თუ როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ, ცენტრებმა გააგრძელონ თავისი საქმიანობა. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილებაპირდაპირ გასცეს გრანტი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. არსებობს სპეციალური წესი, როდესაც „აუთსორსინგზე“ გააქვთ რომელიმე პროგრამა და კონკურსის წესით შეირჩევა შესაბამისი ორგანიზაცია. ამცენტრებს, თემთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილებით, ასეთი ფორმით გამოცხადებულ პროგრამებში გამარჯვების შესაძლებლობა აქვთ.
ამასთან, ჩვენ ვხედავთ მეორე მხარესაც, როდესაც დონორი ორგანიზაციები აპირებენ, რომ გასცენ გრანტები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სხვა სერვისების შეთავაზების მიმართულებით. მე ვფიქრობ, სახელმწიფო მინისტრის მხარდაჭერა, შუამდგომლობა, რეკომენდაცია ამ ცენტრებს დამატებითი ფინანსების მოპოვების და გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.
მისივე თქმით, პრობლემების გადაჭრის მიზნით, მინისტრის აპარატი ცენტრების ხელმძღვანელობასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს.
პანკისის ხეობაში, დუისის და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრებმა, დაფინანსების არქონის გამო მუშაობა 2019 წლის იანვრიდან შეწყვიტეს. ცენტრების აქტივობებში ხეობის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 300-მდე ბავშვი და ახალგაზრდა იყო ჩართული. ფუნქციონირებდა აბიტურიენტების მომზადების, კულინარიის, თექის წარმოების, კომპიუტერული პროგრამების, ცეკვის და სხვა კურსები. პერიოდულად კი დაინტერესებულ ახალგაზრდებს მეფუტკრეობას, სადურგლო საქმეს და ელექტროობასაც ასწავლიდნენ.
ერთი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირებისთვის დაახლოებით 130 ათასი ლარია საჭირო. ცენტრების დახურვის შედეგად უმუშევარი დარჩა 34 თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობაც ქალია. საგანმანათლებლო ცენტრებს არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ამუშავებდა. ფონდის ხელშეწყობით მუშაობდა დუისის კულტურის სახლიც, სადაც წლის განმავლობაში ათობით ღონისძიება იმართებოდა.
საგანმანათლებლო ცენტრებმა მუშაობა რომ განაახლონ, საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის მოთხოვნით, უახლოეს დღეებში, პანკისის ხეობაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრისთვის მიმართვას აპირებენ.
ამ თემაზე:
მე და სახელმწიფო - დახურული საგანმანათლებლო ცენტრები პანკისში