• პანკისში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე უხუცესები პოლიციაში დაიბარეს

    ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 15:52 view 3700
    პანკისში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე უხუცესები პოლიციაში დაიბარეს

    29 იანვარს, პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე უხუცესები ვანია მუთოშვილი, ჯოყოლა ბორჩაშვილი და კაკო გუნაშაშვილი თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს. ქისტ უხუცესებს სამხარეო პოლიციის უფროსი შოთა ჭანუყვაძე შეხვდა და გააფრთხილა, რომ ჰესები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტებია და მშენებლობას ხალხი გაგებით უნდა მოეკიდოს.

    პოლიციაში უხუცესების დაბარებას წინ უძღოდა პანკისის სოფელ დუისში გამართული შეკრება, რომელსაც დაახლოებით 20 ადამიანი ესწრებოდა და სადაც ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხი განიხილეს.

    „პოლიციაში იმიტომ დაგვიბარეს, რომ ჰესების მშენებლობას მხარს არ ვუჭერთ. ეს საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს და ხალხი საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რას მოგვიტანს ჰესების აშენება.

    პოლიციის დირექტორმა გვითხრა, რომ ჰესის აშენება გადაწყვეტილია, რომ ეს არის სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტი და ხალხი გაგებით და სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რათა დაპირისპირება არ მოხდეს.

    ალბათ გულისხმობდა ადგილობრივებსა და ინვესტორებს შორის დაპირისპირებას“, - უთხრა ვანია მუთოშვილმა პანკისის სათემო რადოს.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), რომელიც ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინტერესებს იცავს სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, განმარტოს, რა სამართლებრივი საფუძვლით და წესით იბარებს ადგილობრივებს და რა საფუძვლით ცდილობს ჰესების მშენებლობისთვის მათი მხარდაჭერის მოპოვებას.

    ამასთან, EMC ითხოვს, შსს-მ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პანკისის ხეობის მოსახლეობის დაშინებისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა და საკუთარი საქმიანობა კანონის მოთხოვნებში მოაქციოს; ასევე, დაიწყოს დისციპლინური დევნა ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიმართ, რომელიც ადგილობრივი თემის თვითნებური შევიწროების და კონტროლის პროცესშია ჩართული.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე რაიმე განმარტება არ გაუკეთებია.

    პანკისის მოსახლეობის ნაწილი სოფელ ბირკიანში 5.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი 3“-ის მშენებლობას თითქმის ერთი წელია აპროტესტებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი, თუმცა სამუშაოები რამდენიმე თვეა შეჩერებულია. ეს პანკისის ხეობაში მესამე ჰესი იქნება. მისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება.

    პანკისის ხეობაში დაგეგმილია კიდევ ერთი, 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე სამყურისწყალზე. ეს საკითხი სასამართლოშია გასაჩივრებული. ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი ჰესის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვს. პანკისში მეოთხე ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლოა დასახლებული პუნქტის გავლით მაღალი ძაბვის ახალი ხაზი აშენდეს, რათა ჰესიდან ელექტროენერგია ახმეტის ქვესადგურს მიეწოდოს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]