29 იანვარს, პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე უხუცესები ვანია მუთოშვილი, ჯოყოლა ბორჩაშვილი და კაკო გუნაშაშვილი თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს. ქისტ უხუცესებს სამხარეო პოლიციის უფროსი შოთა ჭანუყვაძე შეხვდა და გააფრთხილა, რომ ჰესები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტებია და მშენებლობას ხალხი გაგებით უნდა მოეკიდოს.
„უხუცესებზე მიდის გარკვეული ზეწოლა. ეს ხდება საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული, ყველა წყაროთი დამთავრებული. ამ ადამიანებს ჯვარედინი დაკითხვების ქვეშ აქცევენ, რომ რამე წამოაცდევინონ. ნუ გვგონია რომ მარტივად არის სიტუაცია. სიტუაცია რთულია და ამ ხალხმა დაინახა, რომ სირთულესთან ერთობლივად დგომაა საჭირო. აქ საუბარია ახალგაზრდების მოტაცებაზე ტერორისტებისგან, ასე ვითარდება ტერორიზმი“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.