• «ჩემს შვილსაც უნდოდა განვითარებულ ხეობაში სიცოცხლე» - თემირლანის დედა მინისტრებს

    ორშაბათი, 15 აპრილი 2019 11:21 view 3436
    «ჩემს შვილსაც უნდოდა განვითარებულ ხეობაში სიცოცხლე» - თემირლანის დედა მინისტრებს

    „დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა. როდემდე ეს გამოძიება? უკვე მეორე წელია, ჩვენც გადავიღალეთ. უსამართლობას არ ვითხოვ, სამართალს ვითხოვ. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, ნებისმიერთან მივალ, გოგაშვილთანაც, გომელაურთანაც. დამანახოს, აი, შენი შვილი დამნაშავეა და არა ტყუილების და მედიის საშუალებით, ჩემს შვილს სახელს რომ უტეხავენ“, - უთხრა პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა ხეობაში მყოფ მინისტრებს.

    ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წინასაარჩევნოდ პანკისის ხეობაში ჩავიდნენ და რამდენიმე შეხვედრა გამართეს. 19 მაისს, ზემო ხალაწნის თემში შუალედური არჩევნები იმართება, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად.

    ახალგაზრდებთან შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამოქალაქო აქტივისტებმა სულხან ბორძიკაშვილმა და ლუიზა მუთოშვილმა ისაუბრეს.

    „არ შეიძლება გამოვტოვოთ ეს შეხვედრა ისე, რომ ისევ და ისევ არ ვახსენოთ თემირლანის საქმე.

    ის ჩვენი თანატოლი იყო. დღემდე არ ეძლევა მის ოჯახს უფლებების დაცვის, სამართლიანი სასამართლოს მიღების შესაძლებლობა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არამხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ხეობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

    ეს საკითხი ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესსაც“, - აღნიშნა სულხან ბორძიკაშვილმა.

    ლუიზა მუთოშვილის თქმით, „რაღაც დონეზე, შესაძლოა, მოსაბეზრებელი აღმოჩნდეს მუდმივად ამაზე აქცენტირება, მაგრამ პასუხი იმისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხეობა არ იყოს აღქმული, როგორც საფრთხის შემცველი ნაწილი“.

    ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებს, ცქიტიშვილსა და ციხელაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმაც მიმართა.

    „გაიკითხეთ ნებისმიერმა ხეობაში, თუ ჩემს შვილს რამე აქვს ჩადენილი ან გარეულია. უბრალოდ, მეზობლის ორ ბიჭს იცნობდა, ნაცნობობის გამო ჩამიცხრილეს შვილი. თავიც კი არ აქვს წამოწეული. იმდენი სიბინძურე მოიგონეს... ეღიარებინათ, უშეცდომო არავინ არის. პირდაპირ შემომიცვივდნენ სახლში და ჩამიცხრილეს ბავშვი. ვინც დამნაშავეა დაისაჯოს.

    ჩემს შვილსაც უნდოდა განვითარებულ ხეობაში სიარული, სწავლა და სიცოცხლე, რომელიც ოცნების მთავრობამ წამართვა“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

    სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა:

    „ყველა კითხვას უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი. იმასაც უნდა გაეცეს პასუხი თემირლანს ჰქონდა თუ არა კავშირები ტერორიზმთან და ისიც უნდა იყოს გამოძიებული, ეს სპეცოპერაცია რამდენად სწორად ჩატარდა. მე, როგორც დედა, მესმის თქვენი. ყველამ უნდა დავიცვათ კანონი, როგორც მთავრობამ, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად, მე ამაში რა თქმა უნდა გეთანხმებით. საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ორივე კითხვაზე პასუხი. კონკრეტულად რა ჰქონდა თემირლანს თავში და სამწუხაროდ, ამის ფაქტებიც არსებობს, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ესეც და მეორეც, რომელიც შეეხება სპეცოპერაციას. კითხვები არსებობს ორივე მიმართულებით და ამიტომ, დაველოდოთ გამოძიებას“.

    მერვე თვეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, კიდევ ერთ შვილმოკლულ მამასთან და რამდენიმე აქტივისტთან ერთად, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მკვლელების დასჯას ითხოვს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლანს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 16 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]