• პანკისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96.49% მიიღო

    ორშაბათი, 20 მაისი 2019 13:17 view 4093
    პანკისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96.49% მიიღო

    ხალაწნის თემიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი როსტომ ალხანაშვილი აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალხანაშვილმა სოფელ ხალაწანსა და ომალოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმების 96.49% აიღო, რაც 577 ხმაა.

    ახმეტის საარჩევნო ოლქში 19 მაისს გამართულ კენჭისყრაზე აქტივობა 50.57% იყო. N8 ხალაწნის საარჩევნო უბანზე სულ რეგისტრირებული 413 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 233-მა მიიღო. აქედან 221-მა ხმა როსტომ ალხანაშვილს მისცა. რაც შეეხება N24 ომალოს საარჩევნო უბანს, აქ 807 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც არჩევნებზე 384 მივიდა. ომალოს უბანზე როსტომ ალხანაშვილს 356-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

    ახმეტის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 11 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. მათ შორის არ იყვნენ არც დამოუკიდებელი და არც მთავარი ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატები.

    ხალაწნის თემი 5 სოფელს მოიცავს – ომალო, ზემო ხალაწანი, დუმასტური, შუა ხალაწანი და ქვემო ხალაწანი. ახმეტის საკრებულოში აღნიშნული თემიდან ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგად არჩეულ მაგდანა ალხანაშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 2018 წელს მაგდანა ალხანაშვილი შვედეთში წავიდა, სადაც ის თავშესაფარს ითხოვს.

    რაც შეეხება როსტომ ალხანაშვილს, 2013 წლიდან მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენამდე, ის ახმეტის გამგებლის, შემდეგ კი მერის წარმომადგენელი იყო. მან საზოგადოებას თავი 2018 წლის ზაფხულში მომხდარი ინციდენტით დაამახსოვრა. გასული წლის 15 ივნისს, პანკისის ხეობაში კადიროვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, ადგილობრივები გამოჩნდნენ ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის ფოტოებით და კადიროვების მხარდამჭერ შეძახილებს ყვიროდნენ. პანკისის სათემო რადიოსთვის, არაერთი სარწმუნო წყაროსგან დადასტურებულად არის ცნობილი, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი როსტომ ალხანაშვილი იყო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]