• პანკისში დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს

    ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 15:08 view 6027
    პანკისში დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს

    პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს. ხანძრის შედეგად დაიწვა აკლდამის ჭერი, ფანჯრები, ავეჯი და სხვა ინვენტარი. ქერიმ დუიშვილს ხეობაში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი წმინდანად მიიჩნევს. აკლდამაში, სადაც ქერიმ დუიშვილის საფლავია მოქცეული, ხალხი სალოცავად დადიოდა.

    ქერიმ დუიშვილი 88 წლის ასაკში, 1977 წელს გარდაიცვალა. ქისტი უხუცესისა და მწერლის, ხასო ხანგოშვილის თქმით, ქერიმ დუიშვილი სოფელ დუისის დამაარსებლის დუი ცაცხასაშვილის შვილიშვილი იყო.

    „კომუნისტების მმართველობის პერიოდშიც კი ქადაგებდა, როცა ყველაზე რთული იყო, მითუფრო პანკისში. რელიგიურ რიტუალებს ატარებდა, დაკრძალვის დროს იქნებოდა ეს თუ სხვა. თითქმის იმამის მოვალეობას ასრულებდა. ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თავისი მიმდინარეობა ჰქონდა, „ოდის“ უწოდებდნენ, წმინდანის სახელია, მისი წარმომადგენელივით იყო, როგორც ჰაჯის და შეიხის მიურიდები არიან. თავისი ჯგუფი ჰყავდა. კარგი კაცი იყო. პანკისში სხვა სასაფლაოზე ასეთი აკლდამა არ მინახავს, მაგრამ ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში ბევრია. რუსთავთან ახლოს, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების სასაფლაოზეც მინახავს. ამ აკლდამაში ხალხი მიდიოდა, ვედრებას ვეძახით ჩვენ მას, მივდივართ მის საფლავთან და ღმერთს ვთხოვთ. ქერიმ დუიშვილი თავისი საქმიანობით გამორჩეული იყო, ის ხალხის მიერ წმინდანად არის აღიარებული“, - უთხრა ხასო ხანგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    ქერიმ დუიშვილის შვილიშვილმა მედინა დუიშვილმა პაპის აკლდამის გადაწვის შესახებ 3 იანვარს შეიტყო.

    „2 იანვარს, ღამით გადაუწვიათ. პაპა ღმერთის შუამავალი იყო. წინასწარ ამბობდა რაც მოხდებოდა. 40 წელზე მეტია ეგ აკლდამა მის საფლავზე დგას. არავის არასდროს დაუზიანებია. რაც გარდაიცვალა, მას შემდეგ დადის იქ ხალხი სალოცავად. ახლაც დადიან, ლოცულობენ. კარი ყოველთვის ღიაა. ზოგს თხოვნა აქვს, ზოგი უშვილო მიდის. ვინც მიდიოდა, ზოგს შვილი გაუჩნდა. სახურავიც ადგილობრივებმა შეცვალეს, შელესეს. ჩეჩნები ჩამოვიდნენ, ზოგი რამ მათ გააკეთეს. აქამდე არასდროს დაუზიანებიათ.

     

    ხეობაში რომ ლაპარაკობენ, ვაჰაბისტების (სალაფიტების) ან მთავრობის გაკეთებულიაო, ამას გამოვრიცხავ. ვიღაცას ალბათ კვალის დაფარვა უნდა. ანაბეჭდების აღებით იქ არაფერი გამოვა. პოლიცია ტყუილად შეაწუხებს ხალხს, ბევრი ადამიანი შედიოდა და გამოდიოდა“, - ამბობს მედინა დუიშვილი.

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი აბუ მუსლიმი (ზურაბ ქავთარაშვილი) ვარაუდობს, რომ ქერიმ დუიშვილის აკლდამაში ცეცხლი შესაძლოა დაუდევრობით გაჩნდა ან აკლდამის გადაწვის მიზანი ხეობაში სუფისტებსა და სალაფიტებს შორის კონფლიქტის გაღვივებაა.

    „მე ვვარაუდობ, რომ ცეცხლი შესაძლოა იმ ახალგაზრდების დაუდევრობით გაჩნდა, რომლებიც ხეობაში ნარკოტიკებს მოიხმარენ. შეიძლება ვიღაც შევიდა, რამე გაიკეთა და ცეცხლი გაჩნდა, ან ვინმეს ორ მხარეს შორის შუღლის ჩამოგდება უნდა და ეს განზრახ გააკეთა. არ არის გამორიცხული. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, ეს მიუღებელია საქციელია“.

    მაგ ადამიანს მეც პატივს ვცემ. როგორც წმინდა ადამიანი, ასე მიმაჩნია. კომუნისტების დროს, როცა ათეიზმი იყო, ბევრ რამეს აკეთებდა. ჩვენ, მუსლიმები, ერთღმერთიანობის მქადაგებლები, არ ვრთავთ ნებას, მიღებული არ არის ისლამში, რომ თაყვანი ვცეთ სხვას, გარდა ღმერთისა. ჩვენ თაყვანს არ ვცემთ, მაგრამ პატივს მივაგებთ. ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია საფლავის შეურაცხყოფა, სულ რომ ურჯულო ადამიანის ყოფილიყო.

    სალაფიტური მიმდინარეობის ახალგაზრდებისგან, არავისგან არ გამიგია ამ ადამიანის შესახებ რაიმე ცუდი ან კარგი, მაგრამ როგორც ასეთი საფლავის გადაწვა, ცეცხლის წაკიდება, დადებითად არავის შეუფასებია“.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

    ახმეტის პოლიციას ამ დრომდე არ გამოუძიებია 2017 წელს პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 პრიმა მე-2 მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]