• სისხლის აღება და პატიება ქისტური სამართლის მიხედვით

    კვირა, 19 იანვარი 2020 16:50 view 9111
    ფოტოზე - ქისტი უხუცესი და მწერალი ხასო ხანგოშვილი ფოტოზე - ქისტი უხუცესი და მწერალი ხასო ხანგოშვილი

    ქისტური სამართლის მიხედვით ადამიანის მკვლელობა მძიმე დანაშაულია. „მეერის“, შურისძიების ობიექტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: თუ მკვლელი დაკავებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ და სასჯელს იხდის ციხეში, ის იკავებს „მეერის“ ადგილს და თუ ის ციხეში გარდაიცვალა, მისი შეცვლა უახლოესი ნათესავით (ძმა, მამა, ბიძა, ბიძაშვილი) იკრძალება, რადგან შურისძიება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ მკვლელზე. დაუშვებელია მკვლელის ნათესავებზე შურისძიება.

    ქისტური სამართლის კოდექსის მიხედვით, რომელიც ბოლოს 2017 წელს გადამუშავდა, „მეერი“ მკვლელი უნდა იმყოფებოდეს სოფელში. უფლება არა აქვს ხეობა დატოვოს. ადგილზე მის ყოფნას ამისთვის დანიშნული გარეშე პირი ამოწმებს. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ მოსისხლეები ნებას დართავენ, „მეერს“ შეუძლია განსაზღვრული დროით დატოვოს ადგილსამყოფელი. თუ მოსისხლეები უხუცესების მოლაპარაკების შედეგად დათანხმდებიან, „მეერს“ შეუძლია მიიღოს ნებართვა საკუთარ ეზოში მუშაობაზე. თუ ასეთი შეთანხმება შედგა, შურისმაძიებლებს უფლება არა აქვთ ეზოში მყოფ „მეერს“ ესროლონ.

    თუ „მეერმა“ უნებართვოდ დატოვა სოფელი, გაპარულად ჩაითვლება. როგორც კი შეიტყობენ დაზარალებულები, დამნაშავის ახლობლებს მოსთხოვენ, რომ მკვლელი ადგილზე დააბრუნონ ან სხვა, მკვლელის მამა, ძმა და ა.შ. უახლოესი ნათესავი დასვან „მეერის“ ადგილას.

    თუ მკვლელი გაქცევის დროს სხვის ოჯახს აფარებს თავს, იძულებითი მასპინძელი იცავს არასასურველ სტუმარს. მდევრებიც ვალდებულები არიან დაიცვან მასპინძლის უფლება და დევნა შეწყვიტონ, თუმცა უფლება აქვთ, მოსთხოვონ გაიყვანოს თავის ოჯახიდან მათი მტერი და ამისთვის ვადა მისცენ. მასპინძლის ოჯახში სტუმრის მოკვლა დაუშვებელია.

    მკვლელობის შემთხვევაში შურისძიების უფლება აქვს გვარის ყველა წარმომადგენელს, ძმადნაფიცს, დისწულს.

    ჯგუფური მკვლელობის დროს თუ გამოვლინდება პირი, რომელსაც „ხელები ჭუჭყიანი“ აქვს, ე.ი. გამოვლინდა მთავარი მკვლელი, ის აგებს პასუხს. თუ ჯგუფური მკვლელობის მონაწილეები ერთი გვარისანი არიან, მაშინ თავად თეიფის (გვარის) უხუცესები გამოავლენენ „მეერს“. თუ „მეერი“ ვერ გამოავლინეს, მაშინ დაზარალებულები თავად იკვლევენ დამნაშავეს, დაადგენენ და „მეერად“ დასვამენ. ამ შემთხვევაში დაუშვებელია პრინციპი - მოვკლათ დამნაშავეებში საუკეთესო - შურისძიება უნდა მოხდეს მკვლელზე.

    ქისტურ სამართალში სისხლის საფასური 60 ძროხად არის შეფასებული.

    ქალის მკვლელობა კატეგორიულად დაუშვებელია. ორსული ქალის მკვლელობა ორი ქალის მკვლელობას უდრის და მკვლელს ორი ადამიანის სისხლის საფასური ეკისრება.

    როცა მკვლელობა ფარულად მოხდა და დაზარალებულები დანაშაულს საჯაროდ აბრალებენ ეჭვმიტანილს, მაგრამ ეჭვმიტანილი არ აღიარებს მას, ასეთ ვითარებაში შირისძიება გამართლებული არ არის. შესაძლებელია შურისმაძიებელი თავად გახდეს დევნის ობიექტი თუ უდანაშაულო კაცი მოკლა. ამიტომ, როცა არ არსებობენ მოწმეები და არც ხელჩასაჭიდი სამხილი, საქმე ფიცამდე მიდის.

    ფიცი ქისტურ სამართალში სიმართლის დადგენის მთავარი ფაქტორია. ქისტებში დაფიცება ყურანზე ხდება. სისხლზე 60-მა კაცმა უნდა დაიფიცოს. პირველი ყურანზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაიფიცავს: მე არ მომიკლავს ესა და ეს კაცი. შემდეგ 59 კაცი იფიცავს, რომ ეს სიმართლეა. ამის შემდეგ დავა წყდება. დღევანდელი ადათით შესაძლებელია 2 ქალის ფიცის მიღება 1 კაცის საფასურად, რაც უხუცესების აზრით არასამართლიანია და კაცისა და ქალის ფიცი უნდა გათანაბრდეს.

    ქისტური სამართალი განასხვავებს განზრახ და შემთხვევით მკვლელობებს.

    შემთხვევითი მკვლელობის დროს შურისძიების მიზნით დევნა უნდა შეწყდეს და შესარიგებლად მოლაპარაკება დაიწყოს. სისხლის პატიების პროცესი არ მთავრდება მაშინაც კი, თუ დაზარალებულმა გვარმა შერიგების შესახებ უხუცესებისა და ხეობის ყველა სოფლის მცხოვრებთა თხოვნა გაიზიარეს. უნდა მოხდეს გუშინდელი მტრების დანათესავება, დაძმობილება, ძმადგაფიცვა, რათა მტრობა სამუდამოდ აღმოიფხვრას. მკვლელი და მისი ახლო ნათესავები სრულად მაინც არ თავისუფლდებიან ჩადენილი დანაშაულისგან. ისინი მორიდებულად უნდა იყვნენ, კამათში და ჩხუბში არ უნდა ჩაერივნენ მოკლულის ახლობლებთან.

    ქისტური სამართლით განსაკუთრებულ სასჯელს იმსახურებს სხვის ომში, მაგალითად სირიაში ახალგაზრდების გაგზავნა. ეს სიახლეა ქისტურ ყოფა-ცხოვრებაში. ქისტ უხუცესებს მიაჩნიათ, რომ აგიტაცია-პროპაგანდით სირიაში ახალგაზრდის გაგზავნა, თუ ის იქ დაიღუპა, მკვლელობას უდრის, გამგზავნი მკვლელად უნდა ჩაითვალოს, უნდა ჩაყენდეს „მეერის“ ნორმაში და ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორც უშუალო მკვლელი.

    15 წლამდე ასაკის ბავშვზე შურისძიება არ ვრცელდება და არც ფიცი მოეთხოვება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]