• საკრებულომ პირობა დადო, რომ პანკისის მოსახლეობის პეტიციაზე სამუშაო ჯგუფს შექმნის

    ოთხშაბათი, 01 ივლისი 2020 16:16 view 3881
    საკრებულომ პირობა დადო, რომ პანკისის მოსახლეობის პეტიციაზე სამუშაო ჯგუფს შექმნის

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა და საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პირობა დადეს, რომ პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობის მიერ წარდგენილ პეტიციაზე რეაგირებისთვის, სამუშაო ჯგუფს შექმნიან. საკრებულო დღეს აპირებდა, ცნობად მიეღო მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის წერილი, რომლის თანახმადაც, პანდემიის პოსტკრიზისული სიტუაციის ფონზე, ფინანსთა სამინისტრო ახმეტის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ამცირებს, რის გამოც ამ ეტაპზე, პანკისის ხეობაში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა შეუძლებელია.

    „მერს ჰქონდა შეხვედრა პეტიციის ინიციატორებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ დონორი ორგანიზაციებისგან მოიძიონ თანხა ტრანსპორტის შესაძენად“, - განუმარტა საკრებულოს წევრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით აბულაძემ.

    „თქვენ აქ იმიტომ ხართ, თანამდებობებზე არჩეულები თუ დანიშნულები, რომ ხალხს ემსახუროთ. ვალდებულება, რომ მოსახლეობის პრობლემა გადაწყვიტოთ და ამისათვის რესურსები მოიძიოთ, პირველ რიგში გაქვთ თქვენ და არასწორია ამ პასუხისმგებლობის გადატანა მოხალისეების ჯგუფზე.

    რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე, მერმა გვითხრა, რომ თუ პანკისში დანიშნავს ტრანსპორტს, სხვა სოფლებშიც მოუნდებათ. რა არის ამაში ცუდი? დიახ, მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროა, რომ ადამიანები, ვისაც არ ჰყავთ მანქანა, სოფლებში არ იყვნენ გამოკეტილები ან კილომეტრებზე სიარული ფეხით არ უწევდეთ;

    საჭიროა იმიტომ, რომ სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ; სოფლად მცხოვრებმა ბავშვებმაც შეძლონ რაიონულ ცენტრში სხვადასხვა წრეზე სიარული და ცოდნის მიღება, სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებში ჩართვა. უძრაობა კლავს სოფლებს და იმიტომაც გარბის ხალხი სხვაგან.

    არ არის ტრანსპორტი, ვერ ახერხებენ ადამიანები დასაქმებას, გადაადგილებას. ტაქსით იარონ? ხელფასი ტაქსის ქირაში არ ეყოფათ. კერძო მიკროავტობუსები დადიან? კი, ზოგჯერ. არანაირი რეგულაცია არ აქვთ, როცა უნდათ. როცა ხასიათზე არ არიან, საერთოდ არ ასრულებენ რეისს.

    როცა ბევრი მგზავრი არ ჰყავთ, იმ რამდენიმეს, ვინც უკვე მარშუტკაში ზის, უარს ეუბნებიან მომსახურებაზე. არანაირ გრაფიკს არ იცავენ, საღამოს არაფერი მოძრაობს. ამიტომაც გვინდა მუნიციპალური ტრანსპორტი და ორი მიკროავტობუსის შესაძენად, სულ 60 ათასი ლარია საჭირო, მეტი არა, მხოლოდ 60 ათასი ლარი. ეს თანხა არ გაქვთ? აიპებში რომ ასობით ადამიანია გაფორმებული და ხელფასი ისე ერიცხებათ, რომ სამსახურშიც არ დადიან, მათთვის ხომ გაქვთ ფული?“, - მიმართა საკრებულოს წევრებს ლუიზა მუთოშვილმა, პანკისის სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

    „თუ პანკისს სჭირდება, არც მაღრაანს აქვს, ჩვენ უფრო დიდი მანძილით ვართ რაიონული ცენტრიდან დაშორებული, 25 კილომეტრით. პანკისი 17 თუ 18 კილომეტრითაა დაცილებული.

    იაფი ტრანსპორტი რას ნიშნავს, განახევრებული უნდა იყოს ფასი?“, - აღნიშნა არჩილ მექვევრიშვილმა, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრმა და მაღრაანის თემის მაჟორიტარმა.

    „კი, მაღრაანსაც უნდა ჰქონდეს და სხვა სოფლებსაც. რაც შეეხება იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის მოთხოვნას, ოფიციალური მონაცემებით, ხეობის მოსახლეობის 60 % სოციალურად დაუცველია. ამიტომ ვითხოვთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, მისი დანიშვნის შემთხვევაში იყოს ნაკლები, ვიდრე ეს ღირს და მუნიციპალიტეტმა განახორციელოს გარკვეული მხარდაჭერა“, - უპასუხეს მექვევრიშვილს პანკისის სათემო ორგანიზაციის წევრებმა.

    აქტივისტებმა საკრებულოს თავმჯდომარეს თამარ ყეინიშვილს შეახსენეს, რომ გაუგებარია რაში ხარჯავს ის ყოველთვიურად გამოწერილ 600 ლიტრ ბენზინს და ხომ არ აქვს ადგილი კორუფციას.

    „სად დადიხართ ამდენს, რომ თვეში 600 ლიტრი არ გყოფნით. კასრისწყალში თქვენ არ ჩადიხართ და თუშეთი წლის განმავლობაში 7 თვე ისედაც მოწყვეტილია გარესამყაროს. ხოდაშენსა და ალვანში მისვლა-მოსვლაში ხარჯავთ 600 ლიტრს ყოველთვიურად? ამ სოფლებშიც არ გაქვთ ხშირად გასვლები. სად მიგაქვთ ეს ბენზინი? ტალონებს ახურდავებთ?“.

    ყეინიშვილს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

    საკრებულოს რამდენიმე წევრი, ოპოზიციიდან და მათ შორის უმრავლესობიდან, დაეთანხმა პანკისის მოსახლეობის მოთხოვნას მუნიციპალური ტრანსპორტის დანივნასთან დაკავშირებით.

    აქტივისტებმა თამარ ყეინიშვილს ასევე მოუწოდეს, მიმართოს ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატს, გელა სამხარაულს, რომლის დეიდაშვილიცაა და საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვოს, პანკისის ხეობაში და მოთხოვნის შემთხვევაში, ახმეტის სხვა სოფლებშიც, მუნიციპალური ტრანსპორტის დასანიშნად.

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, ახმეტის საკრებულოში პეტიცია 27 მაისს წარადგინა. პეტიციას ხელს 358 ამომრჩეველი აწერს. ადვოკატირების კამპანიას პანკისის სათემო ორგანიზაცია ახორციელებს. გასული წლის ნოემბერში, NED-ის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის სოფლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მუნიციპალური ტრანსპორტის არქონა დაასახელა. კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ჩაატარა.   

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]