მატანის შესასვლელთან და გასასვლელთან საველე კარვებია აწყობილი. მატანში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ატარებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
სოფელ მატანში COVID-19 პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მის მშობლებსაც.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 109 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 17 თბილისში, 9 ზუგდიდში, 9 გარდაბანში, 6 გორში, 6 გურჯაანში, 4 ოზურგეთში, 4 ქუთაისში, 1 მცხეთაში.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი.
13 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 სექტემბერს - 158.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 2392 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1369 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა.