„ჩემი შვილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. გვარებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო. ვისური ამის გამო მოკლა დაჯგუფებამ, ვახო ფარეულიძის იარაღით არის მოკლული. პოლიციელების თვალწინ მოკლეს. ამ ბანდას იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა. მანქანა დაცხრილეს, 45 ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობამდე ჩვენი გვარის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. მაგათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე მფარველობთ“, - აცხადებს პანკისის ხეობაში მოკლული, 37 წლის ვისური მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
პოლიციამ პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი (ასლან) მუთოშვილი დააკავა. მას ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. შმაგი მუთოშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ახლობლები მოკლულის ძმის დაკავებას მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებენ.
„მე იარაღი ორჯერ მაშინ ვისროლე, როდესაც ვისო მუთოშვილი იგინებოდა, იმუქრებოდა, ჩვენსკენ მოიწევდა და პოლიციელს ეჯაჯგურებოდა. იძახდა, რომ დაგვხოცავდა და როდესაც უკან მიჰქონდა ხელი, ვიფიქრე, რომ იარაღის ამოღებას აპირებდა. მე მივუახლოვდი და ახლო მანძილიდან ვესროლე. ერთხელ შესაშინებლად და საჩვენებლად, რომ იარაღში ტყვიები მქონდა. ის მაინც არ გაჩერდა. გადავწყვიტე, რომ მეორედაც მესროლა გასაჩერებლად - ფეხის მიმართულებით, ზემოდან ქვემოთ. მინდოდა მისი დაჭრა და დაზიანების მიყენება. ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ ჭრილობას მისი გარდაცვალება მოჰყვებოდა.
პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ორივე პირს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, 26 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი დანაშაულს აღიარებენ. თუმცა, ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისიც თქვა, რომ ბრალდებულთაგან არცერთს არ გაუსვრია მუთოშვილების მიმართულებით, ვიდრე პირადად მათ და მათ მხარეს მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა. ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქავთარაშვილების მხარეს სამი ადამიანია დაჭრილი, მაგრამ მუთოშვილების მხრიდან პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.