მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც. რეპორტიორებს საღამოს გადაცემებზე მუშაობა მობილურის, მთვარის ან სანთლის შუქზე უწევთ.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა მასობრივად გადაეწვა. დამწვარია მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა ტექნიკა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.