• მუშაობა მობილურის შუქზე და შეფერხებული საწარმოო პროცესი პანკისში

    ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 17:37 view 4102
    მუშაობა მობილურის შუქზე და შეფერხებული საწარმოო პროცესი პანკისში

    მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც. რეპორტიორებს საღამოს გადაცემებზე მუშაობა მობილურის, მთვარის ან სანთლის შუქზე უწევთ.

    „ძალიან ხშირად გვეთიშება შუქი. არის შემთხვევები, როდესაც საინფორმაციო გამოშვება რომ მოვამზადოთ და ეთერში გავუშვათ, მთვარის ან სანთლის შუქზე მუშაობა გვიწევს, ხან ჩემი თანამშრომელი მინათებს ხოლმე მობილურით და ისე ვწერთ ახალ ამბებს. საკმარისია პატარა ქარი ამოვარდეს, ამინდი ოდნავ მაინც თუ აირია, ელექტროენერგია მაშინაც ითიშება. კახეთის ენერგოდისტრიბუციაში რომ ვრეკავთ, გვეუბნებიან „ერთ საათში მოვა“, თუმცა არის შემთხვევები, რომ მხოლოდ მეორე დღეს უშვებენ“, – ამბობს პანკისის სათემო რადიო WAY–ს რეპორტიორი ისლამ გორგიშვილი.

    ასლანბეგ ბაღაკაშვილს სოფელ დუისში სადურგლო აქვს, სადაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ბავშვებს და ახალგაზრდებს ხის დამუშავებას, ავეჯის და სხვა ნივთების დამზადებას, ხეზე კვეთასაც ასწავლის. ოსტატი ამბობს, რომ უშუქობის ან დაბალი ძაბვის გამო გაკვეთილები ხშირად იშლება.

    „როცა ფაზაზე უნდა იყოს 220 ვოლტი, არის 150 ვოლტი. დანადგარები აღარ მუშაობს ნორმალურად, ძრავები და მრიცხველები იწვება, ტრანსფორმატორების გამოცვლა გვიწევს ხშირად. მუშაობას აზრი აღარ აქვს. არარენტაბელური ხდება შესრულებული სამუშაო“, – აღნიშნავს ასლანბეგ ბაღაკაშვილი.

    არასტაბილური ელექტრომომარაგების გამო ზარალდებიან კვების ობიექტები და სასურსათო მაღაზიებიც. ზოგიერთ მაღაზიაში საერთოდ არ იყიდება გაყინული პროდუქტი და რძის ნაწარმი, რომელსაც ვარგისიანობისთვის სამაცივრე პირობები და შესაბამისი ტემპერატურა სჭირდება.  

    „არის შემთხვევები როცა უშუქობის გამო გამდნარი ნაყინი გადამიყრია. ქარის დროს შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს შუქის გამორთვა, მაგრამ ზოგჯერ ნიავიც არ არის ხოლმე და შუქი მაინც ქრება. გუშინ და გუშინწინაც უმიზეზოდ გამოგვერთო შუქი. რომ ვიკითხავთ რა ხდება, მალე იქნებაო გვპასუხობენ. არის შემთხვევა მეორე დღეს გამოუშვიათ. დღისით თუ გამოირთო, კონდიციონერიც არ მუშაობს. ზაფხულის პერიოდში ესეც პრობლემაა, შოკოლადიც დნება“, – ამბობს ლეილა გუმაშვილი.

    კახეთის ენერგოდისტრიბუცია, რომელიც ელექტროენერგიით მთელ რეგიონს ამარაგებს, უკვე მეორედ, 2011 წლიდან გაკოტრების რეჟიმშია. ხელისუფლება კომპანიის გაყიდვას მიმდინარე ან მომავალ წელს ვარაუდობს. მანამდე, კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ გაკოტრების რეჟიმში ყოფნის გამო კომპანია ინფრასტრუქტურის განახლებას სრული დატვირთვით ვერ ახერხებს და მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ, სასამართლოს მიმართონ.

    „გიდასტურებთ, რომ პანკისის ხეობაში ქსელის მდგომარეობა პრობლემურია. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ ექსპლუატაციის ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებული და ტექნიკური ინციდენტების დაფიქსირებიდან მოკლე დროში მოვახდინოთ რეგირება. ძაბვის ხარისხიც არაკეთილსაიმედოა. ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, მაგრამ გამოსავალი საშუალოვადიან პერსპექტივაში, რაც ერთ წელს მოიცავს, კომპანიას არ აქვს იმიტომ, რომ სათანადო ფინანსური რესურსი ამ ეტაპზე არ გააჩნია, გაკოტრების რეჟიმშია“, – უთხრა პანკისის სათემო რადიოს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

    ამ თემაზე:

    მოუსმინეთ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილს

    დიანა გაურგაშვილი

    დიანა გაურგაშვილი

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს რეპორტიორი. დიანას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]