„პანკისში ადგილობრივები ძალიან წუხან, რომ აღიქმებიან, როგორც ტერორისტები ან ტერორიზმთან კავშირში მყოფი ადამიანები“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა პანკისში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა. ნინო ლომჯარია ხეობაში ყოფნისას სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, პედაგოგებს, ქალთა საბჭოს წევრებს, უხუცესთა კავშირისა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
„მაჩალიკაშვილის საქმე თავისი მნიშვნელობით სცილდება რომელიმე ყოფით შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნათელი და მკაფიო პოზიციები მათ შორის მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ პანკისში, დუისის მეჩეთში სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„მაჩალიკაშვილის საქმე - ეს არის ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მაჩალიკაშვილის ოჯახმა დასაკარგი უკვე დაკარგა, ფაქტობრივად მაგათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ ჩვენი შვილები და ახლობლები“, - განაცხადა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა (მურაზი გოდერძიშვილი) დუისის მეჩეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.