„ახმეტის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ სამი ფრაქცია აქვს. კანონის თანახმად, ერთ პარტიას შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია ჰქონდეს. „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობდა როგორც პოლიტიკური პარტია და არა როგორც საარჩევნო ბლოკი. ამიტომ მისი წევრები ერთ ფრაქციაში უნდა გაერთიანებულიყვნენ და არა სამ ფრაქციაში“, - ამბობს შაქრო ტერტერაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის ხელფასის ზრდასაც ეწინააღმდეგება. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანამდებობის პირების სარგოები 18 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი უცვლელი - 2650 ლარი დარჩა, მისი მოადგილის ხელფასი 100 ლარით გაიზარდა და 1800 ლარი გახდა; 1500 ლარი იქნება ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი, რომელიც აქამდე 1350 ლარი იყო; ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი 1000 ლარს მიიღებს.
„დადგენილებით, რომელიც საკრებულომ მიიღო, უკანონოდ გაიზარდა ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეების ხელფასები. კანონი პირდაპირ კრძალავს 2018-20 წლებში იმაზე მეტი სახელფასო სარგოს დანიშვნას, რაც 2017 წელს კონკრეტულად ამ თანამდებობის პირების მიმართ იყო გაცემული. ახმეტის საკრებულომ მაინც ჩათვალა, რომ კანონები შეუძლიათ არ წაიკითხონ. ეს მოხდა რიგგარეშე სხდომაზე. რატომღაც დაჩქარებული სხდომა მოიწვიეს და ხელფასები გაიზარდეს“, - აღნიშნავს შაქრო ტერტერაშვილი.
ახმეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლევან ითიურიძე ამბობს, რომ ფრაქციების შექმნა, ისევე როგორც ხელფასების გაზრდა, კანონს არ ეწინააღმდეგება. „ფრაქციები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. თუ გაასაჩივრებენ, მისი შექმნის საფუძვლები სასამართლოზე გაირკვევა. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს საკითხი დეკემბრის ბოლოსვე გვქონდა სხდომაზე გატანილი. მაშინ საკითხის ხელახლა შესწავლის მიზნით პროცესი შეჩერდა. იყო საშუალება და ხელფასები გაიზარდა. როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტებში, ახმეტის საკრებულოშიც მოემატათ“, - ამბობს ითიურიძე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 31 წევრია. შექმნილია ხუთი ფრაქცია: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, „ქართული ოცნება - მრეწველები“, „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ფრაქცია „სამართლიანობა“, რომელშიც „ლეიბორისტული პარტიის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და ევროპული საქართველოს“ წევრები არიან გაერთიანებული.
21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში 21 წევრი შეიყვანა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 4, „ევროპულმა საქართველომ“ - 2, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ კი 1 - 1 დეპუტატით არიან წარმოდგენილები. საკრებულოს ორი წევრი დამოუკიდებელი მაჟორიტარია.