• სააკაშვილს მეორე კარავში რა უთხრეს, არ მაინტერესებს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    შაბათი, 05 იანვარი 2019 20:35 view 10777
    სააკაშვილს მეორე კარავში რა უთხრეს, არ მაინტერესებს - მალხაზ მაჩალიკაშვილი „ექსპრესნიუსის“ ფოტო

    მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარს მალხაზ მაჩალიკაშვილთან და თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის სხვა მონაწილეებთან. ერთ-ერთმა მონაწილემ სააკაშვილს უთხრა, რომ „მის ბრძანებას ხუთიანზე ასრულებს და ახლაც აქციაზეა“.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პანკისის ხეობაში სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას ახალი წელი მიულოცა და უსურვა, რომ „სამართლის პოვნა 2019 წელს მაინც შეძლოს“.

    „თქვენ ხართ ჩემთვის ღირსების, ადამიანობის, მამაშვილური სიყვარულისა და პატრიოტიზმის ეტალონი. ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით თემირლანისთვის, თქვენთვის და ყველა დაჩაგრული ადამიანისთვის. მომიკითხეთ ყველა პანკისის ხეობაში, იმიტომ, რომ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემს ახალგაზრდობაში, ჩემი ძმადნაფიცი იყო კაკო მახაური. კაკო ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ეს სიყვარული და სითბო გამომყვა, იქაურების და იქაურობის, მთელი ცხოვრება. ახლა მთავარია გავმაგრდეთ. ყველაფერი კარგად იქნება... მხნეობა და გამარჯვება. ახლა ჩვენ ყველას გვჭირდება გამარჯვება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის მამას.

    მალხაზ მაჩალიკაშვილმა ყოფილ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა: „მე აუცილებლად გადავცემ მთელ პანკისის ხეობას თქვენგან მოკითხვას. მახაურის ძმა ჩემი ძალიან ახლო ადამიანია. ბევრჯერ გვქონია თქვენზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, უღრმესი მადლობა, გაიხარეთ“.

    მაჩალიკაშვილთან საუბრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მეორე კარავში შედის, სადაც შვილმოკლული მამების აქციის რამდენიმე მონაწილეა შეკრებილი, მათ შორის სამხედროფორმიანი ქალი - ირმა სიმონიშვილი, მეტსახელად „მათე ბიჭი“. სააკაშვილს ირმა სიმონიშვილი მიმართავს: „გამარჯობა, ბატონო სარდალო. როგორ ხართ, ბატონო მიშა? ხომ ხართ კარგად? თქვენს ბრძანებას ხუთიანზე ვასრულებ, ბატონო სარდალო - აგერ ვარ ბოლომდე. მიყვარხართ ძალიან, ძალიან გვაკლიხართ, წარმატებები. მრავალს დაესწარით. აქ არის კარბელაც (საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, „საქაერონავიგაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კარბელაშვილი)“.

    ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით პანკისის სათემო რადიო WAY მალხაზ მაჩალიკაშვილს ესაუბრა:

    „პირველივე დღიდან ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ რაღაც პროვოკაცია იყოს, რაღაც არეულ-დარეული იყოს, მაგრამ მე დღემდე ვინარჩუნებ სტაბილურობას.

    რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, მე დამიკავშირდა მიხეილ სააკაშვილი. ჯერ ერთი, დაიწყო იმით, რომ მომისამძიმრა და გამოთქვა მწუხარება ამ ყველაფრის გამო. მერე მომილოცა ახალი წელი. ისიც გარკვევით მითხრა - შენ ახალი წლის თავი არა გაქვს, მაგრამ გილოცავ, 2019 წელში მაინც მიაღწიე სამართალსო. ეს საუბარი შედგა ჩვენ შორის.

    ნებისმიერმა ადამიანმა დამირეკოს „ქართული ოცნების“ გუნდიდან, სხვა პარტიიდან, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდა დამირეკოს. მე ტელეფონს ვიღებ და ვპასუხობ. გინდ ივანიშვილმა დამირეკოს, გინდ სააკაშვილმა, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს.

    რაც შეეხება იმას, რომ თითქოს აქცია „ნაციონალების მიერ არის მართული“, ეს არასწორია. მე არავინ მმართავს. მე ჩემი გონება და ჩემი გული, ჩემი თავი მმართავს. მე ერთს ვიტყვი:

    ჩემი მტერია „ოცნება“, იმიტომ რომ „ოცნებამ“ ჩამაგდო მე ამ დღეში. ეს ხელისუფლება არ არის.

    ვის როგორ ჰგონია და რას ფიქრობს, მაგრამ მე ამას ხმამაღლა ვიძახი – ეს ხელისუფლება არ არის. ეს კრიმინალთა ბრბოა.

    - „მადლობა ყველაფრისთვისო“ - ასე მიმართეთ სააკაშვილს საუბრის დასასრულს. რისთვის გადაუხადეთ მადლობა?

    - თქვენთან რომ დავამთავრებ საუბარს, მადლობას თქვენც გადაგიხდით. ყველა ადამიანი, ვინც მიკავშირდება, ყველას ვუხდი მადლობას. მადლობა იმისთვის გადავუხადე, რომ პირველ რიგში გამოთქვა მწუხარება ჩემ მიმართ და მეორე რიგში, ახალი წელი მომილოცა და მხნეობა მისურვა.

    გამოიჩინონ ამათაც, ხელისუფლებაში მყოფებმა გულისხმიერება, პატარა ადამიანობა... გამოიჩინონ და ამათაც გადავუხდი მადლობას. იმ ადამიანის ფასი, ხელისუფლებაში ყველანი ერთად არ არიან. ეს არ ნიშნავს რომ „ნაციონალები“ მმართავენ ან სააკაშვილი მმართავს.

    - ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ არაერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტსა და აქციის მონაწილე ირმა სიმონიშვილს შორის შემდგარი საუბარი ადასტურებს იმას, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული.

    იქით კარავში ვინ რა თქვა, მე არ ვიცი იმიტომ, რომ ყოველდღე მიგზავნიან აქ აგენტებსა და პროვოკატორებს. მე აქციის დაწყების პირველი დღიდან მყავს აქ, კარვებში ამათი შემოგზავნილი ხალხი.

    მე არაფრის მეშინია, ყურადღებასაც არ ვაქცევ. აქ ისეთს ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ვიცოდე. იმ დღეს, იქით კარავში „მათე ბიჭია“ თუ ვინ არის, რა ესაუბრა, რა უთხრა, რა არ უთხრა, სულ არ მაინტერესებს, არც გამიგია. როგორც თქვენ, მეც ისე ვნახე ვიდეო. მეორე - ჩემთვის შეზღუდულია ადამიანებთან საუბარი? სააკაშვილს დაველაპარაკები ან ვინმე სხვას, უფლებაჩამორთმეული ხომ არ ვარ?

    - ყოფილმა პრეზიდენტმა გთხოვათ, მოკითხვა გადაგეცათ პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის - „იქაურებისა და იქაურობის სიყვარული და სითბო ახალგაზრდობაში კაკო მახაურთან მეგობრობის პერიოდიდან გამომყვაო“. ბატონო მალხაზ, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა პანკისელი ახალგაზრდების მონაწილეობით უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნა, შემდეგ ამ ჯგუფის წევრების, მათ შორის პანკისელების ლიკვიდაცია ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში.

    - საუბრის დროს სააკაშვილმა მოიხსენია კაკო მახაური. მე მათი წარსულიც ვიცი. ისინი ერთად სწავლობდნენ უკრაინაში და ბავშვობის მეგობრები არიან. კაკო მახაურისნაირი ადამიანი ბევრი არ დაბადებულა კავკასიაში. მე წეღანაც გითხარით, ჩემი გონება მმართავს. მე არც სააკაშვილი მმართავს და არც არავინ. ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი ადამიანის დარეკვა. გამოიჩინონ იგივე გულისხმიერება. ამდენი ხანია აქ ვდგავარ, არ იცის პატრიარქმა? კვირიკაშვილმა გამოთქვა მწუხარება, ისიც მისაღები იყო ჩემთვის.

    ოთხი თვეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, კიდევ ერთ შვილმოკლულ მამასთან და რამდენიმე აქტივისტთან ერთად, მალხაზ მაჩალიკაშვილი მკვლელების დასჯას ითხოვს. მისი შვილი 2018 წლის 25 ნოემბერს 20 წლის გახდებოდა, მაგრამ ერთი წლის წინ, საკუთარ სახლში, საწოლში, სპეცოპერაციის დროს შუბლი გაუხვრიტეს. სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოკლულის მამა ერთი წელია სახელმწიფოსგან პასუხს ითხოვს კითხვაზე - რატომ მოკლეს თემირლანი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]