არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ პანკისის ხეობის ორ სოფელში - დუისსა და ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრებს ამუშავებს, რომლებიც ეთნიკურად ქისტ და ქართველ მოზარდებს, სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს სხვადასხვა კურსს სთავაზობენ.
„პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ექნება ის მხარდაჭერა, რაც კანონით შეგვიძლია“, - განუცხადა პანკისის სათემო რადიოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, პანკისში საგანმანათლებლო ცენტრების დახურვის საკითხზე კომენტირებისას.
პანკისის ხეობაში, დუისის და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრებმა 2019 წლის იანვრიდან, დაფინანსების არქონის გამო მუშაობა შეწყვიტეს. ამ ცენტრების აქტივობებში ხეობის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 300-მდე ბავშვი იყო ჩართული.
მარიამი მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე იყო. 2015 წლის აპრილის იმ დღეს იხსენებს, როცა სკოლაში მისვლისას გაიგო, რომ მისი თანატოლი, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და მასზე ორი წლით უფროსი, 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი სირიაში წავიდნენ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ორივე მათგანი დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში ბრძოლებს უკვე 31 პანკისელი ემსხვერპლა, 30-მდე ადამიანი კი ცხელ წერტილში დღესაც იბრძვის.