ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ აქვთ სახელმწიფოსთან პოლიტიკური იდენტობის განცდა. მათი უმეტესობა, სინამდვილეში, დისტანცირებულია ქართული საზოგადოებისგან და ერთგვარ ავტონომიურ ან უფრო უარესი – ექსკლუზიურ რეჟიმში ცხოვრობს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომელთა შორის წამყვანია ენობრივი ბარიერი: კომპაქტურად განსახლებულ ადგილებში ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის სახელმწიფო ენა.
ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაცია ქართული დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ მწვავე პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი თუ ინიციატივა განხორციელდა ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინსვლა ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით არ მოხდარა. ეთნიკური უმცირესობების გარიყულობა პოლიტიკური ცხოვრებიდან, მათი ინტეგრაციის დაბალი დონე საჯარო პოლიტიკაში კი ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას.
თემაზე ვრცლად ვსაუბრობთ გადაცემა „რადიოკაფეს“ სტუმრებთან ერთად:
თამთა მიქელაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი;
ქამრან მამადლი – სამოქალაქო აკტივისტი ქვემო ქართლიდან, მოძრაობა „სალამის“ დამფუძნებელი;
ქრისტი არაქელოვა – სამოქალაქო აქტივისტი სომხური თემიდან;
გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.