ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.
პანკისის ხეობაში ადასტურებენ სააგენტოების „როიტერის“ და „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის გარდაცვალების შესახებ. როგორც პანკისის სათემო რადიოს ბათირაშვილის ახლო ნათესავებმა განუცხადეს, სირიიდან მათ ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ თარხან ბათირაშვილი ერაყში ბრძოლის დროს მოკლეს. ბათირაშვილის ოჯახში სამძიმარს ჯერ არ იღებენ.
სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა. მარგოშვილი ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. ომარ მარგოშვილი საქართველოდან თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. მას პანკისში ორი ოჯახი ჰყავს. ომარ მარგოშვილს ერთ ცოლთან 7, მეორესთან კი 3 შვილი დარჩა.
სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა. ასლანბეგ ბორჩაშვილი საქართველოდან თურქეთში 2015 წლის აგვისტოში წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. საქართველოდან წასვლამდე ასლანბეგ ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობდა.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი 39 წლის ვახა ბუგიევი დაიღუპა. ბუგიევი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა.
სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.