თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დაახლოებით 6 თვით ჩაიკეტა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. თუშეთში გამოსაზამთრებლად 25 ადამიანი დარჩა.
პანკისის ხეობის გავლით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი. სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტს, ახალი, 15 კილომეტრიანი მონაკვეთი ემატება, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრას და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მონაკვეთზე საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონკურსი შეწყვეტილად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.