• 12 კილომეტრი ფეხით სამსახურამდე - პანკისის ხეობა ტრანსპორტის მოლოდინში

    შაბათი, 19 დეკემბერი 2020 19:50 view 5565
    12 კილომეტრი ფეხით სამსახურამდე - პანკისის ხეობა ტრანსპორტის მოლოდინში

    ომალო-ბირკიანი-ჯოყოლო-დუისი-ომალოს 12 კილომეტრიანი გზის ფეხით გავლა რიზვან გორგიშვილს თითქმის ყოველდღე უწევს, რათა პანკისის სათემო რადიოს ოფისში დროულად მივიდეს და საინფორმაციო გამოშვებები მოამზადოს.

    ახალ ამბებში რიზვანი ხშირად ყვება უტრანსპორტობით გამოწვეულ პრობლემებზე, რომელიც მის მსგავსად სხვებსაც ექმნებათ ხეობის 15 სოფლიდან.

    „კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პანკისის ხეობის სოფლებში ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა, თუმცა ვითარება მანამდეც პრობლემური იყო.

    ომალოდან დუისისკენ ერთი კერძო მარშუტკა დილით მოძრაობდა, განრიგის გარეშე. ამიტომ ხალხს გადაადგილება ფეხით უწევდა და უწევს, მეორეხარისხოვანი გზით, ტალახში, ზამთარში თოვლში... დუისში საჭიდაო დარბაზია, სადაც ომალოდან და სხვა სოფლებიდანაც ბავშვები სავარჯიშოდ დადიან და იქიდან უკან დაბრუნება ღამით უწევთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ იყოს, მათთვის გადაადგილება გაიოლდებოდა. ახლა კი არჩევანის არქონის გამო ხალხი იძულებულია ფეხით იაროს ან გზად მიმავალ მანქანას დაემგზავროს, თუ გააჩერა, რა თქმა უნდა.

    ძნელია ამ გზაზე ტვირთით გადაადგილება, მით უმეტეს ბავშვებთან ერთად“ - ამბობს რიზვანი.

    იგი პანკისის სათემო ორგანიზაციის წევრია, რომლის ინიციატივით, 2020 წლის მაისში, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით 358 ხელმოწერა შეგროვდა. პეტიცია ახმეტის მუნიციპალიტეტს გადასცეს.

    პანკისის ხეობაში, დუისიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს ადგილობრივი მუნიციპალური სერვისებით სარგებლობა, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა. შეზღუდული აქვთ ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო სერვისებზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე, პროფესიულ განათლებაზე.

    მუნიციპალური ტრანსპორტის უქონლობა პანკისის სოფლებში მასობრივი უმუშევრობის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი მიზეზია, დასაქმების მსურველი პირები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

    2020 წლის 1 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა და საკრებულოს წევრებმა პირობა დადეს, რომ 15 სოფლის მოსახლეობის პეტიციაზე რეაგირებისთვის, სამუშაო ჯგუფს შექმნიდნენ. პირობა პირობადვე დარჩა.

    პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის, რომლის თითქმის 60 % სოციალურად დაუცველია, იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პანდემიის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. კერძო მარშუტკები სულ გაჩერდნენ, სოფლიდან სოფელსა და რაიონულ ცენტრში მოძრავი ტაქსები გაძვირდა და უმუშევრობის პრობლემა მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც ხეობაში არსებული მცირე საოჯახო საწარმოები გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ ტურიზმის ჩავარდნის გამო.

    ამ მძიმე სოციალურ ფონზე, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის საკითხის განხილვა ახმეტის საკრებულოში პრიორიტეტულად არ ჩათვალეს. მიმდინარე წლის სექტემბერში, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლუიზა მუთოშვილს დუისის მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ბაღაკაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ 15 სოფლის მოსახლეობის პეტიციის მიუხედავად, არც სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა და სახსრების უქონლობის გამო ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის საკითხი განიხილებოდა. პანკისის სათემო ორგანიზაცია ამ საკითხის გააქტიურებას უახლოეს დღეებში აპირებს, განსაკუთრებით ახლა, როცა ახმეტის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკები 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს გეგმავენ.

     

    მასალა მომზადდა პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით. 

    გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]