• შსს პანკისში 200 თანამშრომელზე გათვლილ პოლიციის ახალ შენობას აშენებს

    სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 21:10 view 7546
    პანკისის სათემო რადიოს ფოტო - 21 აპრილს ძიბახევში მობილიზებული საპოლიციო ძალები პანკისის სათემო რადიოს ფოტო - 21 აპრილს ძიბახევში მობილიზებული საპოლიციო ძალები

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 2019 წლის 21 აპრილს, პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, 200 თანამშრომელზე გათვლილ პოლიციის ახალ შენობას აშენებს. მშენებარე ობიექტი ახმეტის რაიონული სამმართველოს შენობაზე ორჯერ დიდია.

    სამსართულიანი შენობის სიგრძე 60 მეტრია. ერთი სართული მთლიანად მიწაშია მოქცეული. პანკისის სათემო რადიო way-ის ინფორმაციით, ახალ შენობაში კრიმინალური პოლიციის დანაყოფები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბრიგადები განთავსდებიან.

    ძიბახევში, პოლიციის ახალი შენობის მშენებლობა, გასული წლის 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო. დაპირისპირება ჰესების მშენებელი კომპანიის მიერ, სპეცრაზმის თანხლებით, მდინარე ალაზანზე „ხადორი 3“ ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა, რომელიც მანამდე თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ადგილობრივების პროტესტის შედეგად შეწყვეტილი იყო. ოფიციალური მონაცემებით, შეტაკების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სინამდვილეში, ადგილობრივების მხარეს უფრო მეტი ადამიანი დაზიანდა, თუმცა დაზარალებულთა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართა.

    რისთვის სჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში ამხელა შენობის მშენებლობა და საპოლიციო ძალების გაზრდა?

    • პანკისი არ არის საზღვრისპირა რეგიონი (ძიბახევიდან გზა ხადორის და ბაწარას ხეობებში შედის, საიდანაც საფეხმავლო ბილიკები თუშეთში გადადის. მთაში დიდთოვლობის გამო ამ მარშრუტის გავლა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი. თუშეთში კი, საქართველო-რუსეთის საზღვარს (დაღესტნისა და ჩეჩნეთის მონაკვეთი) სასაზღვრო პოლიცია იცავს მუდმივი და დროებითი სექტორების მეშვეობით;
    • პანკისის ხეობაში დანაშაულის დაბალი მაჩვენებელია; პოლიციის უზარმაზარი შენობის მშენებლობის დაწყების დროისთვის არც 36 წლის ვისო მუთოშვილის მკვლელობა იყო მომხდარი, რომელიც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით გვარებს შორის დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა და პოლიციამ თავისი უმოქმედობით, მკვლელობის თავიდან აცილება ვერ შეძლო. ბევრად მძიმე დანაშაულები ხდება სხვა თემებში, მაგრამ ხელისუფლება იქ საპოლიციო ძალებს არ ზრდის;
    • 2013-2015 წლებში პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნას/წასვლას და ტერორისტულ ორგანიზაციებში მათ გაწევრებას თუ გავიხსენებთ, 2017 წლიდან პანკისიდან სირიასა და ერაყში გამგზავრების ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც აცხადებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები;
    • ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ექსპერტების თქმით, პანკისი მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ არის.
    • ხეობაში წლებია რაც პოლიციის განყოფილება ფუნქციონირებს. შენობა სოფელ დუისის შესასვლელში, ცენტრალური გზის პირასაა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ამ შენობაში არიან სუს-ის და კონტრდაზვერვის წარმომადგენლებიც.
    • სათემო რადიოს მიერ მომზადებულმა არაერთმა რეპორტაჟმა აჩვენა, რომ ხეობაში სხვადასხვა ფაქტებზე პოლიცია არაეფექტურად ან საერთოდ არ რეაგირებს, რაც არ არის გამოწვეული სამართალდამცავების რაოდენობით.
    • პანკისის ხეობაში მოსახლეობის რაოდენობა 5 ათასს არ აღემატება;

    შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუმარტეს, რომ კახეთში პოლიციის სამი ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს: გურჯაანში (სადაც ძველი შენობა დაანგრიეს და ახალს აშენებენ); ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში (თუშეთში, სადაც ზაფხულობით პოლიციის ჯგუფი კერძო სახლში იმყოფება) და სოფელ ძიბახევში (პანკისის ხეობა).

    შსს-ს განცხადებით, პანკისი-ძიბახევის პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პოლიციის ეფექტიან მუშაობას. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული დანაყოფი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეგიონული განყოფილება განთავსდება, რათა საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირება უმოკლეს დროში იყოს შესაძლებელი. ასევე, აქედან შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საპოლიციო სერვისების მიღება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ეფექტიან საპოლიციო მომსახურებას უზრუნველყოფს.

    საყურადღებოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისა და ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადება, რომელიც მან 2019 წლის სექტემბერში, პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას გააკეთა:

    „21 აპრილს მე შეიძლება უფრო მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა პანკისის ხეობაში, ვიდრე ვთქვათ იქ იყო. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონი“ - გომელაურმა არც მაშინ და არც მას შემდეგ არ ახსნა, რას გულისხმობს პანკისის სპეციფიკურობაში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]