• ხმა პანკისიდან - პრობლემები და ხეობა სუს-ის კონტროლქვეშ

    ორშაბათი, 16 დეკემბერი 2019 12:22 view 12383
    ხმა პანკისიდან - პრობლემები და ხეობა სუს-ის კონტროლქვეშ

    „ახალგაზრდა აქტივისტები, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვეხმაურა, სულ 2-3 დავრჩით, დანარჩენებმა ხეობა დატოვეს და საქართველოდან წავიდნენ“, - ლუიზა მუთოშვილი, 30 წლის, პანკისის მკვიდრი.

    ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე, პანკისის ხეობა 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა. ეს რიცხვი ცოტა არ არის, მითუფრო მოსახლეობის ბოლო აღწერით (2014 წ) ხეობაში სულ 6 600-მდე ადამიანი ცხოვრობდა. პანკისის სათემო რადიოს მიერ მოპოვებული მონაცემებით, 2017-2018 წლებში პანკისის სკოლები 121-მა მოსწავლემ მიატოვა. ხეობიდან წასული ახალგაზრდების უმრავლესობა გერმანიაში, დანიაში, შვედეთში, ავსტრიასა და ფინეთში თავშესაფრის მისაღებად ჩაბარდა, ზოგიერთი მათგანი სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე დასაქმდა დროებით. თავშესაფრის მაძიებელთაგან სულ მცირე 30-ზე მეტი ახალგაზრდა უკვე უკან დააბრუნეს.

    რატომ ტოვებენ პანკისელი ახალგაზრდები საქართველოს? პანკისის სათემო რადიო რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

    „რა გამეკეთებინა იქ? უნივერსიტეტი სამი წლის წინ დავამთავრე და მუშაობა ვერსად დავიწყე. რა შეიძლება ადამიანმა ხეობაში გააკეთოს? არცერთი საწარმო არ ფუნქციონირებს. ყველა საოჯახო სასტუმროს ხომ ვერ მოაწყობს, ამდენი ტურისტიც არაა“.

    „მთავარი მიზეზები უმუშევრობა და უსამართლობის განცდაა. კერძო საწარმოები არ არის, სახელმწიფო სამსახურში სუს-ის ნებართვის გარეშე მუშაობას ვერ დაიწყებ. ვერც ბიზნესს გააკეთებ. უბანში ფეხბურთის სათამაშოდ ახალგაზრდები რომ აღარ დარჩნენ, უიმედობა კიდევ უფრო გამიმძაფრდა. რამდენიმე თვე ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. მერე წამოვედი. წელიწადზე მეტია უკვე აქ ვარ და სტატუსს ველოდები“.

    „სუს-მა თემირლანი რომ მოკლა საკუთარ საძინებელ ოთახში და მერე შუბლგახვრეტილს ხელყუმბარა ჩაუდეს იმისთვის, რომ სროლა რამენაირად გაემართლებინათ, ეს საქმე რომ არ გამოიძიეს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხეობა ახალგაზრდებისგან დაიცალა, ესეც იყო“.

    სახელმწიფო პოლიტიკა არამხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში, არამედ წინა მთავრობების დროსაც, რეპრესიული იყო და ამას სხვადასხვა ფაქტები მოწმობს“, - ამბობს ლუიზა მუთოშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს.

    „ამ 30 წლის განმავლობაში 21 ახალგაზრდაა პანკისის ხეობაში მოკლული. შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც ხდებოდა ეს ლიკვიდაციები, სააკაშვილის დროსაც და „ქართული ოცნების“ პერიოდშიც - თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობამ აგრესიული განწყობა გამოიწვია ახალგაზრდობაში.

    არ იყო აუცილებელი ეს სპეცოპერაცია ასე ჩატარებულიყო. ხელისუფლება ცდილობს, რომ პანკისის ხეობას ტერორიზმის იარლიყი მიაკეროს. ისეთი საფუძველი კი, თემი ტერორისტებად მოიხსენიოს, არ არსებობს“, - აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი, პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი. ქისტი უხუცესის თქმით, არასწორია ხეობა სამართავად უსაფრთხოების სამსახურს რომ აქვს გადაცემული: „მე ყოველთვის ვამბობ, რომ აქ საჭიროა იდეოლოგიური მუშაობა, ვიდრე რეპრესიები. ახალგაზრდები 24 საათის განმავლობაში რელიგიით რომ არ იყვნენ დაკავებულები, აუცილებელია დასაქმების ხელშეწყობა, მეტი შესაძლებლობები სპორტის, განათლების კუთხით“.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრას და ლოპოტის ხეობაში ეთნიკური ქისტების - 22 წლის ასლან მარგოშვილისა და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილის მოკვლას, წინ უძღოდა, 2005 წელს, პანკისის სოფელ დუისში, სპეცრაზმის მიერ ავთო და ვახო გუმაშვილების ლიკვიდაცია. პოლიციის ცნობით, ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა ავთო გუმაშვილმა, რომელზეც ოფიციალურად ძებნა იყო გამოცხადებული, დაკავებისას სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. თვითმხილველთა ჩვენებებით კი, ავთო გუმაშვილთან სტუმრად მყოფი 23 წლის ვახო გუმაშვილი დანებების ნიშნად ხელებაწეული ჩაცხრილეს. სროლის დროს სახლში ცეცხლი გაჩნდა და დაჭრილი ავთო და ვახო გუმაშვილები შიგ ჩაიწვნენ.

    „ადამიანის უფლებების არცერთი სერიოზული დარღვევა დღემდე არ არის გამოძიებული“, - აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი - „ეს ქმნის ნიადაგს იმისთვის, რომ მდგომარეობა უფრო გაუარესდეს“.

    „თბილისში მეგობარი როცა მეკითხება, პანკისში რომ მოვხვდე, პასპორტი თუ მჭირდებაო, ეს სერიოზული პრობლემაა. სხვადასხვა რეგიონში დღემდე ფიქრობენ, თითქოს პანკისის ხეობაში ყველა კბილებამდე შეიარაღებული დადის და აქ მოხვედრა საშიშია, რომ შეიძლება მოიტაცონ“, - ლუიზას მიაჩნია, რომ ეს ხეობასთან მიმართებაში მთავრობების არასწორი პოლიტიკის შედეგია, ამგვარ განწყობებს კი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში პანკისელი ახალგაზრდების მონაწილეობამაც შეუწყო ხელი: 

    „ადრევე ვამბობდით, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ მიზეზებზე საუბარი და მუშაობა, რამაც ადამიანები ამ არჩევანამდე, სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობამდე მიიყვანა. ბევრი კითხვაა - მაშინ, როდესაც ხეობის მცხოვრებლები თანამშრომლობდნენ ძალოვან უწყებებთან - მშობლები შვილების პირად მონაცემებს უგზავნიდნენ და სთხოვდნენ, რომ არ გაეშვათ ისინი საზღვარზე; მაშინ, როდესაც 17 წლის, არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე გოგო წაიყვანეს პანკისიდან სირიაში და დააქორწინეს აქაურ მებრძოლზე, შსს-ს და განათლების სამინისტროს ამაზე ჰქონდათ ინფორმაცია, მაგრამ მან მაინც გადაკვეთა საზღვარი. ხეობას ყველა მთავრობა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს“.

    სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 34 პანკისელი ემსხვერპლა.

     

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რადიკალიზაციას და ძალადობრივ ექსტრემიზმს, უმეტესად ძალისმიერი მეთოდებით უმკლავდება. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მსგავსი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში და განსაკუთრებით, პრევენციის მიმართულებით ნაკლებად შედეგიანია.

    „ნებისმიერ საფრთხეს აქვს თავისი დეტერმინანტი. თუ ვსაუბრობთ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციის პრობლემებზე, რადიკალიზაციას მეტწილად განაპირობებს სოციალური იდენტობის კრიზისი და სოციალური დეპრივაცია, ანუ ის მოცემულობა, როდესაც ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი თავის პოვნას საზოგადოებაში და როდესაც ხდება ადამიანების იმედგაცრუება საკუთარ სახელმწიფოში.

    არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების სამსახურები იყვნენ ის ძირითადი აქტორები, რომლებზეც უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების მთელი სიმძიმის ცენტრი მოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მოცემულობას, რომ ეს სამსახურები იმოქმედებენ მათთვის ცნობილი მეთოდოლოგიით, მაგრამ ის ფაქტორები რომლებიც არსებობს, იქნება ეს რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო თუ სხვა, ყურადღების მიღმა დაგვრჩება და ჩვენ მაინც ვიქნებით საფრთხეზე რეაგირების და არა საფრთხის პრევენციის რეჟიმში“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც ერთ-ერთი ავტორია კვლევისა - რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების მექანიზმების გაუმჯობესება საქართველოში. დოკუმენტში ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებაც არის მიმოხილული.

    დიდი ბრიტანეთის სამეფო ერთ-ერთია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომელიც ძალადობრივ ექსტრემიზმს აქტიურად ებრძვის. მთავარი დოკუმენტი „შეწინააღმდეგების სტრატეგიაა“, მთავარი მიდგომა კი პრევენცია. ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები, რომელთა მიზანია ინდივიდების ტერორისტებად ან მათ მხარდამჭერებად გარდაქმნის გამორიცხვა. ვიდრე ბრიტანეთის მთავრობა ამ მიდგომას პრიორიტეტად გამოაცხადებდა, მივიდა დასკვნამდე, რომ შეუძლებელია ძალადობრივი ექსტრემიზმის საფრთხის მნიშვნელოვნად შემცირება მხოლოდ ძალისმიერი, სადამსჯელო ღონისძიებებით.

    ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის მულტიდისციპლინურ მიდგომას იყენებს ნიდერლანდების მთავრობა. ექსტრემიზმში შემჩნეული ან მგრძნობიარე პირებისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების შემუშავება ხდება. ამ მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებები, კონტრტერორიზმისა და უსაფრთხოების ეროვნული კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით, მჭიდროდ თანამშრომლობენ პოლიციასთან, პროკურატურასთან, სოციალურ მუშაკებთან, ბავშვთა დაცვის სამსახურებთან, განათლების მუშაკებთან და თემის ლიდერებთან.

    ნიდერლანდებში ხელს უწყობენ ყოფილი ექსტრემისტების რეაბილიტაციასაც. მთავრობა რეპრესიულ ზომებს, მათ შორის, დაპატიმრებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას უკიდურეს ნაბიჯებად განიხილავს, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაიდგას, თუ პრევენციულ ღონისძიებებს სასურველი შედეგი ვერ მოაქვს. რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ მებრძოლებს, ისინი ტერორიზმის საფრთხის შეფასებას გადიან. ამის შემდეგ, მებრძოლთა ნაწილს ბრალი წაეყენება, ნაწილი კი რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარი ხდება.

    პრევენციული მიდგომაა პრიორიტეტული გერმანიაშიც. ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ წარმატებით ხორციელდება ე.წ. „გამოსავლის პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში ადამიანებს არაფორმალური განათლების ან დასაქმების შეთავაზებით, რადიკალური ჯგუფებისგან დისტანცირებაში ეხმარებიან.

    საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია 2019 წლის 23 იანვარს, მთავრობის N 53 დადგენილებით დამტკიცდა. მანამდე ქვეყანას ამ მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტი არ ჰქონდა, თუმცა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის მიზნით, კანონმდებლობა ჯერ კიდევ 2014 წელს გაამკაცრეს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 323 პრიმა მე–2 მუხლი (საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა), რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა, ან/და უცხო ქვეყნის ან მისი ორგანოს, პირთა ჯგუფის ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. ასევე, კოდექსს დაემატა 327 პრიმა 1 მუხლი (ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირება), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იხდის სასჯელს ISIS-ის საქმიანობაში მონაწილეობის, ტერორისრტული ორგანიზაციის ხელშეწყობისა და გაწევრებისათვის გადაბირების ბრალდებით. ზოგიერთი მათგანი საქართველოში დაბრუნებისთანავე დააკავეს.

    ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია შვიდ ძირითად მიმართულებას ეფუძნება. ესენია: ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, პრევენცია, დაცვა, მზადყოფნა, დევნა, სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა. დღეისათვის საქართველოში ძალადობრივ ექსტრემიზმთან საბრძოლველად არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ ხორციელდება, მათ შორის არც სირიიდან დაბრუნებული მებრძოლების რეაბილიტაციის მიზნით.

    „მთავარი გამოწვევა ეს არის გაბატონებული წარმოდგენა პანკისელებზე, რომელიც მათ მუდმივად მონიშნავს, როგორც განსაკუთრებულად საშიშ, სარისკო ჯგუფს. წლების განმავლობაში ამგვარ ხედვას ეფუძნება სახელმწიფოს პოლიტიკა პანკისის ხეობაში, რომელიც მეტწილად რეპრესიაზე, დასჯაზეა ორიენტირებული.

    მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეს არის სოციალური პრობლემები, დასაქმების დაბალი შანსები და მაღალი მიგრაცია. ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება ხეობის დაცლა ყოველდღიურად. ბუნებრივია, მიგრაციას სოციალური და ეკონომიკური საფუძვლების მიღმა, აქვს ის იმედგაცრუება, რაც ადგილობრივებს აქვთ, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შეგვიძლია დავასახელოთ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, იგივე ჰესებთან დაკავშირებული პროცესები და ის მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ამ წელს მოხდა. დაბალია განცდა, რომ ისინი დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და საქართველოში, ამ პოლიტიკურ სისტემაში სრულფასოვან მოქალაქეებად არიან აღქმულნი. სოციალური უიმედობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული პანკისის ხეობაში“, - ამბობს თამთა მიქელაძე, იურისტი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

    მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს „თითქოს უპასუხოს“ ამ გამოწვევებს. თამთა ყურადღებას ამახვილებს პანკისის ხეობის განვითარების 2019-2020 წლის გეგმაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა: „ეს გეგმა არსებითად სუსტია. გაწერილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა ისედაც ახორციელებს ამ რეგიონში. ერთი მხრივ არ ეფუძნება ადგილობრივი საჭიროებების კვლევას და მეორე მხრივ, უფრო მეტად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეა ორიენტირებული და ნაკლებად სოციალური დაცვის კეთილდღეობის პროგრამებზე - განათლების უკეთეს მხარდაჭერაზე, დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ა.შ“.

    EMC საქართველოს მთავრობას ურჩევს, უსაფრთხოების პოლიტიკა სოციალურ სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე იყოს ორიენტირებული, რაც ხეობაში განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროების მუშაობის გაძლიერებას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]