• «რადიოს დავამხობთ თავზე. თუ არ წავა, ძალით გავუშვებთ!» - მეორე აქცია პანკისის რადიოს წინააღმდეგ

    ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020 17:13 view 12294
    «რადიოს დავამხობთ თავზე. თუ არ წავა, ძალით გავუშვებთ!» - მეორე აქცია პანკისის რადიოს წინააღმდეგ

    „მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. დავუდგებით და არ შევუშვებთ“; „თავის რადიოს დავამხობთ თავზე თუ მოითხოვა საქმემ“; „თუ წავა თავისი ფეხით, წავა, თუ არადა ძალით გავუშვებთ აქედან“ - პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ, 5 სექტემბერს, სოფელ დუისში მეორე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად სალაფიტური თემის წარმომადგენლები, მათ შორის ხეობაში ამავე თემის იმამი ზურაბ ქავთარაშვილი, იგივე აბუ მუსლიმი.

    „ერთ-ერთმა პიროვნებამ, ვინც აქ მუშაობს და პანკისის სათემო რადიოს უფროსია, ხეობის მოსახლეობას მოგვაყენა შეურაცხყოფა. თქვენ ალბათ წაკითხული გაქვთ და ხედავთ, მანდ რასაც წერს. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ მედიას, მაგრამ ის პანკისის ხეობის მოსახლეობას ლაფს ასხამს, ბეცებიც გამოგვიყვანა, უგუნურებიც, შეკრულები სუსთან. ათასი მიზეზია, რომ ჩვენ და ჩვენს ქართველ ძმებს, ერთმანეთს აღიზიანებს და ძველიდან დაწყებული, აი, ხალხმა იცის, ეს კაცი არ არის ჩვენთან მართალი.

    ჩვენს მეზობელ ფშავლებთან, ქართველებთან, მატნელებთან, რაღაცა პატარა ინციდენტის დროს გამოვნახავთ ენას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატარა რაღაცა გაადიდო და მთელს ქვეყანას მოსდო.

    სხვა ათასი წვრილმანია, ახლა არ დავიწყებ დეტალებზე ლაპარაკს. პანკისის ხეობის მოსახლეობას არ მოსწონს მაგისი გაშუქება“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გურამ მარგოშვილმა.

    სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ პირველი აქცია 29 აგვისტოს გაიმართა, სადაც რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაიმუქრნენ.

    „ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა“, - განაცხადა სოფელ დუისში მცხოვრებმა თამაზ მარგოშვილმა.

    29 აგვისტოს, აქცია დუისის პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში მიმდინარეობდა. გამომსვლელები ხმის გამაძლიერებელსაც იყენებდნენ. მუქარის შემცველი განცხადებების ამსახველი ვიდეო პანკისის სათემო რადიომაც გაავრცელა, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებშიც განთავსდა.

    მუქარის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირება მოითხოვა კოალიაციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“, ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. ოფისის დარბევის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუქარაზე პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა. გამოძიება ამ დრომდე არ დაიწყო.

    „ჟურნალისტებმაც თითო-ორი კონკრეტული პირის მიერ გაკეთებული განცხადება არ უნდა აიტაცოთ. რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციას ჩვენ ვემიჯნებით“, - თქვა 5 სექტემბერს გამართულ აქციაზე, სოფელ დუისში მცხოვრებმა თამაზ ბაღაკაშვილმა. მისივე თქმით, რადიო „ვეისთან“ მოსახლეობას არ აქვს პრეტენზიები, მაგრამ აქვთ გელა მთივლიშვილთან: „ვგულისხმობ იმას, რომ ისე გამოიყვანა მოსახლეობის წინა შეხვედრა, თითქოს ძალადობის მომხრე იყო, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე“.

    თამაზ ბაღაკაშვილის თანდასწრებით, 5 სექტემბერს გამართულ აქციაზე, რამდენიმე მონაწილის მიერ კვლავ გაკეთდა პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები.

    „ის პატარა რეპლიკები (პირველ აქციაზე გაკეთებული მუქარის განცხადებები) არაფერსაც არ ნიშნავს. რომ გვდომებოდა, ავიდოდით, გადავყრიდით. იცით რა არის, იმ აპარატს გამოვიტანდით, კი არ გადავყრიდით, დავდგამდით პოლიციის წინ, მოვიდოდა და წაიღებდა. ეს ძალადობას არ ნიშნავს. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ მოსულები, რომ ის გავაგდოთ, ვეჩხუბოთ ან შეურაცხყოფა მივაყენოთ. ეგ კაცი ხეობის მოსახლეობას არ გვჭირდება ერთხელ და სამუდამოდ. არ გვინდა მაგის მოსვლა. აღარ შემოვუშვებთ“, - აღნიშნა გურამ მარგოშვილმა.

    „თავის რადიოს დავამხობთ თავზე, თუ მოითხოვა საქმემ“, - განაცხადა ისლამ მარგოშვილმა.

    „თუ წავა თავისი ფეხით, წავა, თუ არადა ძალით გავუშვებთ აქედან. არ გვჭირდება მოსახლეობას“, - თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

    „დავუდგებით და არ შევუშვებთ, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. ტყუილებს ლაპარაკობს სულ. ამას წინათ შეკრებილები რომ ვიყავით, იძახის, რომ ამ აქციას უკანონო შეიარაღებული ჯგუფის თავკაცი ხელმძღვანელობსო. ეგ რანაირი ლაპარაკია აბა? ვინ არის აქ უკანონოდ შეიარაღებული და მაგათი თავკაცი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზუბეირ მარგოშვილმა.

    პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ ბოლო კამპანია როდის სკოტის ფონდის ორგანიზებით დაიწყო, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით. როდი სკოტის ფონდს მრავალი წელია პანკისში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები აქვს. სასწავლო ცენტრი სოფელ დუისში, ყოფილი საბჭოს შენობაშია. ამავე შენობის მეორე სართულზე, მცირე ნაწილშია განთავსებული (იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე) პანკისის სათემო რადიოც.

    როდის სკოტის ფონდის დირექტორი ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე. მან ხეობის სოფლებში არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რომ შენობას, სადაც ფონდის სასწავლო ოთახებია განთავსებული, სათემო რადიო ყიდულობდა და იქიდან, სკოლისა და ბავშვების გაძევებას აპირებდნენ. რადიოს წინააღმდეგ გამართულ პირველ აქციაზე 150-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, ძირითადად, როდი სკოტის ფონდის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და მათი ოჯახის წევრები. დაზუსტებული ინფორმაციით, ლია მარგოშვილმა ფონდის თანამშრომლებს დაავალა, 29 აგვისტოს დაგეგმილ აქციაზე თითო მასწავლებელს 20 მონაწილე მიეყვანა (ბავშვები და მშობლები), წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გათავისუფლებაზე მიანიშნა.

    პანკისის სათემო რადიოს არასდროს გამოუთქვამს შენობის შესყიდვის სურვილი, მათ შორის, არც იმ ფართის, სადაც რადიოს ოფისია განთავსებული.

    შენობის პრივატიზების მოთხოვნით, მესაკუთრეს - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, როდი სკოტის ფონდმა მიმართა. მერსა და მარგოშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომ შენობას შეასყიდებდნენ. ფონდის დირექტორი შენობაში განთავსებულ სხვა ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს (სათემო რადიოს გარდა) დაპირდა, რომ პრივატიზების შემდეგ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.

    შენობის შესაძლო პრივატიზების შესახებ რადიომ მოგვიანებით შეიტყო და მერიიდან ინფორმაცია გამოითხოვა. მერიამ ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში არ გადმოგვცა, რაც გავასაჩივრეთ. საბოლოოდ, მერიამ წერილობით გვაცნობა, რომ შენობის პრივატიზების მოთხოვნით, მათ როდი სკოტის ფონდმა მიმართა. ამ საკითხით სათემო რადიოს დაინტერესების შემდეგ, ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა როდის სკოტის ფონდის ხელმძღვანელს ლია მარგოშვილს უთხრა, რომ შენობას ვეღარ მისცემდნენ. მარგოშვილს ურჩიეს, დუისში აქცია მოეწყო, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა.

    მერიაში დასახული გეგმის მიხედვით, აქციაზე მივიდოდნენ ახმეტის საკრებულოს წევრები პანკისის სოფლებიდან და მერიის თანამშრომლებიც.

    მერიიდან რამდენიმე წყარომ შეგვატყობინა, რომ მერის, იოსებ ქარუმაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ლაშა გოდერძიშვილისა და გიორგი ხარიტონაშვილის დავალებით, აქციის მონაწილეებს პროტესტი უნდა გამოეთქვათ პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, ის პანკისისა და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებაში უნდა დაედანაშაულებინათ და ხეობიდან მისი გასვლა მოეთხოვათ.

    გეგმის მიხედვით, აქციაზე ნამდვილად მივიდნენ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები და რადიოს და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგაც გაკეთდა დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებები, რაც კარგად ჩანს 29 აგვისტოს გამართული აქციის ამსახველ ვიდეომასალაში.

    პანკისის სათემო რადიოს და მის დამფუძნებელს ედავებიან, რომ რადიო არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, რასაც ჰესების მშენებლობაზე, ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებს. სოფელ საკობიანოში, პოლიციელების თვალწინ ვისური მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს მოკლეს.

    რადიოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეთა და ორგანიზატორების განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს.

    რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ პანკისის სათემო რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

     

    მუქარის გამო, მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ გააუქმა, პანკისში, ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები თბილისისა და კახეთის რეგიონული ოფისებიდან.

    სათემო რადიოს ახალი ამბებისა და გადაცემების ადგილობრივმა ჯგუფმა დღეს განაახლა მუშაობა, თუმცა ერთობლივი გადაწყვეტილებით, ისინი ჯერ-ჯერობით მხოლოდ სტუდიაში იმუშავებენ და ჟურნალისტურ საქმიანობას საველე პირობებში არ შეასრულებენ.

    პანკისის სათემო რადიო არ აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და პროფესიული სტანდარტების ერთგულების დარღვევას.

    • პანკისის სათემო რადიო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პანკისის სათემო რადიოს და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ.
    • მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე.

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, პანკისის რადიოს მიმართ მუქარა გამოიძიოს

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]