12 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, შუაღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში, დაკავებისას თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა.
„მაჩალიკაშვილის საქმე თავისი მნიშვნელობით სცილდება რომელიმე ყოფით შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნათელი და მკაფიო პოზიციები მათ შორის მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ პანკისში, დუისის მეჩეთში სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„მაჩალიკაშვილის საქმე - ეს არის ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მაჩალიკაშვილის ოჯახმა დასაკარგი უკვე დაკარგა, ფაქტობრივად მაგათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ ჩვენი შვილები და ახლობლები“, - განაცხადა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა (მურაზი გოდერძიშვილი) დუისის მეჩეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.