• მაჟორიტარი ოპონენტების გარეშე - მედიისთვის დახურული შეხვედრის შედეგები პანკისში

    პარასკევი, 03 აგვისტო 2018 18:50 view 3631
    მაჟორიტარი ოპონენტების გარეშე - მედიისთვის დახურული შეხვედრის შედეგები პანკისში

    პანკისელებმა ახმეტა-თელავის მაჟორიტართან ორსაათიანი დახურული შეხვედრა ისე დატოვეს, რომ პასუხი თითქმის არცერთ შეკითხვაზე მიუღიათ. გელა სამხარაულმა ჟურნალისტებს დარბაზი საუბრის დაწყებამდე დაატოვებინა და მიზეზად ადგილობრივების მოთხოვნა დაასახელა. მონაწილეთა ნაწილმა დეპუტატს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია. პანკისელი ახალგაზრდები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესა და ჰესების საკითხზე მაჟორიტართან შეხვედრას 7 თვე ელოდნენ.

    1-ელ აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება წინა დღეს დაანონსდა. ანონსის მიხედვით, მაჟორიტარი პანკისელ ახალგაზრდებს უნდა შეხვედროდა, თუმცა დუისის კულტურის სახლში ახალგაზრდებზე მეტნი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ.

    აქტივისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურობდნენ დარბაზიდან ჟურნალისტების გაყვანისას. ხალაწნისა და ომალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ფეტიმათ ბაღაკაშვილი, ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი სეიდ ციხესაშვილი, როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელი ლია მარგოშვილი და კიდევ რამდენიმე აქტივისტი მედიის თანდასწრებით შეხვედრაში მონაწილეობაზე საერთოდ უარს ამბობდა. ღია შეხვედრის მომხრე რამდენიმე ახალგაზრდამ მედიის გაძევება საჯაროდ არ გააპროტესტა და გადაწყვეტილების უფლება ისევ უმრავლესობას დაუტოვა.

    მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებს დარბაზის კართან ერთად ფანჯრებიც მიუხურეს, მაჟორიტარმა საუბარი პანკისში გატარებული ბავშვობითა და ხეობისადმი თავისი პატივისცემის მტკიცებით დაიწყო და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით გააგრძელა.  

    „თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით რა შემიძლია ვთქვა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი და მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ მათ სიცოცხლეს. ველოდები გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ - ასე უპასუხა დეპუტატმა მოგვიანებით ჟურნალისტების შეკითხვასაც.

    სპეცოპერაციის შემდეგ, ყველაზე მეტი დისკუსია ჰესების მშენებლობის საკითხს მოჰყვა.

    „აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ხეობაში ჰესები არ უნდა აშენდეს. იმიტომ, რომ ერთადერთი ბერკეტი რაც პანკისში არსებობს, არის ტურიზმის განვითარება. ჰესის მშენებლობა კი ამას ხელს შეუშლის“, - თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე, მაგამედ მარგოშვილმა, რომლის გამოსვლასაც მაჟორიტარმა ზოგადი განცხადებით უპასუხა.

    „ზაფხულის პერიოდში 2-3 თვე გვაქვს და დანარჩენი პერიოდის მანძილზე ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას და შესაბამისად,

    როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობაზეა საუბარი ერთ-ერთი ფაქტორი არის ენერგიიის წყარო ქვეყანაში. ზოგადად, ბუნებაში ნებისმიერი სახის ჩარევა, ეს ჰესი იქნება თუ გზა გაგვყავს, აზიანებს მას. მაგრამ, როგორც მივეჩვიეთ, რომ ტყის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, ისე არ შეგვიძლია ენერგიის გარეშე ცხოვრება“.

    გელა სამხარაულის თქმით, ის ჰესებთან დაკავშირებით ბოლომდე ინფორმირებული არ არის და არც გამართული საპროტესტო აქციების მოთხოვნებზე იცის რამე.

    პანკისელთა პროტესტის მიზეზი დეპუტატს შეხვედრის მონაწილემ, რამზან გორგიშვილმა განუმარტა, - „ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგნი არ ვართ. ეს არის ფაქტებზე დაყრდნობილი პროტესტი. ბევრი დარღვევა გამოვლინდა და ამაზე მიდის დავა სასამართლოში. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი სავსეა ხარვეზებით. კიდევ ის, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია გეოლოგიურ დასკვნამდე 20 დღით ადრე. და რა შემოგვთავაზეს? ჭებში წყალი თუ დაშრება, ამოგიტანთ და ჩაგისხამთო; თუ საძოვრები არ იქნება, თივას ამოგიტანთო. ასეთი აბსურდული, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი დაპირებებია. თქვენ ვერცერთ მხარეს ვერ დაიჭერთ, მაგრამ თქვენი შუამდგომლობა საჭიროა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მარტო მედიიდან არ ესმოდეს ამ პრობლემის შესახებ. ჩემი აზრით, ეს პროტესტი ასეთ სახეს არ მიიღებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები თავიდანვე რომ ჩამოსულიყვნენ და ესაუბრათ მოქალაქეებთან და არა რამდენიმე თვის მერე“.

    გელა სამხარაულმა რამზან გორგიშვილის გამოსვლა უპასუხოდ დატოვა და მომდევნო შეკითხვას დაელოდა.

    შემდეგი, პედაგოგი ლუიზა მუთოშვილი იყო, - „ყველა მთავრობა პანკისის ხეობაში ირჩევს თავის პრიორიტეტულ ჯგუფს. წინა მთავრობის დროს სალაფიტები იყვნენ, ახლა კიდე უხუცესები არიან. ჩვენ არც ერთის და არც მეორის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ როცა ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიდის მსჯელობა, ცალ-ცალკე არ უნდა ვესაუბრებოდეთ, შეხვედრას ყველა უნდა ესწრებოდეს“.

    ხეობის გარემოსდაცვით პრობლემებთან ერთად, პანკისელებს კიდევ ერთი საკითხი აღელვებდათ - დაახლოებით ერთი წლის წინ, გელა სამხარაული ახმეტაში გამართულ იმ აქციას ესწრებოდა, რომელზეც პანკისში ქრისტიანული სალოცავის დანგრევა გააპროტესტეს.

    დეპუტატმა აქციაზე მისვლა იმით ახსნა, რომ იქ მისთვის პეტიცია უნდა გადაეცათ, მომხდარი ჟურნალისტების მიერ მოგონილ პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია, მსგავსმა ამბავმა ქისტებისა და ქართველების ურთიერთობაში განხეთქილება შეიტანოს. მაჟორიტარს იქვე შეახსენეს, რომ მედიამ სალოცავის დანგრევის შესახებ ინფორმაცია ახმეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის მთავარ სპეციალისტზე, ელდარ ჭიჭიაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა, რაზეც სამხარაულმა უპასუხა, რომ ჭიჭიაშვილის განცხადებაზე არაფერი იცის.

    დარბაზიდან გამოსულმა მაჟორიტარმა უკმაყოფილო ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ შეხვედრის დახურვა არა მისი, არამედ ადგილობრივების ინიციატივა იყო, - „მე ვისთანაც შევთანხმდი თავიდან, რომ შევხვდებოდი, მათ მითხრეს, რომ უნდოდათ ჩემთან არაოფიციალური საუბარი იმ პრობლემებსა და საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ“.

    მოგვიანებით, რამდენიმე მონაწილე ჟურნალისტებთან აღნიშნავდა, რომ შეხვედრის დახურვამ პანკისელებს ფაქტობრივად არაფერი მოუტანა - დეპუტატისგან ისეთი არაფერი შეუტყვიათ, რასაც მედიის თანდასწრებით ვერ გაიგებდნენ.

    „ბატონმა სამხარაულმა მოითხოვა და მიმართა ჟურნალისტებს, რომ მათ დაეტოვებინათ დარბაზი. ჩვენ გვსურდა მეტი გამჭვირვალობა, რომ ღია ყოფილიყო იგი საზოგადოებისთვის და, შესაბამისად, საზოგადოებაც უფრო ინფორმირებული გახდებოდა,“ - უთხრა ჟურნალისტებს რამზან გორგიშვილმა.

    „შეხვედრა ეხებოდა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მაგალითად ჰესების თემა. ის მზაობა, რომ მას ხეობის ახალგაზრდებთნ უნდოდა შეხვედრა, მიმაჩნია, რომ დაგვიანებული იყო იმიტომ, რომ ის აქამდეც უნდა ყოფილიყო ხეობის მოსახლეობის გვერდით. მე დიდი მოლოდინები არ მქონდა. მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან“ - ასე შეაფასა შეხვედრა ლუიზა მუთოშვილმა.

    ბოლო თვეებში ხელისუფლების წარმომადგენლები პანკისელებს ძირითადად ჟურნალისტების გარეშე, დახურულ ფორმატში ესაუბრებიან. ახმეტის მაჟორიტარი, გელა სამხარაული ხეობის მცხოვრებლებს ბოლოს 2018 წლის 8 იანვარს შეხვდა. შეხვედრას ძირითადად მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ და პანკისში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობასა და ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებს განიხილავდნენ. შეხვედრა მედიისთვის მაშინაც დახურული იყო.

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]