პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოს მცხოვრებლებმა ჯოყოლო–დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზა პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე გადაკეტეს. მდინარე ალაზანზე ხიდის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა ხიდამდე მისასვლელ გრუნტის ვიწრო გზაზე, მშრალ და მზიან ამინდებში ტრანსპორტის მოძრაობის გამო ისეთი მტვერია, რომ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში გასვლაც უჭირთ. მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე სოფლების დუისისა და ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ფოლადის კონსტრუქციის მოსაწყობად 164 819 ლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 156 512 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 8 306 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა. სამუშაოები 2018 წლის 7 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.