პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, ოჯახის წევრებმა ცეცხლი როგორც კი შენიშნეს, 112-ში მაშინვე დარეკეს, მაგრამ სახანძრო მანქანა ახმეტიდან დაგვიანებით მივიდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი აპირებს გადახედოს თავის საქმიანობას და შესაძლოა, პანკისის ხეობაში აქტივობები შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.
„რომ გამოეძიებინათ ადრინდელი დანაშაულებები, მაგალითად, პოლიციას ცხვირწინ რომ ნაძვის ხე დაუწვეს შარშან, ეს აღარ მოხდებოდა. ეს არის შეტევა ყოველივე სიახლის, კულტურის, განათლების წინააღმდეგ“, – ასე გამოეხმაურა პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი, მწერალი ხასო ხანგოშვილი დუისის კულტურის სახლის დაწვის მცდელობას.
„ჩვენ აქ რა საქმიანობასაც ვეწევით, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ არის მისაღები. აქედან გამომდინარე, ფეისბუქის საშუალებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან გააქტიურდა აგრესია და მუქარები, მაგრამ საქმე თუ აქამდე მივიდოდა, მართლა ვერ წარმოვიდგინეთ“, – ამბობს ლუიზა მუთოშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ თანამშრომელი 3 იანვარს, პანკისის სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლის და ფონდის ოფისის დაწვა სცადეს.
დუისში 3 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამი ბექხან ფარეულიძე. იმამის განცხადებით, მომხდარის შედეგად ყველაზე მეტად ხეობაში მცხოვრები მუსლიმები დაზარალადნენ, რადგან გრძელდება მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს.
დღეს, 13:00 საათზე, პანკისში, დუისის კულტურის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.