რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და რისი გაკეთებაა შესაძლებელი სტუდენტთა სოციალური დაფინანსების მხრივ – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „რადიოკაფე“ განათლების სპეციალისტმა, სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს სტუდენტები წარმოადგენენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან დაბალშემოსავლიანი სტუდენტები; ისინი, ვინც პანდემიამდე პერიოდში თავიანთი ხელფასით იხდიდნენ სწავლის საფასურსა და საცხოვრებლის ქირას. ბოლო წლის განმავლობაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნით მთავრობას პეტიციებით მიმართეს.