სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სუს-ის განცხადებით, „დადგენილია“ კავშირები ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ჯგუფსა და 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს შორის, რომლებსაც ბრალად ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ხელისუფლებას მიმართავს, 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირების ცხედრები, რომელთა შორის ახმედ ჩატაევიც არის, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს გადასცენ. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი პანკისის ხეობის და ჩეჩენი ერის სახელით მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოხდეს ამ ცხედრების გადმოცემა ჩვენთვის“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში.
„ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.