ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 24 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივიდან 3 პანკისის ხეობაშია. კოოპერატივი „ურთანაული“ სოფელ ძიბახევში მეფუტკრეობას მისდევს, „სპეროზა“ და „პანკისი 2015“ კი სოფელ დუისში რეგისტრირებული მესაქონლეობის კოოპერატივებია. „პანკისი 2015-ის“ თავმჯდომარე ნოდარ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არსებულ კოოპერატივებს განვითარებაში უშლის ხელს.
22 მარტის ჩანაწერი (2017 წ) – მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც.