10 იანვარს ერთი წელი გავიდა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან. 19 წლის ახალგაზრდას 2017 წლის 26 დეკემბერს, შუაღამეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში შუბლი სპეცრაზმმა გაუხვრიტა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და კომპიუტერული კვლევა უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მაჩალიკაშვილების სახლში ახალგაზრდა დაიჭრა. ოჯახის წევრების განცხადებით, დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილია, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. კატასტროფის ბრიგადამ ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანა.
პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში დაახლოებით 04:00 საათიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ხელისუფლებას მიმართავს, 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირების ცხედრები, რომელთა შორის ახმედ ჩატაევიც არის, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს გადასცენ. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი პანკისის ხეობის და ჩეჩენი ერის სახელით მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოხდეს ამ ცხედრების გადმოცემა ჩვენთვის“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში.
„ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.