„საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცეებს უნდა მოეთხოვოთ, ვინც ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მოდით, ეს იყოს ერთი უკან დახევა ინვესტორის მხრიდან, კეთილი ნაბიჯი, რომ არ უჩივლოს მას, ვინც ცეცხლი მოუკიდა მის ტრაქტორს. ასე ტრაქტორების დაწვით და ა.შ. საქმე არ გაკეთდება“, - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარედ გუშინ აირჩიეს. მისი ყოველთვიური ხელფასი 12 ათას ლარს აღემატება.
პანკისის ხეობაში 27 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა სავარაუდოდ ნოემბერში დაიწყება. როგორც კომპანია „ფერის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, „ხადორი 3“-სგან განსხვავებით, „სამყურისწყალი 2 ჰესი“ დასახლებული პუნქტიდან 15 კილომეტრით იქნება დაშორებული.
11 სექტემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, სოფელ დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ახალგაზრდული ცენტრის ოფისში, პანკისის დემოკრატიის სკოლის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის პროგრამის და სწავლებასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები გერმანიის ხელისუფლებისგან ითხოვენ, პასუხისგებაში მისცეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილს, რომელიც გუშინ, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს, გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი. მოკლულის ახლო ნათესავების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ზელიმხან ხანგოშვილი 40 წლის იყო.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადასტურებენ გვიან საღამოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიაში პანკისელი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გერმანული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე პოლიციას სავარაუდოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული.