შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 14:00 საათზე, სოფელ ჯოყოლოში მინისტრი ახალგაზრდებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები უხუცესთა კავშირისა და ქალთა საბჭოს წარმომადგენლებთანაც.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიო, რომელიც დაპირისპირებას მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აშუქებდა, გიამბობთ, რამ გამოიწვია შეტაკებები, რატომ იმატებდა დაძაბულობა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
პანკისელი ახალგაზრდები თბილისში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს შეხვდნენ. პატრიარქთან შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა, მინისტრთან კი მთავარობის კანცელარიაში.
„რა თქმა უნდა, პანკისის მოსახლეობას შევხვდები და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობისთვის აქტუალურია. მათ შორის იმაზეც, თუ რა საქმიანობაა დაგეგმილი მომავალში ხეობის განვითარებისთვის“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, პანკისის სახალხო კრების მიმართვაზე საპასუხოდ.
პანკისის სახალხო კრება, რომელიც პანკისელი უხუცესებისა და ახალგაზრდების გაერთიანებაა, მიმართავს ხელისუფლებას, საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში. პანკისის სათემო რადიო მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
თამაზ ბაღაკაშვილი პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერია. წლების განმავლობაში ის ხეობაში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო. 21 აპრილს, პანკისში, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის მომხდარი შეტაკებისას, მთავრობის წევრებთან მოლაპარაკების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. „თუ დაიწყო ერთი კაცის აყვანაც, მე ვფიქრობ, მთელი ხალხი ეყოლებათ ასაყვანი იმიტომ, რომ ვინც მაშინ პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, ახალგაზრდობის 90%-ი მონაწილეობდა ამ არეულობაში. არ არსებობს ახალგაზრდა, ან ქვა არ აეღო ან ჯოხი“, - ამბობს თამაზ ბაღაკაშვილი შს მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას. მინისტრმა გახარიამ თქვა, რომ ყველა, ვინც იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, პასუხს აგებს.